ფრანსუა რაბლე (François Rabelais; დ. დაახლ. 1494 — გ. 9 აპრილი, 1553, პარიზი) — რენესანსის ეპოქის ფრანგი მწერალი-ჰუმანისტი, ექიმი. ავტორი რომანი-დილოგიისა „გარგანტუა და პანტაგრუელი“.

ფრანსუა რაბლე
ფრანგ. François Rabelais
დაბადების თარიღი არაუადრეს 1483 და არაუგვიანეს 1494
დაბადების ადგილი Seuilly, Touraine, საფრანგეთის სამეფო
გარდაცვალების თარიღი არაუადრეს იანვარი, 1553 და არაუგვიანეს 14 მარტი, 1553
გარდაცვალების ადგილი პარიზი, საფრანგეთის სამეფო[1] [2]
დასაფლავებულია პარიზი
ფსევდონიმი Seraphin Calobarsy, Alcofribas Nasier[3] , Maistre Alcofribas Nasier[3] და M. Alcofribas[3]
საქმიანობა მწერალი[4] [5] , ექიმი-მწერალი, ბერი, რომანისტი და იუმორისტი
ენა საშუალფრანგული ენა
მოქალაქეობა  საფრანგეთის სამეფო
ალმა-მატერი მონპელიეს უნივერსიტეტი და პუატიეს უნივერსიტეტი
Magnum opus თელემის სააბატო და გარგანტუა და პანტაგრუელი
მეუღლე
ხელმოწერა

ბიოგრაფია რედაქტირება

რაბლეს დაბადების ადგილი და თარიღი ზუსტად დადგენილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ იგი 1494 წელს შინონთან, ინდრ-ე-ლუარი, უნდა დაბადებულიყო, საშუალო ბურჟუას ოჯახში. მამამისი ადვოკატი და მიწის მესაკუთრე იყო. ლა დივინიე, მამული სუილიში, ამჟამად მწერლის დაბადების ადგილის წოდებას ისაკუთრებს და აქ რაბლეს მუზეუმი მდებარეობს.

საეკლესიო განათლების მიღების შემდეგ, 1520 წელს ფრანსუა ბერად აღიკვეცა. რამდენიმე ერუდირებულ პიროვნებასთან ერთად იგი ქმნის პატარა ჯგუფს, რომელიც ბერძნულ, ლათინურ, იტალიურ ლიტერატურას და ანტიკურ ფილოსოფიას სწავლობდა. სორბონის თეოლოგიის ფაკულტეტმა ბერძნულის სწავლა აკრძალა და რაბლეს ჯგუფი დაიშალა. ამის გამო, 1530 წელს რაბლე თავს ანებებს ბერობას და იწყებს ჯერ სამართლის (პუატიეს უნივერსიტეტი), შემდეგ კი მედიცინის (მონპელიეს უნივერსიტეტი) შესწავლას.

1532 წელს რაბლე ლიონში გადადის, იმჟამად საფრანგეთის ერთ-ერთ ინტელექტუალურ ცენტრში, სადაც ექიმად მუშაობს. იგი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, რომელმაც ადამიანის სხეულის გაკვეთაზე ჩაატარა ცდები. ამავე დროს ის ლათინურ ნაშრომებს არედაქტირებს მბეჭდავი სებასტიან გრიპიუსისთვის. თავისუფალ დროს ის პამფლეტებს აქვეყნებდა, სადაც საზოგადოებაში დამკვიდრებულ დოგმებს აკრიტიკებდა და პიროვნების თავისუფლებაზე საკუთარ შეხედულებებს წერდა.

ფსევდონიმით ალკოფრიბას ნაზიერი (ფრანსუა რაბლეს ანაგრამა) 1532 წელს რაბლე აქვეყნებს საკუთარ პირველ ნაწარმოებს პანტაგრუელი, რაც მისი „გარგანტუას“ სერიის დასაწყისი გახდა. მიუხედავად ნაწარმოების დიდი პოპულარობისა, ის სორბონის უნივერსიტეტმა და კათოლიკურმა ეკლესიამ მაშინვე აკრძალეს. ამის შემდეგ რაბლე ბიძამისს — კარდინალ ჟან დიუ ბელეის მიჰყვება ტურინში, სადაც მდივნად და ექიმად მუშაობს ბელეის ძმა, გიიომთან, ერთად მცირე ხნით. ამ პერიოდში მას მალულად უწევს ცხოვრება ერეტიკოსად შერაცხვისგან თავის ასარიდებლად. სორბონის მიერ მისი რომანის დაგმობის შემდეგ მას მხოლოდ დიუ ბელეის პროტექცია იცავს.

1534 წელს გამოვიდა გარგანტუა, რომელიც პირველი ნაწარმოების მსგავსად აკრძალულ იქნა. რაბლე იძულებული გახდა საფრანგეთიდან წასულიყო და 11 წლის მანძილზე თავი შეეკავა ყოველგვარი პუბლიკაციისგან. ამ წლების განმავლობაში იგი იტალიაში მოგზაურობდა, ცდებს ატარებდა და მედიცინას ასწავლიდა. 1552 წელს საკუთარი სახელით გამოცემულ მეოთხე წიგნსაც იგივე ბედი ეწია და ავტორი ციხეში ჩასვეს. მისი უკანასკნელი ნაწარმოები მეხუთე წიგნი რაბლეს გარდაცვალების შემდეგ, 1564 წელს გამოვიდა.

რაბლეს გარდაცვალებასა და მის ბოლო სიტყვებზე რამდენიმე განსხვავებული აღწერა არსებობს. ზოგიერთი ცნობით, მას დაუწერია განთქმული ერთწინადადებიანი ანდერძი: „მე არაფერი გამაჩნია, დიდძალი ფული მმართებს, დანარჩენი კი ღარიბთათვის დამიტოვებია“. მისი ბოლო სიტყვები კი ყოფილა: „მე მივდივარ დიდი ვარაუდის საძიებლად“ (ფრანგ. je vais quérir un grand peut-être).

ჰუმანიზმი რაბლეს შემოქმედებაში რედაქტირება

 
ფრანსუა რაბლე (ანონიმი მხატვარი, XVIII საუკუნის დასაწყისი)

რაბლე ფრანგულ ლიტერატურაში ახალ ეპოქას უდებს სათავეს. მის გიგანტურ პერსონაჟებში წარმოდგენილია ის უზარმაზარი შესაძლებლობები, რაც ზოგადად ადამიანში იმალება. მისი მსოფლმხედველობის ამოსავალი წერტილი სწორედ ადამიანისადმი რწმენაა.

აღზრდა რედაქტირება

რაბლეს ნაწარმოებების ერთ-ერთი მთავარი თემა აღზრდის საკითხია. იგი აკრიტიკებს შუა საუკუნეების თეორიული, აბსტრაქტული სწავლების ფორმებს და მისი პერსონაჟების, გარგანტუასა და პანტაგრუელის მაგალითზე გვთავაზობს ახალ სისტემას, რომელშიც მთავარი ადგილი უჭირავს ბუნებაზე დაკვირვებასა და კრიტიკულ გონებას. მასწავლებელი არ აძლევს მოსწავლეს სრულიად მზა ფორმულებს, მან თავად უნდა მიაგნოს ჭეშმარიტებას დაკვრვებისა და აზროვნების წყალობით, ე.ი. სწავლება გამოცდილებაზე უნდა იყოს დამყარებული. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მორალურ აღზრდას, რადგან „მეცნიერება სინდისის გარეშე სულის ნგრევაა.“[6]

რაბლესეული აღზრდის საფუძველი არის ადამიანისადმი რწმენა. რწმენა იმისა, რომ ადამიანი არის კეთილი და მისი ბუნება კი არ უნდა შევზღუდოთ, არამედ ხელი უნდა შევუწყოთ და თანაზომიერად განვავითაროთ სული, გონება და სხეული. არ შეიძლება თეორიისა და პრაქტიკის, გონებისა და გრძნობის, ჭკუისა და ემოციის ერთმანეთისგან გათიშვა. ადამიანი ყოველივე ამის ჰარმონიული ნაზავია.

ფეოდალური სისტემის კრიტიკა რედაქტირება

რაბლე აკრიტიკებს ფეოდალურ სისტემასაც. საფრანგეთის კათოლიკური ეკლესიისა და პაპის ამბიციური პოლიტიკა მეფის ხელისუფლებას ავიწროვებს. ქვეყანას უნდა ჰყავდეს გონიერი, განათლებული და ჰუმანური მეფე. საჭიროა ხალხსა და მეფეს შორის თანხმობა არსებობდეს, ამის გაკეთება კი ღვთაებრივი წარმომავლობის მეფეს არ შეუძლია.[7]

ეკლესიის კრიტიკა რედაქტირება

რაბლე დაუპირისპირდა ეკლესიასაც, რომელიც ასკეტურ ცხოვრებას ქადაგებდა. მან მოუწოდა ხალხს თავი დაენებებინათ იმ წესებისთვის, რომლებიც რელიგიამ ბიბლიაში არსებულ ათ მცნებას დაუმატა. ყოველივე ამან გამოიწვია მისი რელიგიური შეხედულებების შესახებ აზრთა სხვადასხვაობა. ზოგი მას ათეისტად მიიჩნევს, ზოგი რეფორმატორად, ევანგელისტად ან დეისტად. ფაქტი ისაა, რომ რაბლეს პერსონაჟები ხშირად მიმართავენ ღმერთს, ლოცულობენ, მაგრამ ღმერთი იშვიათად ერევა მათ საქმეში და გმირებს უტოვებს იმის შესაძლებლობას, რომ თავად მოიპოვონ ბედნიერება. რაბლეს აზრით ადამიანმა თავისი ბედი თვითონ უნდა შექმნას. ადამიანში ღვთაებრივი სიკეთეა და თუ მას თავისუფლებას მივცემთ, მაშინ ეს სიკეთე თავს იჩენს. ამიტომ ილაშქრებს ასკეტიზმის წინააღმდეგ და მომხრეა იმისა, რომ ადამიანმა იცხოვროს ბუნებასთან თანხმობაში, გამოიყენოს თავისი შესაძლებლობები და იბრძოლოს ბედნიერებისთვის.[8]

სტილი რედაქტირება

 
გარგანტუა. ლითოგრაფია. ონორე დომიე.

რაბლეს ნაწარმოებები სალაპარაკო და გასაგები ენითაა დაწერილი. იგი თავისუფლად ხმარობს უცხო ენებს და თავადაც იგონებს ახალ ენებს. თავის ნაწარმოებებში ყოველთვის თავს არიდებს დიდაქტიზმს და მიზანს ხუმრობით აღწევს. მისი იუმორი სამყაროს ხალისიანი ხედვიდან გამომდინარეობს. ის ადამიანი, ვინც სიცილი არ იცის საშიშია, რადგან არ შეუძლია საკუთარ თავს ირონიით შეხედოს, ეჭვი შეიტანოს საკუთარ საქციელში. არ იცინო ნიშნავს დაემსგავსო ცხოველს. სახუმარო ტონს სატირაც ენაცვლება, განსაკუთრებით მღვდლებისა და თეოლოგების მიმართ. ყოველივე ეს წარმოშობს კომიკურს და მიმართულია ყოველივე იმის საპირისპიროდ, რაც აფერხებს ადამიანის შესაძლებლობების გაფურჩქვნას. ამგვარად, რაბლეს ნაწარმოებებში საქმე გვაქვს ჰუმანისტურ სიცილთან.

ნაწარმოებები რედაქტირება

 
ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  • პანტაგრუელი, 1532
  • გარგანტუა, 1534
  • მესამე წიგნი, 1546
  • მეოთხე წიგნი, 1552
  • მეხუთე წიგნი, 1564

სქოლიო რედაქტირება

  1. Deutsche Nationalbibliothek Record #118597450 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  2. Archivio Storico Ricordi — 1808.
  3. 3.0 3.1 3.2 Czech National Authority Database
  4. The Fine Art Archive — 2003.
  5. Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.
  6. ფრანსუა რაბლე, გარგანტუა და პანტაგრუელი, თარგმნ. გურამ გოგიაშვილი, იანუსი, თბილისი, 1991.
  7. Dix siecles de literature francaise, vol.1, Bordas, Paris, 1984, ISBN 2.04.01.1854.3
  8. Histoire de la litterature francaise, vol.1, Nathan, paris,. 1988.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  ბიოგრაფიების პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ბიოგრაფიებზე.