ჩანდრაგუპტა მაურია

ჩანდრაგუპტა მაურია (ჰინ. चन्द्रगुप्त मौर्य) — ძველი ინდოეთის მმართველი ძვ. წ. 317–293 ან ძვ. წ. 324–300 წლებში, მაურიების დინასტიის (IV–II საუკუნეები) დამაარსებელი. ისარგებლა დასავლეთ ინდოეთში ანტიმაკედონური აჯანყებებით, აღმოსავლეთში ნანდების არაპოპულარული დინასტიის წინააღმდეგ სახალხო მღელვარებით და კონტროლი დაამყარა ჩრდილოეთ ინდოეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. 305 წელს იბრძოდა სელევკიდების მეფის სელევკე I ნიკატორის წინააღმდეგ, რომელთანაც ბოლოს ზავი გააფორმა. სელევკეს ელჩმა, მეგასთენემ თავის ჩანაწერებში („ინდიკა“) შემოინახა ცნობები დედაქალაქ პატალიპუტრაში ყოფნის შესახებ; მათში ავტორი ჩანდრაგუპტა მაურიას სახელმწიფოს ცენტრალიზებულ და კარგად მართულ იმპერიად ახასიათებს. ჩანდრაგუპტას მრჩეველი კაუტილია (ჩანაკია) ავტორია თეორიული ნაშრომისა „ართაშასტრა“ („პოლიტიკის ხელოვნება“), რაც წარმოდგენას ქმნის ინდოეთის მართვის იმდროინდელ მეთოდებზე. ჯაინისტური წყაროების თანახმად, 24-წლიანი მმართველობის შემდეგ ჩანდრაგუპტა მაურიამ, როგორც ღვთისმოსავმა ჯაინმა, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (უარი თქვა ჭამაზე).[1]

ჩანდრაგუპტას იმპერია მისი ძლიერების პიკში.

სქოლიო რედაქტირება

  1. Котин И. Ю. Чандрагупта Маурья // Большая российская энциклопедия. т. 34. — М., 2017. — стр. 401.