ენზიმები ან ფერმენტები (ლათ. fermentum ან ბერძნ. ένζυμο — საფუარა) — პროტეინები, ანუ ცილოვანი მოლეკულები ან მათი კომპლექსები, რომლებიც ცოცხალ სისტემებში ქიმიურ რეაქციებს აჩქარებს.

ენზიმი ტრიოზოფოსფატ იზომერაზა

ფერმენტები ანუ ენზიმები ცილოვანი ბუნების ნაერთებია, რომლებიც ყველა სახის უჯრედში გვხვდება და მონაწილეობას იღებენ უჯრედში მიმდინარე ქიმიურ გარდაქმნაში, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები. სტრუქტურულად ფერმენტები, ისევე როგორც დანარჩენი ცილოვანი ბუნების ნაერთები, შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს მარტივი და რთული მოლეკულის სახით. მარტივი ეწოდება ფერმენტს, თუ მისი ჰიდროლიზის შედეგად მხოლოდ ამინომჟავები წარმოიქმნება. რთული ფერმენტის მოლეკულა შეიცავს როგორც ცილოვან ნაწილს, ისე არაცილოვან კომპონენტს. ასეთი არაცილოვანი კომპონენტის არსებობა აუცილებელია ფერმენტის აქტივობისათვის. რთული ფერმენტის ცილოვან ნაწილს აპოფერმენტი ეწოდება, ხოლო არაცილოვან კომპონენტს – კოფაქტორი. კოფაქტორის როლში ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა მეტალები ან დაბალმოლეკულური ორგანული ნაერთები გამოდიან. ამ დაბალმოლეკულურ ორგანულ კოფაქტორებს კოფერმენტებს უწოდებენ. მაგალითად, ვიტამინების უმრავლესობა კოფერმენტებს წარმოადგენენ. კოფაქტორებისა და უშუალოდ აპოფერმენტის დაკავშირებაში მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა ქიმიური ბმები. თუ ფერმენტის ამ ორი კომპონენტის დაკავშირება მიმდინარეობს წყალბადური, იონური ან სხვა, მსგავსი სუსტი ბმებით, იმ შემთხვევაში კოფერმენტი ადვილად სცილდება ცილოვან ნაწილს. ხშირ შემთხვევაში დაკავშირებაში მონაწილეობს კოვალენტური ბმა და ამ შემთხვევაში კოფაქტორის მოცილება ფერმენტის მოლეკულის დანარჩენ ნაწილიდან თითქმის შეუძლებელია. ასეთ კოფერმენტს პროსთეტულ ჯგუფს უწოდებენ. ერთი და იგივე ნივთიერება ზოგიერთ ფერმენტში კოფაქტორის როლს ასრულებს, ხოლო ზოგიერთში იგივე ნივთიერება პროსთეტული ჯგუფია. მაგალითად, ფლავინადენინდინუკლეოტიდი (ფად) სუნთქვის ჯაჭვში მონაწილე ფლავინურ ფერმენტებში იგი პროსთეტული ჯგუფია, ხოლო ამინომჟავების ოქსიდაზებში კოფერმენტის.

ლიტერატურა რედაქტირება

  • Cornish-Bowden, Athel. Fundamentals of Enzyme Kinetics. (3rd edition), Portland Press, 2004. ISBN 1-85578-158-1.
  • Segel Irwin H. Enzyme Kinetics: Behavior and Analysis of Rapid Equilibrium and Steady-State Enzyme Systems. (New Ed edition), Wiley-Interscience, 1993. ISBN 0-471-30309-7.
  • Baynes, John W. Medical Biochemistry. (2nd edition), Elsevier-Mosby, 2005. ISBN 0-7234-3341-0, p. 57.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: