ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა

ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა (პოლ. Teresa Kunegunda Sobieska; დ. 4 მარტი, 1676, ვარშავა, პოლონეთი — გ. 10 მარტი, 1730, მიუნხენი, გერმანია) — სობიესკების დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის მეფე იან III-ისა დ დედოფლ მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენის ქალიშვილი. ბავარიის კურფიურსტი 1695-1726 წლებში როგორც მაქსიმილიან II ემანუელის მეუღლე. საღვთო რომის იმპერატორ კარლ VII-ის დედა.

ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა
ბავარიის კურფიურსტი
მმართ. დასაწყისი: 2 იანვარი, 1695
მმართ. დასასრული: 26 თებერვალი, 1726
წინამორბედი: მარია ანტონია ავსტრიელი
მემკვიდრე: მარია ამალია ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 მარტი, 1676
დაბ. ადგილი: ვარშავა, პოლონეთი
გარდ. თარიღი: 10 მარტი, 1730, (54 წლის)
გარდ. ადგილი: მიუნხენი, გერმანია
მეუღლე: მაქსიმილიან II, ბავარიის კურფიურსტი
შვილები: კარლ VII, საღვთო რომის იმპერატორი
დინასტია: სობიესკები
მამა: იან III, პოლონეთის მეფე
დედა: მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენი
რელიგია: კათოლიციზმი

ბიოგრაფია რედაქტირება

ტერეზა კუნეგუნდა დაიბადა 1676 წლის 4 მარტს ვარშავაში. იგი იყო პოლონეთის მეფე და ლიტვის დიდი მთავრის, იან III სობიესკისა და მისი ფრანგი მეუღლის, დედოფალ მარია კაზიმირა ლუიზა დ’არკიენის მეექვსე შვილი ცამეტიდან. აღსანიშნავია, რომ დედის მხრიდან მას ასევე ორი ნახევარ-და ჰყავდა, მისი პირველი ქორწინებიდან.

1695 წლის 2 იანვარს ტერეზა კუნეგუნდა სობიესკა დააქორწინეს ბავარიის კურფიურსტ მაქსიმილიან II ემანუელზე, განსვენებული კურფიურსტის, ფერდინანდ მარიასა და მისი ცოლის, ჰენრიეტა ადელაიდა სავოიელის ვაჟზე, რითაც იგი ბავარიის ახალი კურფიურსტი გახდა. ტერეზა კუნეგუნდასა და მაქსიმილიან ემანუელს სულ ათი შვილი შეეძინათ, აქედან რვა ვაჟი, თუმცა მათგან მხოლოდ ექვსმა ბავშვმა მიაღწია ზრდასრულობამდე.

მისი გათხოვებიდან ერთ წელიწადში, 1696 წლის 17 ივნისს მამამისი გარდაიცვალა, რის შემდეგაც პოლონეთში სობესკების მმართველობა დაემხო.

1700 წლის 1 ნოემბერს, მეფე კარლოს II-ის უშვილოდ გარდაცვალებით შეწყდა ჰაბსბურგთა დინასტიის ესპანური შტო, რის გამოც დაიწყო ომი ესპანური მემკვიდრეობისათვის. მართალია ომში ერთმანეთს ძირითადად კარლოსის სიძეები, საფრანგეთის მეფე ლუი XIV და საღვთო რომის იმპერატორი ლეოპოლდ I დაუპირისპირდნენ, თუმცა ესპანეთის ტახტისათვის აქტიურად იბრძოდა ბავარიაც. ეს იმის გამო, რომ კარლოს II-ის მეორე ცოლი, დედოფალი მარია ანა ნოიბურგელი წარმოშობით ბავარიელი იყო და ქმარს გარდაცვალებამდე მემკვიდრედ ბავარიის კურფიურსტი გამოაცხადებინა, თუმცა მოგვიანებით ეს განცხადება ბათილად სცნეს. ამის მიუხედავად, მაქსიმილიან II აქტიურად იბრძოდა ესპანეთის მეფობისათვის, რაც ტერეზა კუნეგუნდას ესპანეთის დედოფლად აქცევდა, თუმცა ამაოდ. 1704-05 წლებში ბავარიელებმა ესპანური ნიდერლანდების (თანამედროვე ბელგია და ლუქსემბურგი) ოკუპაცია მოახდინეს. დაპყრობილი მხარის შესანარჩუნებლად მაქსიმილიანი ნიდერლანდებში გაემგზავრა, რა დროსაც ბავარიას ტერეზა კუნგეგუნდა მართავდა რეგენტის სტატუსით. ბლენჰაიმის ბრძოლაში დამარცხების შემდეგ ბავარიამ დაკარგა ნიდერლანდებიც და ომსაც გამოეთიშა. ეს ომი საბოლოოდ 1714 წელს დამთავრდა ლუი XIV-ის ტრიუმფით, რომელმაც მეფედ თავისი შვილიშვილი ფილიპე V დასვა, თუმცა ესპანეთის ევროპული კოლონიები, მათ შორის ნიდერლანდებიც ავსტრიას მისცა, ბავარია კი ხელცარიელი დარჩა.

ქმრის მიუნხენში დაბრუნების შემდეგ, ტერეზა კუნეგუნდამ შეიტყო, რომ მაქსიმილიანს რომანი ჰქონდა გრაფინია არკოსთან. ამან ცოლ-ქმარს შორის სერიოზული უთანხმოება გამოიწვია, რის გამოც ტერეზა კუნეგუნდამ დატოვა ბავარია და დედასთან გაემგზავრა ვენეციაში. ამით განრისხებულმა მაქსიმილიან ემანუელმა მას აუკრძალა ბავარიაში დაბრუნება, რის გამოც მან დედასთან ერთად ათი წელი გაატარა გადასახლებაში. იგი უკან მხოლოდ 1715 წელს დააბრუნეს.

1726 წლის 26 თებერვალს მაქსიმილიან II გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი ტერეზა კუნეგუნდას ვაჟმა, კარლ ალბრეხტმა დაიკავა. მოგვიანებით კარლ ალბრეხტი საღვთო რომის იმპერატორი გახდა კარლ VII-ის სახელით, როგორც იმპერატორ იოზეფ I-ის სიძე. დარჩენილი წლები მან მიუნხენის დედათა მონასტერში გაატარა, სადაც გარდაიცვალა 1730 წლის 10 მარტს, 54 წლის ასაკში.

შვილები რედაქტირება

  1. მკვდარშობილი ბავშვი (1695);
  2. მარია ანა კაროლინა (1696-1750), მონაზონი;
  3. კარლ VII (1697-1745), ბავარიის კურფიურსტი, ბოჰემიის მეფე და საღვთო რომის იმპერატორი. ცოლად შეირთო იმპერატორ იოზეფ I-ის ასული მარია ამალია ავსტრიელი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  4. ფილიპ მორიცი (1698-1715), მიუნსტერისა და პადერბორნის ეპისკოპოსი;
  5. ფერდინანდ მარია (1699-1738), ავსტრიული არმიის ფელდ-მარშალი;
  6. კლემენს ავგუსტი (1700-1761), კელნის ეპისკოპოსი, ჰილდსჰაიმის მთავარ-ეპისკოპოსი;
  7. ვილჰელმი (1701-1704), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  8. ალოის იოჰანი (1702-1705), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  9. იოჰან თეოდორე (1703-1763), კარდინალი, რეგენსბურგის მთავარ-ეპისკოპოსი, ლიეჟისა და ფრაიზინგის ეპისკოპოსი;
  10. მაქსიმილიან ემანუელი (1704-1709), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა რედაქტირება

  • Christian Probst: Lieber bayrisch sterben. Der bayrische Volksaufstand der Jahre 1705 und 1706. Süddeutscher Verlag, München 1978, ISBN 3-7991-5970-3.
  • Britta Kägler: Weibliche Regentschaft in Krisenzeiten. Zur Interimsregierung der bayerischen Kurfürstin Therese Kunigunde (1704/05), in: zeitenblicke 8, Nr. 2, [30. Juni 2009], URL: http://www.zeitenblicke.de/2009/2/kaegler/index_html, URN: urn:nbn:de:0009-9-19660
  • Claudia von Kruedener: Die bayerische Kurfürstin Therese Kunigunde (1676–1730). Regentin, Stifterin, Unternehmerin, Regensburg: Pustet 2020, ISBN 978-3-7917-3130-8.