შამქორის ბრძოლა (1010)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შამქორის ბრძოლა.

შამქორის ბრძოლა — დაპირისპირება საქართველოს სამეფოსა და განძის საამიროს ლაშქარს შორის, დაახლოებით 1010-1011 წლებში.

„მატიანე ქართლისაჲს“ ცნობით, განძის ამირა ფადლონი (ალ-ფადლ I ბ. მუჰამადი) მარბიელი თავდასხმებით მოსვენებას არ აძლევდა კახეთ-ჰერეთს, რომელიც საქართველოს მეფე ბაგრატ III-ს ახალი შემოერთებული ჰქონდა. ბაგრატმა ანისის სომეხ მეფე გაგიკ I-თან ერთად ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობა მოაწყო. მოკავშირეები ერთმანეთს ძორაგეტში შეხვდნენ და ფადლონის წინააღმდეგ დაიძრნენ. ბაგრატმა „წარმოტყუენა“ რანის ქვეყანა, ციხე-ქალაქ შამქორს (ქართული წყაროებით: შანქორი) შემოეწყო და საალყო მანქანებით („ფილაკავანნი“) დაუნგრია გალავანი. ამის შემდეგ ბაგრატი შამქორის იერიშს გეგმავდა, მაგრამ ფადლონის ელჩებმა მას ზავი სთხოვეს: ამირა მორჩილებას, ხარაჯის გადახდას და სამხედრო მოკავშირეობას პირდებოდა. ბაგრატი ბრძოლის გაგრძელებას აპირებდა, მაგრამ დიდებულებმა ურჩიეს, რომ სხვა საბრძოლო მოქმედებებისათვის ძალა აღარ ეყოფოდათ და მეფე ზავზე დაითანხმეს. ბაგრატი დიდი ძღვენით საქართველოში დაბრუნდა.

ქართველ მეფეთა კონფლიქტი ფადლონთან ამით არ დასრულებულა: „დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოჲსათა“, რის გამოც ბაგრატ IV-ის მეფობის დასაწყისში ქართველებს კიდევ ერთხელ მოუხდათ მის წინააღმდეგ გალაშქრება (ეკლეცის ბრძოლა).

ლიტერატურა რედაქტირება

  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 272-273
  • ჯაბა სამუშია. „ბაგრატ III-ის ლაშქრობა განძის საამიროს წინააღმდეგ“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები IV, გამომცემლობა „მერიდიანი“, თბილისი, 2011: გვ. 100-117