უხერხემლოები (ლათ. Invertebrata) — ხერხემალს მოკლებულ ცხოველთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ცხოველთა სამყაროს დაყოფა უხერხემლოებად და ხერხემლიანებად შემოიღო ფრანგმა ბუნებისმეტყველმა ჟან ბატისტ ლამარკმა (1801). სხვადასხვა ავტორის მიხედვით უხერხემლოები იყოფიან 14—22 ტიპად. ცნობილია უხერხემლოების 1,3 მლნ-მდე სახეობა, რომელთაგან მლნ-მდე მეტი მწერების კლასზე მოდის. ტიპების მიხედვით უხერხემლოები არათანაბრად არიან განაწილებული. მაგ., უმარტივესები აერთიანებენ 25 ათ-მდე სახეობას, ღრუბლები — 5 ათასი, ნაწლავღრუიანები — 9 ათასი, უმდაბლესი ჭიები — 20 ათასი, მოლუსკები — 107 ათასი, ფეხსახსრიანები (მწერების გამოკლებით) — 79 ათ-მდე და ა. შ. ყოველწლიურად უხერხემლოების რამდენიმე ათას ახალ სახეობას აღწერენ.

უხერხემლოები

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Invertebrata

უხერხემლოები ფართოდ არიან გავრცელებული. ბინადრობენ ხმელეთზე, მტკნარ წყლებში, ზღვებში, ნიადაგის სიღრმეში, მრავალი უხერხემლოები ცხოველთა და მცენარეთა პარაზიტია. უხერხემლოების ზოგ სახეობას ან მათ მიერ გამომუშავებელ პროდუქტს ადამიანი ხმარობს საკვებად (კიბოსნაირები, მოლუსკები, ფუტკრის თაფლი და სხვა), ბევრს ხერხემლიანი ცხოველები ეტანებიან. ზოგიერთი უხერხემლოების ცხოველმოქმედების პროდუქტს სამეურნეო-ტექნიკური მნიშვნელობა აქვს (ფუტკრის ცვილი, აბრეშუმხევევიას აბრეშუმის ძაფი, მოლუსკების ნიჟარები და მარგალიტი, მარჯნის პოლიპების ჩონჩხი და სხვა). პარაზიტ და მტაცებელ უხერხემლოებს მრავალრიცხოვან მავნებელთა წინააღმდეგ იყენებენ, რაც ბრძოლის ბიოლოგიური მეთოდების დამუშავებას დაედო საფუძვლად. ნამარხი უხერხემლოების ნაშთები ხელს უწყობენ დანალექი ქანების ასაკის დადგენას. სასარგებლო უხერხემლოების გარდა, არსებობს მავნებელი უხერხემლოებიც. ზოგი პარაზიტულ დაავადებათა გადამტანია, სხვები — პარაზიტული ჭიების შუამავალი მასპინძელი ან ტრანსმისიულ დაავადებათა გადამტანი. არიან შხამიანი უხერხემლოები, მარცვლეულისა და სხვა პროდუქტების, სასოფლო-სამეურნეო მცენარეების, ტყეების მავნებლები და ა. შ.

ლიტერატურა რედაქტირება