შალვასეული ქარვისფერი

შალვასეული ქარვისფერი — ქართული თეთრყურძნიანი სელექციური სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიში.

გამოყვანილია 1945 წელს სელექციონერ ვასილ ბესტავაშვილის მიერ შასლასა და ჩინურის შეჯვარებით.

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან ოდნავ მოგრძო ფორმის, ხუთნაკვთიანი, ღრმად დანაკვთული. ფოთლის ქვედა მხარე დაფარულია მოკლე ჯაგრისებრი შებუსვით. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალოზე დიდი ზომისაა, კონუსური ან ცილიდრულ-კონუსური ფორმის, მხრიანი, საშუალო სიკუმსის ან კუმსი. გვხვდება მეჩხერი მტევნებიც. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი ან მომრგვალო ფორმის, მომწვანო-მოყვითალო, მზის მხარეზე ქარვისფერ-მოყავისფრო ლაქებით. კანი თხელი ან საშუალო სისქისაა, ადვილად სცილდება რბილობს. რბილობი საკმაოდ წვნიანი და ხორციანია, ტკბილი და სასიამოვნო გემოთი.

შალვასეული ქარვისფერი სიმწიფის საადრეო პერიოდის სასუფრე-საღვინე ვაზის ჯიშია. სრულ სიმწიფეში სექტემბრის პირველ ნახევარში შედის. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19%-ს, ხოლო მჟავიანობა — 6.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება როგორც სასუფრედ, ასევე მაღალხარისხიანი სუფრის თეთრი მშრალი ღვინის დასამზადებლად. ღვინო ღია-ჩალისფერია, ზომიერი სხეულით, ხალისიანი სიმჟავითა და ჰარმონიული გემოთი.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 563