ქვემო დუნაის ვაკე, რუმინეთის დაბლობი (რუმ. Câmpia Română) — ვაკე რუმინეთსა და ბულგარეთის ჩრდილოეთ ნაწილში, კარპატებსა და ბულგარეთის პლატოს შორის. სიგრძე 560 კმ. ზედაპირი დახრილია 150-200 მ-იდან (დასავლეთით) 10-50 მ-მდე (აღმოსავლეთით). წარმოადგენს ტექტონიკური გაღუნვის არეს, რომელიც ამოვსებულია მეზო-კაინოზოური ნალექებით. დაფარულია პლეისტოცენური ასაკის ალუვიონითა და ლიოსით. ზედაპირი ბორცვიანია, დანაწევრებულია ხევ-ხეობებითა და ხრამებით. კარპატების მთისწინეთში არის გამოზიდვის კონუსები. დუნაის ხეობაში და დელტაში ჭაობები და ტბებია. ჰავა ზომიერია, კონტინენტური. იანვრის საშუალო ტემპერატურა –1, –3°C, ივლისის 22-23°C. ნალექები 400-600 მმ წელიწადში. ზაფხული გვალვიანია. ქვემო დუნაის ვაკე თითქმის მთლიანად დახნულია. წყალგამყოფებზე შემორჩენილია მუხის ტყის რაყები. ჭალებში ტირიფნარი, მურყნარი, ვერხვნარი და ჭაობებია. ქვემო დუნაის ვაკეზეა რუმინეთის დედაქალაქი ბუქარესტი.

ქვემო დუნაის ვაკე

ლიტერატურა რედაქტირება