შავი კუნელი — შავ კუნელს მას ნაყოფის გამო უწოდებენ. ეს 3-8 მეტრის სიმაღლის ხეა, თუმცა ხანდახან გვხვდება 12 მეტრიანიც, რომელსაც ეკლებით დაფარული ტოტები აქვს.

შავი კუნელი

შავი კუნლის ფოთლები სხვადასხვა მოყვანილობისაა. საყვავილე ყლორტებზე განვითარებული ქვედა ფოთლები სამნაკვთიანია, ხოლო დანარჩენი ფრთისებრ დაყოფილია 5-7 ბლაგვ ან წაწვეტებულ ნაკვეთებად. უნაყოფო ყლორტების ფოთლები უფრო დიდი ზომისაა და უფრო ღრმად განკვეთილი.

ყვავილობას შავი კუნელი დაბლობებზე მაისში იწყებს, ხოლო მთებში — ივნისში. ძალიან ლამაზი სანახავია აყვავებული კუნელი.

შავი კუნელი საქართველოში ყველგან იზრდება, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ვაკისა და მთის ტყეებში შუა სარტყლამდე.

შავი კუნლის ნაყოფი იჭმება, ზოგან გამხმარ ნაყოფებს ფქვავენ, ურევენ პურის ფქვილში და ტკბილ კვერებს აცხობენ. ნორჩი ფოთლისაგან ჩაისებრი სასმელები მზადდება.

შავ კუნელს მერქანი მაგარი აქვს, მკვრივი, ადვილად მუშავდება და გამოდგება წვრილმანი ნივთების დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „საქართველოს მცენარეთა სამყარო“, თბ., 2009