ციხისჯვარი (ციხესიმაგრე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ციხისჯვარი.

ციხისჯვარი — ისტორიული ციხესიმაგრე სამხრეთ საქართველოში, თორში, მდინარე შავიწყლის სათავეებთან, მის მარჯვენა ნაპირზე სოფელ ციხისჯვარში (ახლანდელი ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორია).

ყოფილი ციხესიმაგრის ადგილას დღეს ბერძნული ეკლესია დგას

ისტორია რედაქტირება

ტოპონიმი ციხისჯვარი ქართულ ნარატიულ წყაროებში XI საუკუნიდან იხსენიება. „მატიანე ქართლისაის“ ავტორი მოგვითხრობს რა კლდეკარის ერისთავის - ლიპარიტ ბაღვაშის განდგომის ამბავს, იქვე დასძენს:

 
„გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერ, ერისთავი არტანუჯისაი, და ხიხათა და ციხისჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი.“

ამავე წყაროში მემატიანე გვაუწყებს რა სულა კალმახელის მიერ დლივში ლიპარიტ ბაღვაშის შეპყრობასა და მისი ბაგრატ IV-სათვის გადაცემას, ამბობს:

 
„მოვიდა ბაგრატ და ამის სამსახურის ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხისჯუარი და ოძრე ბოდკლდითა და სხუაცა მრავალი საქონელი.“

თავდაპირველად ციხისჯვარი აბუსერ ერისთავის იურისდიქციაში იყო მოქცეული. მან ბაგრატ მეფისა და კლდეკარის ერისთავის ლიპარიტ ბაღვაშის დაპირისპირებაში ამ უკანასკნელის მხარე დაიჭირა. როცა მესხმა ფეოდალმა სულა კალმახელმა ლიპარიტ ბაღვაში შეიპყრო, საქართველოს მეფემ აბუსერ ერისთავს ციხისჯვარი წაართვა და ერთგული სამსახურის სანაცვლოდ სულა კალმახელს გადასცა. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი ციხისჯვარელთა ფეოდალურ სახლს.

1261 წელს მონღოლთა სარდალი არღუნი სამცხეს შემოესია და ციხისჯვრის ციხეს შემოადგა. ჟამთააღმწერლის მიხედვით:

 
„არღუნი მოადგა ციხისჯუარსა, და უწყო ბრძოლა ძლიერად, რამეთუ არა ზღუდითა მტკიცითა განსრულებულ იყო. ხოლო ციხეს მყოფნი ძლიერად ბრძოდეს და მრავალი კაცი მოკლეს, და დიდად ავნებდეს გარეთ მყოფთა, დღისით და ღამით განვიდიან და ადგილ-ადგილად მოსწყდიან. და ვითარ იხილა სიმტკიცე ციხისჯუარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წარვიდა.“

როგორც ისტორიკოსი მოგვითხრობს, არღუნმა დაუწყო ბრძოლა ციხისჯვრის ციხე-სიმაგრეს, რომელსაც გარშემოვლებული კედელი დასრულებული არ ჰქონდა. მიუხედავად ამისა, ქართველების თავდადებამ აიძულა მონღოლები უკან გაბრუნებულიყვნენ. აქ ერთ ფრიად საყურადღებო ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას მემატიანე, რომ ციხისჯვრის ციხე ეკლესიის ციხეს წარმოადგენდა.

გვიან შუასაუკუნეებში ციხისჯვარი ავალიშვილთა ფეოდალური ოჯახის ხელშია. XVI საუკუნეში, როცა ოსმალები სამცხეს-საათაბაგოს თანადათანობით იპყრობენ, ციხისჯვარი გოგორიშვილთა ფეოდალური სახლის წარმომადგენელმა ბეჟან გოგორიშვილმა წაართვა მათ და ოსმალთა ფაშას გადასცა. ბერი ეგნატაშვილის ცნობით:

 
„გოგორიშვილმან ბეჟან ციხისჯუარი უკუ იჭირა და მოსცა ფაშასა.“

ვახუშტი ბატონიშვილი ციხისჯვრის ციხის შესახებ აღნიშნავს:

 
„სადგერს ზეით, დასავლით, არს დაბა თორი, მას ზეით ციხისჯუარი, და ციხე მისი შავ-წყალსა ზედა.“

აღწერა რედაქტირება

ციხისჯვარის ციხე-დარბაზი აგებულია მდ. შავწყალას სათავეებთან, მის მარჯვენა ნაპირზე, უფრო კონკრეტულად, ამოზიდულ კლდოვან ბორცვზე. ამჟამად ციხე ნანგრევს წარმოადგენს და ძნელია მისი პირვანდელი სახის დადგენა. როგორც ჟამთააღმწერლიდან გავიგეთ, ციხე-სიმაგრეში ყოფილა ეკლესია, რომელიც დაუნგრევიათ და ახალი ტაძრის ასაგებ მასალად გამოუყენებიათ.

1873 წელს ძველი ქართული მართმადიდებლური ეკლესიის საძირკველზე ბერძნული მართმადიდებლური ტაძარი ააგეს. სერგი მაკალათიას დროს ბერძნული ეკლესიის შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს, ქვემოთ ჩატანებული იყო ნუსხურ წარწერიანი და ორნამენტირებული რუხი ფერის ქვა. ახლად აშენებული ტაძრის თავზე ჩასმული მარმარილოს ქვა გვაუწყებს, რომ საყდარი წმ. თეოდორე ტირონელისა, აგებულია მცხოვრებთა საკუთარი სახსარით 1873 წელს გადმოსახლებული ტრაპიზონის ვილაიეთიდან 1861 წელს, იმპერატორი ალექსანდრე ნიკოლოზის ძის დროს.

1879 წელს ციხისჯვრის ნაციხარზე სამრეკლოც დაუშენებიათ, რაც აძნელებს წარმოვიდგინოთ ციხის ადრინდელი გეგმა. ციხისჯვრის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო სამცხის, ჯავახეთის, სადგერის ხეობისა და გუჯარეთის ხეობის შესაყარზე.

ლიტერატურა რედაქტირება

  • აბულაძე ვ., ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო., თბ., საბჭოთა საქართველო., 1983
  • ბერძენიშვილი დ., ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი – ჯავახეთი., თბ., 1985
  • ბერძენიშვილი დ., ციხისჯვარი, თბ., 1987
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • თაყაიშვილი ექ., სამი ისტორიული ხრონიკა (ქართლის მოქცევის, სუმბატისა ბაგრატიონების შესახებ და მესხური დავითნისა) თბ., 1890
  • კლდიაშვილი დ., ჯაყელ-ბოცოსძეთა საგვარეულოს ისტორიისათვის (XI-XII სს.), საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მაცნე, #3, თბ., 1979
  • მაკალათია ს., ბორჯომის ხეობა, თბ., 1957