ტაიტი (ფრანგ. Tahiti) — კუნძული წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, საფრანგეთის პოლინეზიაში მდებარე საზოგადოების კუნძულთა ჯგუფში (Îles de la Société). ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრია. ეს მთაგორიანი კუნძული ვულკანური წარმოშობისაა და შემოსაზღვრულია მარჯნის რიფებით. მოსახლეობა შეადგენს 178 133 ადამიანს (2007), აქ თავს იყრის მთლიანად საფრანგეთის პოლინეზიის მოსახლეობის 68,6 %. ერთადერთი ოფიციალური ენაა ფრანგული, თუმცა ადგილობრივ, ტაიტურ ენაზე მოსაუბრეც საკმაოდ ბევრი მოქალაქეა.

ტაიტი
მშობ. სახელი: ფრანგ. Tahiti

ტაიტის სანაპირო
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები 17°25′00″ ს. გ. 149°27′00″ დ. გ. / 17.41667° ს. გ. 149.45000° დ. გ. / -17.41667; -149.45000
მთავარი კუნძული ტაიტი
ფართობი 1045 კმ²
უმაღლესი წერტილი 2241 მ
ოროენა
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი
უდიდესი ქალაქი პაპეეტე (მოს. 131 695)
დემოგრაფია
მოსახლეობა 178 133 (2007)
სიმჭიდროვე 170 ად. /კმ²
საფრანგეთის პოლინეზიის მდებარეობა

კუნძულის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობს დედაქალაქი პაპეეტე. აქაა ერთადერთი აეროპორტი მთელს რეგიონში, ქალაქის ცენტრიდან 5 კმ-ით მოშორებით.

გეოგრაფია რედაქტირება

 
ტაიტის რუკა

ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის უდიდესი და უმაღლესი კუნძულია. ჰავაიდან 4400 კმ-ით სამხრეთით მდებარეობს, ჩილედან 7900 კმ-ით დასავლეთით, ხოლო ავსტრალიიდან 5700 კმ-ით აღმოსავლეთით. კუნძულის სიგრძე 45 კმ-ია, ხოლო ფართობი 1045 კმ². უმაღლესი ადგილია ოროენას მთა (2241 მ).

ტაიტის ცენტრალური ნაწილი თითქმის დაუსახლებელია. აქ განსაკუთრებით ბევრი პატარა ნაკადულია.

კლიმატი რედაქტირება

ნოემბრიდან აპრილამდე, ტაიტიზე სველი სეზონია. ყველაზე წვიმიანი თვე იანვარია (335 მმ). უმშრალესი თვეა აგვისტო (48 მმ).

საშუალო წლიური ტემპერატურაა 21 °C - 31 °C. ტემპერატურის ყველაზე დაბალი, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირებულია 16 °C, ხოლო ყველაზე მაღალი 34 °C.

ისტორია რედაქტირება

ჩვ.წ 300-800 წლებში, ტაიტი დასახლებული იყო პოლინეზიელებით. 1880 წლიდან, ტაიტი საფრანგეთის კოლონიაა, თუმცა 1846 წლამდე ადგილობრივებს საფრანგეთის მოქალაქეობის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტები არ ეძლეოდათ.

პოლიტიკური წყობა რედაქტირება

ტაიტის მაცხოვრებლები საფრანგეთის სრულუფლებიანი მოქალაქეები არიან სრული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით. ოფიციალური ენა ფრანგულია. აღსანიშნავია, რომ 1960-70-იანი წლებში, სკოლებში ტაიტურ ენაზე ლაპარაკიც კი იკრძალებოდა. ამჟამად სიტუაცია შეცვლილია და ტაიტური ენა სკოლებში ცალკე საგნად ისწავლება.

ტაიტი საფრანგეთის პოლინეზიის ნაწილია, ეს უკანასკნელი კი საფრანგეთის ნახევრადავტონომიური ტერიტორიაა, საკუთარი ასამბლეით, პრეზიდენტით, ბიუჯეტით და სამართლით. საფრანგეთის გავლენა ძირითადად სუბსიდიებზე, განათლებასა და უსაფრთხოებაზე ვლინდება.

საფრანგეთის პოლინეზიის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ოსკარ ტემარუ, საფრანგეთისგან სრული დამოუკიდებლობის მომხრეა, თუმცა მის ამ შეხედულებას მოსახლეობის მხოლოდ 20 % იზიარებს.

2006 წლის 26 ივნისს, საფრანგეთის ოკეანიის რიგით მეორე სამიტის მიმდინარეობისას, პრეს-კონფერენციაზე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ჟაკ შირაკმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს დამოუკიდებლობა, შესაძლო რეფერენდუმისთვის ამ საკითხზე, მომავალში გზა ხსნილია.

დემოგრაფია რედაქტირება

 
ტაიტელი ბავშვები, 1906 წ.

ტაიტის მოსახლეობა შეადგენს 178 133 ადამიანს (2007). მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, 70 %-ს შეადგენენ ადგილობრივი პოლინეზიელები. ასევე ცხოვრობენ მეტროპოლიიდან გადმოსახლებული ფრანგები 20 % (ძირითადად პაპეეტეში) და აღმოსავლეთ აზიელები (ძირითადად ჩინელები).

ადმინისტრაციული დაყოფა რედაქტირება

 
კუნძულ ტაიტის ადმინისტრაციული რუკა

კუნძული ტაიტი შედის ქარსზედა კუნძულების ადმინისტრაციულ დანაყოფში. მისი ტერიტორია შედგება 12 კომუნისაგან:

კომუნა ფართობი,
კმ²
მოსახლეობა,[1]
ად. (2007)
ქარსზედა კუნძულები
1 არუე (კუნძულ ტეტიაროას ჩათვლით — 6 კმ²) 16 9458
2 ფააა 34 29 851
3 ჰიტია ო ტე რა 218 8683
4 მაინა 52 14 369
5 პაეა 65 12 084
6 პაპარა 93 10 615
7 პაპეეტე (დედაქალაქი) 19 26 017
8 პირაე 35 14 475
9 პუნააუია 76 25 441
10 ტაიაპაპუ-ესტი (კუნძულ მეჰეტიას ჩათვლით — 2,3 კმ²) 218 11 549
11 ტაიაპაპუ-ოუესტი 104 7002
12 ტევა ი იუტა 120 8589
სულ 1050 178 133

ტრანსპორტი რედაქტირება

ტაიტიზე მდებარეობს ფააას საერთაშორისო აეროპორტი. ძირითადი ადგილობრივი ავიაკომპანიაა ეარ ტაიტი ნუი. გადაადგილების კიდევ-ერთი უმნიშვნელოვანესი სახეობაა ბორანი.

განათლება რედაქტირება

ტაიტიზე არსებობს ფრანგული უნივერსიტეტისაფრანგეთის პოლინეზიის უნივერსიტეტი. სასწავლებელში 2000 სტუდენტი სწავლობს. სასწავლო პროგრამა მრავალფეროვანია, მათ შორისაა სამართალი, ეკონომიკა, მეცნიერება და ლიტერატურა.

სპორტი რედაქტირება

ტაიტიში სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობაა რაგბი. ტაიტის რაგბის ნაკრები ჩამოყალიბდა 1989 წელს და უკვე 1994 წელს შეუერთდა რაგბის საერთაშორისო საბჭოს.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. (ფრანგული) Institut Statistique de Polynésie Française (ISPF). Recensement de la population 2007 (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-12-03. ციტირების თარიღი: 2007-12-02.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება