უშბა

მთა საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ უშბა (მრავალმნიშვნელოვანი).

უშბა — ორთავიანი მწვერვალი საქართველოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, მესტიის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სვანეთის კავკასიონზე, მწვერვალ იალბუზის სამხრეთ-აღმოსავლეთით, კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის პატარა შტოზე. აქვს სამხრეთი და ჩრდილოეთი მწვერვალები. სამხრეთი მწვერვალი უმაღლესია (სიმაღლე 4700 მ), ჩრდილოეთი — 10 მეტრით დაბალია. აგებულია პალეოზოური გრანიტებითა და კრისტალური ფიქლებით. დამახასიათებელია ნივალური ლანდშაფტი.[1] ლონდონში არის ალპინისტთა კლუბი „უშბა“.

უშბა
უშბა
უშბა
კოორდინატები: 43°07′35″ ჩ. გ. 42°39′38″ ა. გ. / 43.126500° ჩ. გ. 42.6606000° ა. გ. / 43.126500; 42.6606000
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მესტიის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 4700 
ქედი უშბის ქედი
ლანდშაფტი ნივალური
ამგებელი ქანები გრანიტი და კრისტალური ფიქალი
პირველი ასვლა 1888
უშბა — საქართველო
უშბა
უშბა — სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე
უშბა
სურათები ვიკისაწყობში

უშბის სამხრეთ-აღმოსავლეთით 10 კმ-ში მდებარეობს მესტია. უშბის მწვერვალები თავიანთი სილამაზითა და მიუდგომლობით იზიდავს მრავალ მთასვლელსა და ტურისტს. უშბის ფერდობებიდან ეშვება: გულის მყინვარი და უშბის მყინვარი. განვითარებულია ალპინიზმი. ჩრდილოეთი მწვერვალი უფრო ადვილი გადასალახია ვიდრე სამხრეთი.[1]

უშბაზე ასვლა 1868 წელს პირველად სცადეს ინგლისელმა ალპინისტებმა დაგლას ფრეშფილდის ხელმძღვანელობით, მაგრამ მათი ყველა მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 1888 წელს ინგლისელებმა — ჯონ კოკინმა და ულრიხ ალმერმა მეოთხე ცდაზე მიაღწიეს ჩრდილოეთის პიკს გულის მყინვარის გავლით. ეს იყო პირველი წარმატებული ასვლა უშბაზე. სამხრეთი უშბა მეთექვსმეტე ცდაზე პირველად დაიპყრეს გერმანია-შვეიცარიის გაერთიანებული გუნდის წევრებმა (რ. გებლინგი, ა. ვებერი, ფ. რეინერტი, ა. შულიცე) ადოლფ შულიცეს მეთაურობით. იქიდან მოყოლებული, 60 წლის განმავლობაში სამხრეთ უშბაზე ასვლის ცდებიდან მხოლოდ ოთხი დამთავრდა წარმატებით.[2]

1934 წელს უშბაზე ავიდა პირველი ქართული ჯგუფი და-ძმა ალექსანდრა და ალიოშა ჯაფარიძეების, გიო ნიგურიანისა და იაგორ კაზალიკაშვილის შემადგენლობით. ამასთან, ალექსანდრა ჯაფარიძე იყო პირველი ქალი, რომელმაც უშბის პიკზე ფეხი შედგა. 1937 წელს სამხრეთ უშბაზე სამხრეთის ურთულესი კედლით პირველად ავიდნენ გაბრიელ, ბექნუ და ბესარიონ ხერგიანები, ჭიჭიკო ჩართოლანი და მაქსიმე გვარლიანი. ამით საფუძველი ჩაეყარა კლდოვან ასვლებს უშბაზე. სულ სამხრეთ უშბაზე გავლილია 19 მარშრუტი (მათ შორის 7 – 6 A კატეგორიისა), ჩრდილოეთ უშბაზე – 13 (მათგან 4 – 6 A კატეგორიისა).[2]

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 195.
  2. 2.0 2.1 უშბა — საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-07. ციტირების თარიღი: 2021-05-28.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უშბა&oldid=4609591“-დან