ძაღინის სამაროვანი

ძაღინის სამაროვანი — ადრინდელი ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური ძეგლი. მდებარეობს ცხინვალიდან დაბა ყორნისისაკენ მიმავალ გზაზე. გათხარეს 1951 წელს (ბორის კუფტინი). სამაროვნის ტერიტორია არხით იყო გაჭრილი აღმოსავლეთ და დასავლეთ უბნებად. ქვაყრილიანი სამარხები ერთმანეთისაგან განსხვავდებოდნენ დაკრძალვის წესითა და სამარხეული ინვენტარით. აღმოსავლეთ უბანზე მიცვალებული პირდაპირ მიწის ზედაპირზე ესვენა და ზემოდან ქვაყრილი ჰქონდა გაკეთებული. დასავლეთ უბანზე კი საგანგებოდ გაკეთებულ ორმოში იწვა და შემდეგ ქვა ჰქონდა დაყრილი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თითო-ოროლა თიხის ჭურჭელი, ლითონის სამკაული, იარაღი. ბორის კუფტინის აზრით, ძაღინის სამაროვანზე სხვადასხვა დროის ორი სამაროვანი იყო. დასავლეთი უბანი განეკუთვნება ძვ. წ. 2400-2300 წელს, ხოლო აღმოსავლეთი უბანი - ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულს ან III-II ათასწლეულების მიჯნას.

1953 წელს ძაღინის სამაროვნის დასავლეთ უბანზე გათხარეს (ოთარ ჯაფარიძე) ერთი სამარხი. დასავლეთ უბნიდან 13 მეტრზე გამოვლინდა ორმოები, რომლებშიც ნახშირი, თიხის ბათქაშის ნატეხები და ჭურჭელი ეყარა. ერთ-ერთ ორმოს ჯვრისებური მოყვანილობის გაპრიალებული იატაკი ჰქონდა. ბორის კუფტინის აზრით, ორმოები დაკრძალვის კულტს უკავშირდება.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფანცხავა ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 264.
  • „საქართველოს არქეოლოგია“ / რედ: აფაქიძე ა., თბილისი: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1959. — გვ. 103.