უროიანიუროს (ძირითადად ჩვეულებრივი, ნაწილობრივ კავკასიური) ბალახოვანი საფარი. აღმოსავლეთ საქართველოში (ივრის ზეგანზე), აღმოსავლეთ და სამხრეთ ამიერკავკასიაში, აგრეთვე ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთში, მთისწინეთზე, ზღვის დონიდან 300—800 (1000) მ-ზე. უროიანი სტეპური მცენარეულ სარტყელს ქმნის.

უროიანებში ჭარბობს ზაფხულმწვანე მცენარეები: უროს სახეობები და სხვა მრავალწლოვანები. საგრძნობი რაოდენობითაა ზამთარმწვანე სახეობებიც — ეფემერები. ტიპოლოგიურად უროიანები საქართველოში მრავალნაირია. იგი ინტენსიურად ვრცელდება ამა თუ იმ მიზეზით (უმთავრესად ადამიანისჩრევით) მოსპობილი ან გამეჩხერებული მეზოფილური ტყის, ქსეროფილური მეჩხერი ტყის, ბუჩქნარის, ტიპური ვაციწვერიანი ველისა და სხვა ადგილას, ე. ი. ყალიბდება მეორეული უროიანი, რომელიც გამდიდრებულია სხვადასხვა მცენარეულობის ელემენტებით. უროიანის უფრო გავრცელებული ტიპებია წმინდა უროიანი, ძირტკბილიანი უროიანი, ცერცვეკლიანი უროიანი, ნაირბალახოვანი უროიანი, წივანიანი უროიანი, წივანიან-ვაციწვერიანი უროიანი და სხვა. ფართოდაა გავრცელებული უროიანი ბუჩქნარები: უროიანი-ძეძვიანი, უროიანი-გრაკლიანი, უროიანი-ურახელიანი და სხვა. შაქის ზეგანზე (აზერბაიჯანში), იშვიათად ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებულა ოქროსწვერიანი უროიანი დასავლეთ კავკასიაში უროიანში ხშირად ჯუჯა ისლი თანადომინანტობს და ისლიანი უროიანი იქმნება. უროიანი დამახასიათებელია აგრეთვე ხმელთაშუაზღვისპირეთისა და წინა აზიისათვის. იგი მნიშვნელოვანი საზამთრო საძოვარი და ნაწილობრივ სათიბია. უროიანის გარკვეული ადგილები გამოსადეგია ვაზისა და სხვა კულტურების გასაშენებლად.

ლიტერატურა რედაქტირება