ფაშიზმი

(გადამისამართდა გვერდიდან ფაშისტი)

ფაშიზმი (იტალ. fascismo) — პოლიტიკური მიმდინარეობა, რომელიც წარმოიშვა იტალიაში. მიუხედავად იმისა, რომ ფაშიზმის უმთავრესი იდეებისა და დოქტრინების საფუძვლები შეიძლება მეცხრამეტე საუკუნეში ვიპოვოთ, საბოლოო სახე ამ იდეებს პირველმა მსოფლიო ომმა და მისმა შედეგებმა მისცა, კერძოდ კი ომისა და რევოლუციის ძლიერმა ნაზავმა. იტალიაში ფაშისტური პარტია 1919 წელს ჩამოყალიბდა, მისი ლიდერი ბენიტო მუსოლინი 1922 წელს პრემიერ-მინისტრად დაინიშნა და 1926 წლისთვის დაფუძნდა ერთპარტიული ფაშისტური სახელმწიფო. გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია, ცნობილი ნაცისტების სახელით, ასევე 1919 წელს ჩამოყალიბდა და ადოლფ ჰიტლერის ლიდერობით შეგნებულად გადმოიღო მუსოლინისეული ფაშიზმის სტილი. 1933 წელს ჰიტლერი დაინიშნა გერმანიის კანცლერად და ერთ წელიწადზე ოდნავ მეტ ხანში გერმანია ნაცისტური დიქტატურის ქვეშ მოაქცია.

ფასცები ფაშიზმის სიმბოლო

იმავე პერიოდში ევროპის უმეტეს ნაწილში კრახი განიცადა დემოკრატიამ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჩანაცვლებულ იქნა მემარჯვენე ფრთის, ავტორიტარული ან ღიად ფაშისტური რეჟიმებით. 1938 წლისთვის ჩეხოსლოვაკია ერთადერთი შემორჩენილი დემოკრატიული ქვეყანა იყო აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში, ამავდროულად უნგრეთი და რუმინეთი მტკიცედ ადგა ფაშიზმისა და ნაცისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის გზას. პორტუგალიაში 1928 წელს სალაზარმა დიქტატურა დაამყარა, ხოლო ესპანეთში სამოქალაქო ომი ფრანკოს დიქტატურის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა. ევროპის გარეთაც ჩამოყალიბდა რეჟიმები, რომლებიც გარკვეულწილად უკავშირდებოდნენ ფაშიზმს, განსაკუთრებით XX საუკუნის 30-იანი წლების იმპერიულ იაპონიასა და პერონის მმართველობის ქვეშ მყოფ არგენტინაში 1945-1955 წლებში.

ფაშიზმისთვის დამახასიათებელია მკაცრი იერარქიული წყობა, პალინგენეტიკური ნაციონალიზმი, მილიტარიზმი, კორპორატივიზმი, ავტარქია, ორგანიციზმი, ვოლუნტარიზმი, ვიტალიზმი და რეაქციული მოდერნიზმი. ფაშისტური იდეოლოგია განსაკუთრებით პოპულარული გახდა მე-20 საუკუნის დასაწყისში, როგორც დაღმასვლის ფაზაში მყოფი ევროპული ცივილიზაციის აღორძინებაზე მიმართული მოძრაობა და საერთაშორისო კომუნიზმის საპირწონე პოლიტიკური ძალა.

ისტორიულად ფაშიზმი პოზიციონირებდა როგორც „მესამე გზა“, რომელიც წარმოადგენდა მარქსისტული სოციალიზმის და ლიბერალ-დემოკრატიული კაპიტალიზმის ალტერნატივას. თანამედროვე პოლიტიკურ დისკურსში მას ხშირად ახასიათებენ როგორც ულტრამემარჯვენე იდეოლოგიას.

ლიტერატურა რედაქტირება

  • „პოლიტიკური იდეოლოგიები, შესავალი კურსი“, ენდრიუ ჰეივუდი, ლოგოს პრესი, 2004 წ. გვ. 247-248 ISBN 99928-928-4-6

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება