სომხეთ-საბერძნეთის ურთიერთობები

სომხეთ-საბერძნეთის ურთიერთობები აღნიშნავს ორმხრივ ურთიერთობებს სომხეთის რესპუბლიკასა და საბერძნეთის რესპუბლიკა შორის. პოლიტიკური, კულტურული და რელიგიური სიახლოვის გამო ორ ქვეყანას შორის მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობებია დამყარებული. სომხეთის სამი პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთში და ქვეყნებს შორის უმაღლესი დონის შეთანხმებებიც გაფორმდა. საბერძნეთმა სომხების გენოციდი 1996 წელს აღიარა, ხოლო სომხეთმა 2015 წელს ბერძნების გენოციდი ცნო. სომხეთის საელჩო საბერძნეთში, ათენში მდებარეობს, ხოლო საბერძნეთის საელჩო სომხეთში, ერევანშია განთავსებული.[1]

სომხეთ-საბერძნეთის ურთიერთობები
Map indicating locations of Armenia and Greece

სომხეთი

საბერძნეთი

სახელწოდებები რედაქტირება

ბერძნულ ენაზე სომხეთს Αρμενία ეწოდება, ხოლო სომხებს - Αρμένιοι. სომხური ენა αρμένικα-დ იწოდება. სომხურ ენაზე საბერძნეთს Հունաստան ჰქვია, ბერძნებს - հույներ, ხოლო ბერძნულ ენას - Հունարեն. სომხური სიტყვის, Հայաստան ბერძნული ტრანსკრიფციაა Χαγιαστάν , ხოლო ბერძნული სიტყვის, Ελληνικά სომხური ტრანსკრიფციაა էլլինիկա.[2]

პოლიტიკური ურთიერთობები რედაქტირება

საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი სახელმწიფო იყო, რომელმაც სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა (1991 წლის 21 სექტემბერი). საბერძნეთის საელჩო სომხეთში, ერევანშია განთავსებული, ხოლო სომხეთის საელჩო საბერძნეთში, ათენში მდებარეობს. საბერძნეთი ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც სომხების გენოციდი ოფიციალურად აღიარა და ერთ-ერთია იმ მცირე რაოდენობის ქვეყნებს შორის, რომლებიც გენოციდის უარყოფას დანაშაულად მიიჩნევენ.[3][4]

სომხეთის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორი ქვეყანა მრავალი საერთაშორისო ორგანიზაციის ჩარჩოს შესაბამისად თანამშრომლობს (გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია, ევროპის საბჭო, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია). საბერძნეთი მხარს უჭერს იმ პროგრამებს, რომლებიც ევროპის კავშირსა და სომხეთს შორის ურთიერთობების განვითარებისკენაა მიმართული.

უმაღლესი დონის ვიზიტები ცხადყოფს, რომ ქვეყნებს მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის დონის ამაღლება სურთ. სომხეთის პრეზიდენტი, ლევონ ტერ-პეტროსიანი საბერძნეთს 1996 წელს ეწვია, ხოლო საბერძნეთის პრეზიდენტი კონსტანტინოს სტეფანოპულოსი 1999 წელს იმყოფებოდა სომხეთში. სომხეთის პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი საბერძნეთს ორჯერ, 2000 და 2005 წელს ეწვია ოფიციალური ვიზიტით. სერჟ სარქისიანი საბერძნეთში 2011 წელს იმყოფებოდა, ხოლო საბერძნეთის პრეზიდენტს, კაროლოს პაპულიასს სომხეთმა 2014 წელს უმასპინძლა.[5][6]

სამხედრო თანამშრომლობა რედაქტირება

 
საბერძნეთის ამჟამინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი - ნიკოს დენდიასი

რუსეთის შემდეგ საბერძნეთი სომხეთის ერთ-ერთი უმთავრესი სამხედრო პარტნიორია. სომეხი ოფიცრები საბერძნეთის სამხედრო აკადემიებში იღებენ განათლებას და წვრთნებს გადიან. საბერძნეთი სომხეთს ტექნიკური მხარდაჭერითაც უზრუნველყოფს. 2003 წლიდან სომხური ქვედანაყოფი კოსოვოს შეიარაღებული ძალების ბერძნული ბატალიონის შემადგენლობაში შედის. 2011 წელს სომხეთის სამხედრო ატაშემ საბერძნეთსა და კვიპროსში, სამველ რამაზიანმა განაცხადა, რომ სომხურ-ბერძნული სამხედრო თანამშრომლობა სტაბილურად ვითარდება.[7]

შეთანხმებები რედაქტირება

სომხეთსა და საბერძნეთს შორის არაერთი ორმხრივი შეთანხმებაა დადებული, მათ შორის: შეთანხმება ეკონომიკის, მრეწველობისა და ტექნოლოგიის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ (ძალაში შევიდა 1994 წლის 1 დეკემბერს), შეთანხმება ინვესტირების ხელშეწყობისა და საერთო დაცვის შესახებ (ძალაში შევიდა 1995 წლის 28 აპრილს), შეთანხმება სამხედრო სექტორში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ (1996 წლის ივნისი), შეთანხმება ორმაგი გადასახადების არიდების შესახებ (ძალაში შევიდა 1999 წლის 13 მაისს) და სხვ.[8]

დიასპორები რედაქტირება

სომხეთში 1800-დან 5 000-მდე ბერძენი ცხოვრობს. სომხეთში ბერძნების რაოდენობის კლება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ საბერძნეთში მასობრივი მიგრაციის შედეგია, რაც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის შემდეგ სომხეთში ეკონომიკური სიტუაციის გაუარესებით იყო გამოწვეული. მიგრაცია განაპირობა 1988 წლის დეკემბერში ლენინაკანში მომხდარმა მიწისძვრამაც. ბერძნების უმრავლესობა კი სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ცხოვრობდა. უდიდესი ბერძნული თემები ერევანსა და ალავერდშია. ბერძნები ცხოვრობენ ვანაძორის, გიუმრის, სტეფანავანისა და ნოემბრიანის მიდამოებშიც.[3][9]

საბერძნეთში სომხური დიასპორის რაოდენობა გაცილებით დიდია და 50 000-მდე სომეხს ითვლის. საბერძნეთში სომხების რაოდენობის კლებას ჩრდილოეთ ამერიკაში მიგრაციამ შეუწყო ხელი. უდიდესი სომხური თემები ათენსა და თესალონიკშია.[10]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Adoption of declaration to certify that Armenia recognizes Greek and Assyrian genocide: Eduard Sharmazanov. armenpress.am (2015). ციტირების თარიღი: 21 April 2017.
  2. Google Translate. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  3. 3.0 3.1 Greece’s Bilateral Relations. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  4. There took place Armenian-Greek high-level negotiations in Presidential Palace - Press releases - Updates - The President of Armenia. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  5. Armenia's president visits Greece and Cyprus. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
  6. Armenia's president visits Greece and Cyprus. ციტირების თარიღი: 2016-12-20.
  7. In Greece, diplomatic military corps marks Armenian Army Day (PHOTO). ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  8. Armenia - Bilateral Investment Treaties (BITs). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-12-08. ციტირების თარიღი: 2015-11-29.
  9. https://web.archive.org/web/20041012210955/http://www.ggae.gr/gabroad/organosi.el.asp
  10. https://web.archive.org/web/20060721004846/http://www.armenians.gr/english/index1024_en.html