ფიზიკური ქიმია — მეცნიერება, რომელიც ხსნის ქიმიურ მოვლენებს და ადგენს მათ კანონზომიერებებს ფიზიკის პრინციპებისა და ფიზიკური ექსპერიმენტული მეთოდების გამოყენების საფუძველზე. ფიზიკური ქიმიის ძირითადი დარგებია ქიმიური თერმოდინამიკა, ქიმიური კინეტიკა, მოძღვრება კატალიზის შესახებ, კოლოიდური ქიმია, ფიზიკურ-ქიმიური ანალიზი, ელექტროქიმია, ფოტოქიმია, რადიაციული ქიმია, კრისტალთქიმია და სხვა. ტერმინი ფიზიკური ქიმია შემოიღო მიხეილ ლომონოსოვმა. მანვე დაადგინა ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთი ძირითადი კანონი — მასის მუდმივობის კანონი. პირველი თერმოქიმიური გაზომვები ჩატარდა XVIII საუკუნის II ნახევარში, ესენი იყვნენ მიხეილ ლომონოსოვი, ჯოზეფ ბლეკი, ანტუან ლავუაზიე, პიერ სიმონ ლაპლასი. 1840 წელს ჰერმან ჰესმა აღმოაჩინა რეაქციის სითბური ეფექტების ჯამის მუდმივობის კანონი. XIX საუკუნეში ჩატარდა ფუნდამენტური თერმოქიმიური კვლევები, რომელთა შედეგად საფუძველი ჩაეყარა ფიზიკური ქიმიის ერთ-ერთ ქვედარგს — თერმოქიმიას. დეივის მიერ წარმატებით დაწყებული ელექტროქიმიური კვლევები (1807) დასრულდა ელექტროლიზის კანონების აღმოჩენით. ფიზიკური ქიმია, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგი, ჩამოყალიბდა XIX საუკუნის დასასრულს. ფიზიკური ქიმიის პირველი კათედრა ჩამოყალიბდა ლაიფციგში (1887) ვილჰელმ ოსტვალდის მეთაურობით. ამავე წელს ვილჰელმ ოსტვალდმა ვანტ-ჰოფთან ერთად დააარსა პირველი სამეცნიერო ჟურნალი „ფიზიკური ქიმიის ჟურნალი“. საბოლოოდ დადგინდა მდგომარეობის განტოლება იდეალური აირებისათვის. ვითარდებოდა ქიმიური თერმოდინამიკა. იქმნებოდა ელექტროლიზური დისოციაციის თეორია. შემოიღეს ელექტროდული პოტენციალის ცნება.

ლიტერატურა რედაქტირება