სიმონ ხეჩინაშვილი (დ. 1859)

სიმონ ივანეს ძე ხეჩინაშვილი, ხეჩინოვი, (დ. 1859, ახალციხე, — გ. 1926, ბერლინი) — ქართველი ექიმი, საზოგადო მოღვაწე.

სიმონ ხეჩინაშვილი წარმოშობით იყო ახალციხელ კათოლიკეთა ოჯახიდან. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ — მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი (1884). დახელოვნდა საფრანგეთში, გერმანიაში, შვედეთში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ძირითადად ქუთაისშიმოღვაწეობა. სხვადასხვა დროს იყო ქუთაისის ქალაქის ამბულატორიის, გიმნაზიის ექიმი, ქუთაისის სამედიცინო საზოგადოების თავმჯდომარე. მისი ინიციატივით (დ. ნაზარიშვილთან და გ. გოკიელთან ერთად) ქუთაისში აშენდა 250 საწოლიანი საავადმყოფო. უსასყიდლოდ მკურნალობდა ქუთაისის თეატრის დასს, დასავლეთ საქართველოს ღარიბ მოსახლეობას, კითხულობდა საგანმანათლებლო ლექციებს სამედიცინო თემებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად იბეჭდებოდა საქართველოს იმდროინდელ პრესაში.

სამედიცინო პრაქტიკის პარალელურად ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. იყო ქუთაისის გუბერნიის ღარიბ სტუდენტთა დამხმარე საზოგადოების თავმჯდომარე. 1892 წელს ქუთაისის სათათბიროს მესამე თანრიგის ხმოსნად აირჩიეს. 1912 წლიდან იყო „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი. 1925 წელს სამკურნალოდ ჩავიდა ბერლინში, სადაც მისი ქალიშვილი მარიამი (მარუსა) და სიძე ტიტე მარგველაშვილი ცხოვრობდნენ. გარდაიცვალა იქვე. დაკრძალულია ქუთაისში.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება