სვანთა სავანე, ამტყელიზედა პალეოლითური ხანის ადრინდელი საფეხურის ნაბინარი მღვიმე სოხუმიდან 35 კმ-ზე, მდინარეების ამტყელისა და ჯამპალის შესართავთან 200 მ-ზე. მღვიმის სიგრძეა 10 მ, სიგანე — 12–13 მ, სიმაღლე 15 მ. აღმოაჩინეს 1958 წელს, გათხარეს 1963–1965 წლებში (ნ. ზ. ბერძენიშვილი). ფიქსირებულია (1,5 მ სიმძლავრის) 4 ლითოლოგიური ფენა. არქეოლოგიურ მასალას შეიცავს IV ფენა. სვანთა სავანე პირველყოფილ ადამიანთა ხანგრძლივ ნაბინარს წარმოადგენს. ქვის იარაღის დამუშავება იქვე ხდებოდა. ნაპოვნია ზედა პალეოლითური ხანის 4500-ზე მეტი ქვის ნივთი (საჭრისები, საფხეკები, გრავტის ტიპის მაგვარი იარაღი, მიკროიარაღი და სხვა). აგრეთვე მუსტიეს ხანის იარაღი და წარმოების ნაშთები. ფაუნიდან აღსანიშნავია დომბის, შვლის, მღვიმური დათვის, ჯიქის ძვლების ნაშთები.

მასალა დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლიტერატურა რედაქტირება