ტარიელ ჩუბინიშვილი

ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი

ტარიელ ჩუბინიშვილი (დ. 14 ნოემბერი, 1920, თბილისი — გ. 1983) — ქართველი არქეოლოგი, ისტორიკოსი, მეცნიერი და პედაგოგი. კითხულობდა ლექციებს სამხატვრო აკადემიაში, სულხან-საბა ორბელიანის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში.

ტარიელ ჩუბინიშვილი
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1920(1920-11-14)
დაბ. ადგილი თბილისი
გარდ. თარიღი 1983
მოქალაქეობა  სსრკ
საქართველოს სსრ
საქმიანობა ისტორიკოსი, არქეოლოგი და პედაგოგი
მუშაობის ადგილი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიოგრაფია რედაქტირება

ტარიელ ჩუბინიშვილი დაიბადა 1920 წლის 14 ნოემბერს იურისტ ნიკოლოზ ჩუბინიშვილის ოჯახში. მან მშობლები ადრე დაკარგა და ზრდიდა ბიძა, ალექსანდრე თაყაიშვილი, რომელიც იყო მსახიობი, რეჟისორი და ქართული მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ტარიელ ჩუბინიშვილი გატაცებული იყო ჰუმანიტარული მეცნიერებით. 1939 წელს იგი შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ასპირანტურაში — არქეოლოგიის სპეციალობით. ამ პერიოდში იგი მუშაობდა სამთავროს სამაროვანის უძველესი ხანის ორმოსამრხებზე. 1953 წელს მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, რომელიც 1957 წელს ცალკე მონოგრაფიად გამოიცა.

1953 წელს ტარიელ ჩუბინიშვილმა მუშაობა დაიწყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში. იგი მონაწილეობდა შიდა ქართლის, იმერეთის, წალკა-თრიალეთისა და სხვადასხვა ექსპედიციებში და მისი კვლევის ობიექტი ხდება ადრებრინჯაოს ხანის ძეგლები, მტკვარ-არაქსის კულტურა.

იკვლევდა ზემო ქართლისა და მესხეთ-ჯავახეთის სიძველეებს. ერთ-ერთი დაზვერვის დროს მან დააფიქსირა ამირანის გორა ახალციხეში და ამირანის გორა ახალქალაქში. ამ უკანასკნელზე მან ჩაატარა სადაზვერვო სამუშაოები, ხოლო ახალციხის ამირანის გორაზე დაიწყო სტაციონალური გათხრები, რითაც ფაქტობრივად საფუძველი ჩაუყარა ამ რეგიონის არქეოლოგიის მეცნიერულ შესწავლას. ძეგლის კვლევას მიეძღვნა 1963 წელს გამოსული მონოგრაფია „ამირანის გორა. მასალები მესხეთ-ჯავახეთის უძველესი ისტორიისათვის“.

1960-1970 წლებში მან დაიწყო ქვემო ქართლში არუხლოს ჯგუფის ძეგლების გათხრა და შესწავლა; ერთ-ერთმა პირველმა მოაწყო კომპლექსური ექსპედიცია და არქეოლოგიური ძეგლის მრავალმხრივი შესწავლის მიზნით ექსპედიციაში მოიწვია სხვადასხვა დარგის სპეციალისტები: პალეობიოლოგები, პალეობოტანიკოსები, ნიადაგმცოდნეები და გეოლოგები. 1971 წელს გამოვიდა მისი კიდევ ერთი მონოგრაფია „სამხრეთ კავკასიის უძველესი ისტორიისათვის (V-III ათასწლეულები)“, სადაც განხილულია კარდინალური საკითხები მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობისა და გავრცელების შესახებ.

1972 წლიდან, სიცოცხლის ბოლომდე ტარიელ ჩუბინიშვილს არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ენეოლით-ადრე ბრინაჯოს ხანის განყოფილების გამგის თანამდებობა ეკავა.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფხაკაძე გ., ტარიელ ჩუბინიშვილი (1920-1983), ჟურნალი „ძიებანი“, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის ჟურნალი, № 6, თბ. 2000, გვ., 112-115

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება