ფანჯრის ბეგარა (ინგლ. window tax) — გადასახადი, რომელიც მნიშვნელოვანი სოციალური, კულტურული და არქიტექტურული ძალა იყო ინგლისის, შოტლანდიისა და შემდგომში დიდი ბრიტანეთის სამეფოში XVII და XVIII საუკუნეებში. ამ პერიოდის სახლებს ბეგარის გამო აგურით ამოშენებული ფანჯრები აქვს.

სახლი ამოშენებული ფანჯრებით, საუტჰემპტონში
ამოქოლილი ფანჯრები ედინბურგში

ისტორია რედაქტირება

გადასახადი შემოიღეს 1696 წელს მეფე უილიამ III-ის პერიოდში[1] და მისი დანიშნულება გადამხდელის დაბეგვრა იყო მისი შეძლების მიხედვით, წინააღმდეგობრივი საშემოსავლო გადასახადის იდეის გარეშე. იმ პერიოდში, მრავალი ბრიტანელი საშემოსავლო გადასახადის წინააღმდეგი იყო, ვინაიდან მათი რწმენით კერძო შემოსავლების გამხელა პირად საქმეებში მთავრობისგან მიუღებელ ჩარევას წარმოადგენდა, რაც მათი პირად თავისუფლებას საშიშროებას უქმნიდა. შედეგად, პირველი საშემოსავლო გადასახადი ბრიტანეთში გვიან XVIII საუკუნემდე არ შემოუღიათ და ეს საკითხი დიდი წინააღმდეგობის საგნად რჩებოდა XIX საუკუნემდე.

ფანჯრის ბეგარა შემოღებისას ორი ნაწილისგან შედგებოდა: ფიქსირებული ბეგარა 2 შილინგი ყოველ სახლზე და ცვლადი ბეგარა ფანჯრების რაოდენობაზე 10 ფანჯრის ზემოთ. საკუთრება, რომელსაც ათიდან 20 ფანჯრამდე ჰქონდა, ოთხ შილინგს იხდიდა, ხოლო 20 ფანჯარაზე მეტი კი რვა შილინგს. დასაბეგრი ფანჯრების რაოდენობა 1766 წელს შეიცვალა შვიდით, ხოლო 1825 წელს კი რვით. ფიქსირებული გადასახადი შეიცვალა ცვლადით საკუთრების ღირებულების მიხედვით 1778 წელს. ადამიანები, რომლებიც გადასახადს არ ექვემდებარებოდნენ ეკლესიისა და სიღარიბის გამო, ფანჯრის გადასახადისგან თავისუფალი იყვნენ. ფანჯრის გადასახადი საკმაოდ ადვილი შესაფასებელი იყო და რაიმე სერიოზულ ჩარევას პირად საქმეებში არ საჭიროებდა. რაც უფრო დიდი იყო სახლი, მით მეტი ფანჯარა უნდა ჰქონოდა მას, და, შესაბამისად, მფლობელიც უფრო მეტ გადასახადს გადაიხდიდა.

მიუხედავად ამისა, ეს გადასახადი არაპოპულარული იყო, ვინაიდან მას აღიქვამდნენ, როგორ გადასახადს "სინათლესა და ჰაერზე".

შოტლანდიაში ფანჯრის ბეგარა შემოიღო უილიამ პიტ უმცროსმა 1780-იან წლებში ედინბურგის საფინანსო უბანში. "პიტის სურათების" (ამოშენებული ფანჯრები ზედ დახატული ჯვარედინი ჩაჩოებით) ხილვა დღემდე შეიძლება შარლოტის მოედანზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. Herber, Mark D (1997). Ancestral Trails: The complete guide to British genealogy and family history. Sutton Publishing Ltd. ISBN 0-7509-1418-1.  p.416