შიბლიანის ღვთისმშობლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი საქართველოში

შიბლიანის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ შიბლიანის ზემოთ. თარიღდება XVII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნის დასაწყისით.

ეკლესია დარბაზულია (10,X6,4 მეტრი). ნაგებია რიყის ქვითა და აგურით. კედლები ძირითადად რიყის ქვისაა. ძირითადად თანაბარი ზომისაა წვრილი და თარაზულ რიგებადაა დაწყობილი. კონსტრუქცია და არქიტექტურული ელემენტები და მოყვანილია აგურით. კედლები შიგნით და გარედან შელესილი და შეთეთრებულია ყოფილა.

შესასვლელი ორია: სამხრეთიდან და დასავლეთიდან. აღმოსავლეთით კი ღრმა ნახევარწრიული აფსიდია, რომელშიც თაღოვანი სარკმელია და ოთხი ნიშაა. ნიშებიდან ერთი სარკმლის ქვემოთაა, ერთი სარკმლის სამხრეთით, აფსიდის შესაბამისი ბოლოსთან, ხოლო ორი ჩრდილოეთით. სარკმლის ქვემოთ მდებარე ნიშა გეგმით ნახევარწრიულია, დანარჩენები სწორკუთხა. ჩრდილოეთით მდებარე ნიშებიდან ერთი, რომელიც მეორე ნიშასთან შედარებით ბევრად უფრო მცირე ზომისაა ოთხკუთხაა, მეორე — თაღოვანი. თაღოვანია დანარჩენი ნიშებიც. აღმოსავლეთი ნიშის ქვემოთ კედელზე მიყრდნობილი დაბალი ოთხწახნაგა ტრაპეზი დგას.

აფსიდი დარბაზისგან წყვილი პილასტრითა და მათზე გადაყვანილი, ნახევარწრიული თაღითაა გამოყოფილი. გრძივ კედლებზე თითო მარტივი პილასტრია, რომლებიც შესაბამისს კედლებს ორ, თითქმის თანაბარი სიგანის ნაწილად ყოფს. პილასტრების გვერდებზე არც თუ ისე მაღალი, თითო ბრტყელი ნიშაა. აღმოსავლეთით ნიშებში სარკმელია გაჭრილი. დასავლეთ ნიშებიდან კი ჩრდილოეთით მდებარე — ყრუა. სამხრეთით მდებარეში კი შესასვლელია მოთავსებული. პილასტრები დასავლეთ კუთხეებშიცაა. მათ შესაბამისი კედლის მიმდებარე თაღი ეყრდნობა. დარბაზი გადახურულია ნახევარ ცილინდრული კამარით, რომელიც აფსიდის თაღის გარდა, კიდევ ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა. მათგან ერთი კამარის შუაშია, პილასტრების ასწვრივ. მეორე კი — დასავლეთ კედელთან.

აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის ზემოთ, გვერდი-გვერდ განლაგებული, შეღრმავებული ჯვრის სამი გამოსახულებაა. განაპირა ჯვრები რამდენამდე მაღალია. ისინი დაყრდნობილია იგივე პროფილის მქონე, ჰორიზონტალურ ზოლზე. რომელიც მათ ერთმანეთთან აკავშირებს. მათ შორის მოთავსებული თვალი კი დაბალ საფეხუროვანი პოსტამენტზე დგას. დასავლეთ ფასადზე შესასვლელი ოდნავ შეისრულ თაღითაა გადახურული, რომლებიც ჩასმულია კედლის სიბრტყეში ათიოდე სანტიმეტრით შეღრმავებულ, ხერხულა ფრიზით დასრულებულ სწორკუთხა არეში. შესასვლელის ასწვრივი კედლის სისქეში ირიბად შეღრმავებული, ოთხკუთხა სარკმელია. მსგავსადაა გადაწყვეტილი დანარჩენი სარკმლებიც. ოღონდ ისინი თაღოვანია. სამხრეთ შესასვლელიც როგორც ჩანს თაღლითი იყო დასრულებული და დასავლეთ შესასვლელის მსგავსად ჩასმული იყო შეღრმავებულ ხერხულა ფრიზით დასრულებულ არეში (შემორჩენილია მცირე ნაწილი). კარის გვერდებზე ერთ ვერტიკალზე განლაგებული, სამ-სამი რომბია. კედლები დასრულებულია მაღალი, ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომლებიც კუთხით შვერილი და ჩვეულებრივად დაწყობილი აგურით გამოყვანილი, თითორიგიანი შრეების მონაცვლეობისგან შედგება.

ლიტერატურა რედაქტირება