ფითრა — ქართული აბორიგენული თეთრყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში იმერეთიდან.

ერთეული ძირებია გავრცელებული საჩხერისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. შედარებით მეტადაა გავრცელებული სოფელ სანახშირეში (ზესტაფონის მუნიციპალიტეტი).

ბოტანიკური აღწერა რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, მომრგვალო ან სოლისებური, მთლიანი ან სამ-ნაკვთიანი, ძალიან იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარე შიშველია. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი საშუალო ზომისაა, კონუსური ან ცილინდრულ-კონუსური ფორმის, იშვიათად განტოტვილი. საშუალო სიკუმსისაა ან თხელი. მარცვალი საშუალო ზომისაა, მომრგვალო, მომწვანო-მოყვითალო ფერის. კანი თხელი აქვს, რთულად სცილდება რბილობს, ცვილისებრი ფიფქით საკმაოდაა დაფარული. რბილობი წვნიანია და ოდნავ კნატუნა, სასიამოვნო გემოთი.

ფითრა საშუალო ზრდისა და საშუალოზე მაღალმოსავლიანია. სავეგეტაციო პერიოდი კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 170-180 დღეა. სრულ სიმწიფეში სექტემბრის ბოლოს, ოქტომბრის დასაწყისში შედის. მტევნის წონა 150-200 გრამია. საჰექტარო მოსავლიანობა კი 8.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 19-23%-ს, ხოლო მჟავიანობა — 7.0-9.5 გ/ლ-ს.

გამოიყენება სუფრის თეთრი, მშრალი, ექსტრაქტული, სასიამოვნო და ხალისიანი ღვინის დასამზადებლად.

ლიტერატურა რედაქტირება

  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 373