ქერცლფრთიანები, პეპლები (ლათ. Lepidoptera < ძვ. ბერძნ. λεπίς [lepis] — „ქერცლი“ და πτερόν [pteron] — „ფრთა“) — მწერების მრავალრიცხოვანი რიგი (140000-ზე მეტი სახეობა). აქვთ 2 წყვილი ფრთა, რომლებიც მთლიანად ან ნაწილობრივ დაფარულია ქერცლით, მწუწნავი პირის აპარატი (ხორთუმი). სხეული დაფარულია ბეწვით ან ქერცლით. ახასიათებთ სრული გარდაქმნა. მატლს — მუხლუხოს აქვს მღრღნელი ტიპის პირის აპარატი. ჭუპრის სტადია მკვეთრად არის გამოხატული. ქერცლფრთიანები სხვადასხვა ზომისანი არიან. ყველაზე დიდია სამხრეთ ამერიკული ხვატარი [Erebius (Thysania) agripanal], რომლის ფრთების შლილი 30 სმ აღწევს. საქართველოში ყველაზე დიდია ფარშავანგთვალასებრნი (Attacidae — 12-14 სმ) და ბრამეასებრნი (Brahmaedidae — 9-10 სმ). არსებობენ ციცქნა ფორმებიც (ციცქნა ჩრჩილისებრნი — Stigmellidae), რომელთა ფრთების შლილი 3 მმ-ს აღწევს.

ქერცლფრთიანები
Morpho peleides
Morpho peleides
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ლათინური სახელი
Lepidoptera

ქერცლფრთიანებს ახასიათებს მკვეთრი შეფერილობა და მოხატულობა. ამას ორმაგი ბიოლოგიური მნიშვნელობა აქვს — ურთიერთშეცნობისა (დღის პეპლებისათვის) და დამცველობითი. ქერცლფრთიანები მიმიკრიისა და მიმეტიზმის საუკეთესო მაგალითს იძლევიან. უმრავლესობა ღამის ან ბინდის მწერია, გამონაკლისია დღის პეპლები და ზოგიერთი სხვა ჯგუფის წარმომადგენლები. იკვებებიან ყვავილების ნექტრით, მცენარეთა გამონაჟურით, დამპალი ხილის წვენით. ზოგიერთი (ბუდოსნები, პარკხვევიასებრნი, ქოჩორები) ზრდასრულობის ასაკში აღარ იკვებება და ჯერ კიდევ მატლის სტადიაში დაგროვილი ცხიმოვანი ქსოვილების ხარჯზე ცხოვრობს. ქერცლფრთიანებს გააჩნია ე. წ. ხორთუმი, რომელიც შედგება ღარივისებრი, ძლიერ გამოწეული და მილივით შეკავშირებული გარეთა ლაპოტებისაგან, რომელშიც შეიწოვება საკვები. პირის დანარჩენი ნაწილებისაგან შენარჩუნებული აქვთ ქვედა ტუჩის წყვილი საცეცი. ზოგჯერ ხორთუმი განუვითარებელია და არ გამოიყენება საკვების მისაღებად (პარკხვევიასებრნი, აბრეშუმხვევიასებრნი, ფარშავანგთვალასებრნი), ან სრულიად გამქრალია (წმინდადმახვიარასებრნი). გამონაკლისია კბილანებიანი ჩრჩილები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ მღრღნელი ტიპის პირის აპარატი და იკვებებიან მცენარის მტვერით. თავის ორივე მხარეზე განლაგებულია დიდი, რთული თვალები. ახასიათებთ მოზაიკური მხედველობა. ზოგს აქვს მარტივი თვალებიც. ყნოსვის ორგანოები (სენსილები) დიდი რაოდენობითაა განლაგებული ულვაშებზე. მამლებს, რომლებიც სუნით ეძებენ დედლებს (ფარშავანგთვალასებრნი, ტალღურასებრნი, ბუდოსნები), ულვაშები ძლიერ აქვთ განვითარებული. გემოვნების ორგანო (ჰემორეცეპტორები) განლაგებულია არა მარტო პირის აპარატის ნაწილებზე, არამედ ნაწილობრივ თათებზეც. სმენის ორგანო ჯერჯერობით მხოლოდ ღამის პეპლების უმაღლეს ჯგუფშია დადგენილი. იგი მდებარეობს უკანა მკერდის ნაწილში (ხვატრისებრნი, ქოჩორები), ან მუცლის დასაწყისში (მზომელასებრნი, ალურასებრნი). ამ ორგანოს უნარი აქვს მიიღოს მაღალი სიხშირის (15-18 კჰც) ულტრაბგერის ექოლოკაციური სიგნალები (მაგალითად ღამურასი) და თავი დაიცვას მტრისაგან.

ქერცლფრთიანების ევოლუცია ძირითადად ფრენის სრულყოფისაკენ იყო მიმართული, რამაც თავისი გამოხატულება პოვა ფრთებისა და მკრედის აგებულებაში. სრულყოფილად ფრენას მიაღწიეს სფინქსებმა, რომელთა ფრენის დიდი სიჩქარე (54 კმ/სთ) შეხამებულია სწრაფ მანევრირებასთან, რაც საშუალებას აძლევთ მათ ფრენის პროცესში მოიპოვონ ნექტარი ყვავილებიდან. ზოგი ქერცლფრთიანები გადამფრენია. მაგალითად ამერიკული Danaus plexippus-ს ახასიათებს რეგულარული სეზონური მიგრაცია. საქართველოში ხშირად შეიმჩნევა ნარშავას ფრთაკუთხას (Pyrameis cardui) ჯგუფური გადაფრენა.

ქერცლფრთიანები ცალსქესიანი ცხოველები არიან. იშვიათია პართენოგენეზი. სქესობრივი დიმორფიზმი ხშირად მკვეთრად არის გამოხატული ულვაშების აგებულებაში, მამლები, როგორც წესი, დედლებზე მომცროა და ზოგჯერ სხვა ფერისაა. ზოგიერთი ჯგუფის (ფუნჯკუდა ტალღურა, ზოგიერთი მზომელა) დედლებს ფრთები ნაწილობრივ ან მთლიანად გამქრალი აქვთ. ბუდოსნების დედლებიმატლს ჰგვანან და მოკლებული არიან არა მარტო ფრთებს, არამედ კიდურებსა და ულვაშებსაც. ახასიათებთ სრული მეტამორფოზი. კვერცხის ფორმა და მიკროსკულპტურა დამახასიათებელია სახეობის, ან ცალკეული ჯგუფისათვის. მატლს აქვს 3 წყვილი მკერდისა და 5 წყვილი მუცლის ანუ ცრუფეხები. იგი დაფარულია ბუსუსებით, რომლებიც შეგრძნების რეცეპტორების ფუნქციას ასრულებენ. ზოგს (ოქროკუდა, მოხეტიალე პარკმხვევია) მსუსხავი ბუსუსები აქვს. მატლი კანს იცვლის ზრდასთან ერთად. უმრავლესობა იკვებება მცენარით, იშვიათად (მემღიერეები, სოკოს ჩრჩილები) უმდაბლესი მცენარეებით და ცხოველური საკვებით (ცვილის ალურა, ქსოვილისა და ბეწვის ჩრჩილები). ზოგიერთი ხვატარისა და ჩრჩილის მატლები — ფარიანებითა და ცრუფარიანებით. პოლიფაგიასთან ერთად აღინიშნება ოლიგოფაგიაც, მაგალითად, თეთრულები ძირითადად ჯვაროსნებით იკვებებიან. სპეციალიზებული კვების საუკეთესო მაგალითია თუთის აბრეშუმხვევია. ქერცლფრთიანების ყველა მატლისათვის დამახასიათებელია აბრეშუმის გამოყოფა, რომლის ჯირკვლის ხვრელი იხსნება ქვედა ტუჩზე — სახვევ დვრილზე. აბრეშუმის ძაფით ისინი პარკს ახვევენ, რომელიც დამცველ გარსს წარმოადგენს და რომლის ღრუშიც მატლი იჭუპრებს. ჭუპრთა უმრავლესობა „დახურულ ჭუპრთა“ ტიპს განეკუთვნება. მხოლოდ პირველადი ჩრჩილების ჭუპრები არიან „თავისუფალი“ ტიპისა. მათი სხეულის ყველა ნაწილსა და კიდურს შენარჩუნებული აქვთ მოძრაობის უნარი.

ქერცლფრთიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა განვითარების სხვადასხვა სტადიაში სხვადასხვაა. ზრდასრული (იმაგო) მწერი ცოცხლობს რამდენიმე საათიდან რამდენიმე კვირამდე, ხოლო მოზამთრე პეპელას შეუძლია იცოცხლოს რამდენიმე თვეც (ლიმონა — Gonopteryx rhamni-ს მატლმა შეიძლება იცოცხლოს 2 წელს). ჭუპრის სიცოცხლის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, ზამთრობს თუ არა იგი, აგრეთვე ზოგიერთი სახეობის მეტამორფოზის დროებით შეჩერებაზე.

დიდია ქერცლფრთიანების როლი მცენარეთა დამტვერვაში. ზოგი მათგანი გვაძლევს აბრეშუმს. უხეშ აბრეშუმს იძლევა ზოგიერთი ნახევრად ველური აზიური ფარშავანგთვალა (ჩინური მუხისა და ხემყრალას აბრეშუმხვევიები). ზოგი ქერცლფრთიანების მტაცებელ მატლს მავნებლებთან საბრძოლველად იყენებენ. საქართველოში მეურნეობას დიდ ზიანს აყენებენ ცქვლეფია მზომელა (Operoptera brumata), არაფარდი აბრეშუმხვევია (Ocneria dispar), ოქროკუდა (Nygmia phaerchoea), ნაყოფჭამია (Laspeyresia pomonella), მღრღნელი ხვატარების (Agrotinae) უმრავლესობა, კომბოსტოს თეთრეულა (Pieris brassicae) და სხვა. თვითონ ქერცლფრთიანებსაც ბევრი მტერი ჰყავს: ძუძმწოვრები და განსაკუთრებით ფრინველები, პარაზიტი მწერები, მტაცებელი მწერები (ჭიანჭველა, კრაზანა). ქერცლფრთიანებს ანადგურებენ აგრეთვე ბაქტერიები, სოკოებითა და სპორებით გამოწვეული ეპიდემიური დაავადებები.

ნამარხი ქერცლფრთიანები ცნობილია მხოლოდ პალეოგენური ეპოქიდან, ძირითადად ბალტიისპირა ქარვიდან. რიგის წარმოშობას მიაკუთვნებენ მეზოზოურ ერას (იურის პერიოდი). ქერცლფრთიანები ერთ-ერთი ახალგაზრდა რიგია მწერებს შორის. მათი განვითარება მეტნაკლებად მიმდინარეობდა ყვავილოვანი მცენარეების ევოლუციის პარალელურად.

თანამედროვე ქერცლფრთიანები უხვად არიან წარმოდგენილი ტროპიკებში. აქ გვხვდებიან შედარებით მოზრდილი ფორმები, რომლებიც ხშირად განსაცვიფრებელ მოხატულობითა და ფერტა სიმკვეთრით გამოირჩევიან (მაგალითად, სამხრეთ ამერიკული გვარი Morpho, ინდომალაის გვარი Ornithoptera). პოლუსების მიმართულებით ფაუნა თანდათანობით ღარიბდება, მაგრამ პოლარულ წრესთანჯერ კიდევ უხვია. ზოგიერთი სახეობა (Argynnispolaris, Dasychira rossi) ჩრდ. გ-ს 82° აღწევს.

კლასიფიკაცია რედაქტირება

ერთ-ერთი კასიფიკაციით ქერცლფრთიანები იყოფა სამ რიგად: უმდაბლესი თანაბარფრთიანები (Microjugata), უმაღლესი თანაბარფრთიანები (Macrojugata) და ნაირფრთიანები (Frenata). ეს უკანასკნელიშეიცავს 70-მდე ოჯახს და იყოფა ორ ძირითად ფილოგენეტიკურ შტოდ: Monotrysia და Ditrysia.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: