ფერდინანდ ოტენი

ბალტიელი გერმანელი ქიმიკოსი, ფარმაცევტი

ფერდინანდ ჰერმან ოტენი, ფერდინანდ კარლის ძე ოტენი (გერმ. Ferdinand Hermann Otten, რუს. Фердинанд Карлович Оттен) (დ. 12 აგვისტო, 1850, ესტონეთი, — გ. 7 სექტემბერი, 1930, თბილისი) — ბალტიელი გერმანელი ქიმიკოსი, ფარმაცევტი. ხანგრძლივად ცხოვრობდა და მუშაობდა თბილისში.

დაამთავრა იურიევის (ახლანდ. ტარტუ, ესტონეთი) უნივერსიტეტი. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს იმყოფებოდა სამხედრო-სამედიცინო სამსახურში. 1882 წელს ყარსიდან თბილისში ჩამოვიდა და ჰაინრიხ სტრუვეს ლაბორატორიაში ქიმიკოსად დაიწყო მუშაობა. ოტენი სასმელი წყლის ანალიზებს აკეთებდა; მისი დასკვნების საფუძველზე გადაწყდა ავჭალიდან თბილისში სასმელი წყლის გამოყვანა.

მოგვიანებით ოტენმა სტუვეს ქალიშვილი იოჰანა შეირთო ცოლად (ჰყავდათ 14 შვილი) და სიმამრთან ერთად დაიწყო ფარმაცევტული საქმიანობა; 1902 წელს თბილისში, სოლოლაკის ქუჩაზე (ახლანდ. გიორგი ლეონიძის ქუჩა №8) ააშენა სამსართულიანი სახლი და მის პირველ სართულზე გერმანელი ფარმაცევტის, ფლორ შენბერგისგან შეძენილი პირველი თბილისური აფთიაქი განათავსა. ოტენი ორ აფთიაქს ხელმძღვანელობდა: ერთს — თბილისის მუდმივი მოსახლეობისთვის, ხოლო მეორეს — ჩამოსულებისათვის განკუთვნილს. იჯარით ჰქონდა აღებული საქალაქო სამკურნალო დაწესებულებების აფთიაქი, რომელსაც 1887 წელს მოუცლელობის გამო თავი დაანება და მისი მართვა ევგენი ზემელს გადააბარა. ოტენი საქართველოში, პირველი სამედიცინო საექსპერტო ლაბორატორიის დაარსებამდე, მონაწილეობდა კრიმინალურ ექსპერტიზაშიც. ის იყო პირველი გილდიის ვაჭარი, ფარმაციის მაგისტრი, თბილისის ლუთერანული ეკლესიის საბჭოს წევრი, კავკასიის ფარმაცევტული საზოგადოების თავმჯდომარე, თბილისის საპატიო მოქალაქე. საქართველოს გასაბჭოების (1921) შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ ოტენის აფთიაქის ნაციონალიზაცია მოახდინა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • 100 ღირსსახსოვარი სახელი: საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ.209.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება