შალაურის სვეტიცხოვლის ეკლესია

შალაურის სვეტიცხოვლი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი სოფელ შალაურის სამხრეთით, სამიოდე კილომეტრზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით.

შენობის გეგმის გარეგან სწორკუთხედში (9x6,75 მ) ჩაწერილია გვერდიგვერდ განლაგებული ორი ნავი. მათ შორის ერთ, სამხრეთით მდებარე, რომელიც უფრო განიერი და მაღალია, ერთიანია. ჩრდილოეთით მდებარე კი, განივი კედლით, ორ არათანაბარ სადგომადაა გაყოფილი. აღმოსავლეთ სადგომი განცალკევებულია, დასავლეთისა კი, ორი, განიერი, თაღოვანი მალით, სამხრეთ ნავთანაა დაკავშირებული.

ეკლესია, ძირითადად, ლოდებითაა ნაგები. წყობაში მცირე ზომის, რიყის ქვა და ნატეხი ქვებიცაა გამოყენებული. გარეთა კუთხეები მოზრდილი, მეტ-ნაკლებად შერჩეული ქვებითაა გამოყვანილი, რომელთა წყობა ირეგულარულია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს. ორივე მთავარი ნავის კედლებში. დასავლეთით და სამხრეთით, არის გაჭრილი. დასავლეთ შესასვლელი თავდაპირველია, გადახურულია თარაზულად. ამჟამად მსგავსადაა გადახურული სამხრეთ შესასვლელიც. მთავარი ნავი აღმოსავლეთით დასრულებულია ღრმა, ნალისებრი აფსიდით, რომლის ცენტრში პარალელურწირთხლებიანი სარკმელია გაჭრილი.

ჩრდილოეთ ნავის აღმოსავლეთ სადგომი გეგმით თითქმის კვადრატულია, გადახურულია ცილინდრული კამარით. აღმოსავლეთ კედლის შუაში დაბალი, პარალელურწირთხლებიანი, სწორკუთხა სარკმელია, რომლის ქვემოთ დგას კედელზე მიყრდნობილი, ოთხკუთხა ტრაპეზი. სადგომი დასავლეთ კედელში სწორკუთხა კარია, რომელიც დასავლეთ სადგომში გადის. დასავლეთ სადგომი, აღმოსავლეთ სადგომთან შედარებით, ორჯერ უფრო გრძელია და მთავარ ნავს ორი, ნახევარწრიული თაღით უკავშირდება, რომლებიც კვადრატული გეგმის ბურჯს ეყრდნობიან. ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაგებობების კვალი შეიმჩნევა.

1990 წელს, ინსტიტუტ „საქართველოს რესტავრაციის“ მიერ, ძეგლზე ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები: შემორჩენილი, ფაქტობრივი მასალის საფუძველზე მთლიანად აღადგინეს ჩედილოეთ ნავი, მოაწყეს ბეტონის თაროსებრი ლავგარდანი და ნავი ღარისებრი კრამიტით გადახურეს; აღადგინეს ნავების დამაკავშირებელი თაღედის დასავლეთ მალი, არასრულად აღადგინეს მთავარი ნავის კედლები. სამხრეთ კედლის შუა ნაწილში მოაწყვეს ოთხკუთხა შესასვლელი.

ლიტერატურა რედაქტირება