ჩუკოტკის მთიანეთი

ჩუკოტკის მთიანეთი (რუს. Чукотское нагорье) — მთიანეთი რუსეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ჩუკოტკის ავტონომიურ ოკრუგში. წარმოადგენს ძლიერ დანაწევრებული საშუალომთიანი და დაბალმთიანი ქედებისა და მასივების ერთობლიობას, რომელიც თითქმის 450 კილომეტრზე ვრცელდება აღმოსავლეთ ციმბირის ზღვის ჩაუნის უბის აღმოსავლეთი სანაპიროდან ბერინგის ზღვის დასავლეთ სანაპირომდე.[1]

ჩუკოტკის მთიანეთი
კოორდინატები: 67° ჩ. გ. 176° ა. გ. / 67° ჩ. გ. 176° ა. გ. / 67; 176
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ტერიტორიული ერთეული ჩუკოტკის ავტონომიური ოკრუგი
უმაღლესი წერტილი ისხოდნაია
სიმაღლე 1887 
სიგრძე 450 კმ
ჩუკოტკის მთიანეთი — რუსეთი
ჩუკოტკის მთიანეთი

უმაღლესი ადგილის სიმაღლეა 1887 მ (ჩანტალის ქედი, მთა ისხოდნაია). გამოიყოფა ეკვივატაპის ქედი (1522 მ), პეგტიმელის ქედი (1810 მ), ჩანტალის ქედი (1843 მ) და შელაგის ქედი (1105 მ). ჩრდილოეთის ქედები ძირითადად აგებულია ქვიშაქვებით, თიხაფიქლებითა და გრანიტებით, უფრო სამხრეთით გაბატონებულია ვულკანური ქანები.[1]

კლიმატი სუბარქტიკულია, მკაცრი, დამახასიათებელია ხანგრძლივი, ძალზე ცივი ქარბუქიანი ზამთარი და მოკლე გრილი ზაფხული. აღმოსავლეთით ხშირია ნისლი. ატმოსფერული ნალექების წლიური რაოდენობა უდრის 250–400 მმ-ს.[2]

ჩუკოტკის მთიანეთი ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანისა და წყნარი ოკეანის მდინარეების წყალგამყოფია. კალთების ქვედა ნაწილში მთის ტუნდრის ლანდშაფტებია, მწვერვალებზე კურუმები.[1]

ფართოდ არის გავრცელებული მრავალწლოვანი მზრალობა. არის ოქროს, კალისა და ვერცხლისწყლის საბადოები.[1]

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Чукотское нагорье | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-06-30. ციტირების თარიღი: 2021-01-11.
  2. География. Современная иллюстрированная энциклопедия. — М.: Росмэн. 2006.