სოლოლაკის გვირაბი

გვირაბი თბილისში, სოლოლაკის ქედის ქვეშ

სოლოლაკის გვირაბი — გვირაბი თბილისში, გაჭრილია სოლოლაკის ქედში და აკავშირებს ქალაქის ისტორიულ ცენტრს (ლადო ასათიანის ქუჩა) თბილისის ბოტანიკურ ბაღთან. 2009 წლიდან საზოგადოებრივი დანიშნულებით აღარ გამოიყენება.

სოლოლაკის გვირაბი
სოლოლაკის გვირაბი (თბილისი)
ზოგადი ინფორმაცია
სტატუსი დახურული
კლასიფიკაცია გვირაბი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
დაიწყო 1909
დასრულდა 1914
გაიხსნა 28 ივნისი 1916

ისტორია რედაქტირება

სოლოლაკის ქედში გვირაბის გაჭრის იდეა პირველად ინჟინერ-პოლკოვნიკმა სტანისლავ ვეისენგოფმა წამოაყენა 1860-იან წლებში. მას ვასილ ბებუთოვის (ახლანდ. ლადო ასათიანის) ქუჩა უმოკლესი გზით უნდა დაეკავშირებინა აბანოების უბანთან.[1]

1901 წელს თბილისის ქალაქის გამგეობაში განცხადება შეიტანეს ხმოსანმა ი. ა. ალიბეგოვმა და სამთო ინჟინრებმა პეტრე ბრაილოვსკიმ და კონსტანტინე ხატისოვმა მათთვის სოლოლაკსა და ბოტანიკური ბაღს შორის კონცესიის წესით გვირაბის გაჭრის უფლების მინიჭების თაობაზე.[2] პროექტი ხანგრძლივი განხილვის შემდეგ დამტკიცდა. გვირაბის მშენებლობა 1909-1914 წლებში მიმდინარეობდა. ბრაილოვსკის გარდაცვალების შემდეგ (1911) მისმა ქვრივმა თამარ ერისთავმა მის წილ საკონცესიო უფლებაზე უარი თქვა და ხატისოვი ერთადერთი კონცესიონერი გახდა.[3] გვირაბი ოფიციალურად 1916 წლის 28 ივნისს გაიხსნა; ლენტი საზეიმოდ მეფისნაცვლის თანაშემწემ სამხედრო საკითხებში, ინფანტერიის გენერალმა ნიკოლაი იანუშკევიჩმა გაჭრა. გვირაბის სიგრძე 109 საჟენი (232,56 მ) იყო, ხოლო სიგანე — დაახლ. 1-2 საჟენი (3-4,5 მ); აღჭურვილი იყო ელექტროგანათებით.[4]

საბჭოთა პერიოდში გვირაბი დაგრძელდა 360 მ-მდე და რამდენადმე გაფართოვდა. ის ათწლეულების განმავლობაში გამოიყენებოდა საქვეითო გადაადგილებისთვის. 2005 წელს გვირაბის ნაწილი დაეთმო ღამის კლუბ „გვირაბს“, რომელიც 2009 წელს გაუქმდა, ხოლო თავად გვირაბი საზოგადოებისთვის დაიხურა. 2019 წელს მოქალაქეების ნაწილმა შეადგინა პეტიცია გვირაბის აღდგენის მოთხოვნით. საპასუხოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ნაგებობა წარმოადგენდა უწყების ბალანსზე არსებულ „განსაკუთრებით მნიშვნელოვან საიდუმლო ობიექტს“.[5]

სქოლიო რედაქტირება

  1. კვირკველია, თ. ძველთბილისური დასახელებანი. - თბ. : საბჭ. საქართველო, 1985.
  2. გაზ. „ივერია“, 1901, № 68.
  3. გაზ. Кавказ, 1912, №264.
  4. გაზ. Кавказ, 1916, №141.
  5. თავდაცვის სამინისტრო სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „პირველი არხი“. 10 მაისი, 2019.