საჯიდა ხაირალა ტალფაჰი

საჯიდა ხაირალა ტალფაჰი, არაბ.ساجدة خيرالله طلفاح‎ (დ.1937), - ერაყის პრეზიდენტ სადამ ჰუსეინის პირველი მეუღლე, მისი ხუთი შვილის დედა.

საჯიდა ხაირალა ტალფაჰი
დაბადების თარიღი 1937
თიქრითი, ერაყი
ეროვნება არაბი
საქმიანობა პედაგოგი
რელიგია ისლამი
მეუღლე(ები) სადამ ჰუსეინი
შვილ(ებ)ი უდაი, ყუსეი, რაღადი, რანა, ჰალა

საჯიდა ხაირალა ტალფაჰი მოკრძალებულ ცხოვრებას ეწეოდა. მეუღლის გაპრეზიდენტებამდე ის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად, შემდეგ კი დირექტორად მუშაობდა. თავად ტალფაჰების ოჯახი მიეკუთვნება თიქრითულ კლანს, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ერაყის სამხედრო-პოლიტიკურ ცხოვრებაში.

მამა რედაქტირება

არმიის ოფიცერმა ხაირალა ტალფაჰმა მონაწილეობა მიიღო 1941 წ.პროგერმანულ სამხედრო გადატრიალებაში, რისთვისაც იგი ექვსი წლის განმავლობაში საპატიმროში იხდიდა სასჯელს. მასთან ტიკრიტში იზრდებოდა დისწული სადამ ჰუსეინი, რომლის მამა გარდაცვლილი იყო, დედა კი ხელმეორედ დაქორწინდა. ადგილობრივი წეს-ჩვეულების შესაბამისად, ბიძაშვილ-მამიდაშვილებმა სადამმა და საჯიდამ იქორწინეს 1958 წელს. ახლო აღმოსავლეთში გავრცელებული ტრადიციის თანახმად, გარიგებით ქორწინება ჯერ კიდევ მათი ბავშვობის პერიოდში გადაწყვიტეს ოჯახის წევრებმა.[1] 1958 წელს ხაირალამ ბაღდადის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, მოგვიანებით კი სხვა თანამდებობიც გამოცვალა.

ძმა რედაქტირება

ერაყულ საზოგადოებაში უფრო მეტად გაითქვა სახელი საჯიდას ძმამ ადნან ხაირალამ, რომლის სიძეს აჰმედ ჰასან ალ-ბაქრის 1968-79 წწ. პრეზიდენტის თანამდებობა ეკავა. თავად ადნანი უმაღლესი რევოლუციური საბჭოს წევრი, პრემიერ-მინისტრის მოადგილე, უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე და 1979-1989 წლებში თავდაცვის მინისტრი იყო. ამ პერიოდში მიმდინარეობდა ირანთან გამაჩანაგებელი ომი, რომლის დროს ადნან ხაირალამ პოპულარობა მოიხვეჭა როგორც არმიაში, ასევე უბრალო ადამიანებს შორის. 1989 წლის 4 მაისს შვეულმფრენში ყოფნისას ის აფეთქების შედეგად დაიღუპა. ოფიციალური ვერსიით, ეს უბედური შემთხვევა ქვიშის შტორმმა გამოიწვია, თუმცა გავრცელდა ხმები, რომ გენერალ-პოლკოვნიკი სავარაუდოდ სადამის შურისძიებას ემსხვერპლა მისი ავტორიტეტით გამოწვეული შურის გამო. როგორც გავლენიანი სამხედრო მეთაური, ის საშიშროებას წარმოადგენდა სადამისთვის.[2] სადამ ჰუსეინმა დიდი პატივით დაკრძალა ცოლისძმა, ხოლო ქუჩებს, მოედნებს თუ ჰოსპიტლებს მისი სახელი მიანიჭა. პარტია "ბაასის" მმართველობის ხანის სხვა ლიდერებისგან განსხვავებით, მისი ძეგლის დემონტაჟი ბაღდადში მხოლოდ 2009 წელს მოხდა, რაც მისი წარსული დამსახურების გამოძახილი იყო.

გახიზვნა რედაქტირება

ბაღდადის სიახლოვეს კოალიციური ძალების გამოჩენასთან ერთად გავრცელდა ინფორმაცია, რომ საჯიდამ და მისმა ორმა ქალიშვილმა მათ შვიდ შვილთან ერთად ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ მოსულის მახლობლად თავი შეაფარეს ერთ-ერთი გავლენიანი ტომის ლიდერს.[3]

ვინაიდან სადამის ოჯახის ძებნის ოპერაცია გაფართოვდა, დედა სამ ქალიშვილთან და 11 შვილიშვილთან ერთად სირიაში გაემგზავრა. მოგვიანებით რაღადი და რანა იორდანიაში გადავიდნენ, სადაც სახლი შეიძინეს, საჯიდა და მესამე ქალიშვილი ჰალა კი ყატარში დასახლდნენ. ვინაიდან ოჯახს ბევრი მტერი ჰყავს, ისინი ერიდებიან საზოგადოებრივ აქტიურობას.[4]

სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შემდეგ სასამართლო პროცესზე მისი უფლებების დასაცავად მეუღლემ 2004 წელს ადვოკატები დაიქირავა. ორი წლის შემდეგ მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში მუვაფაყ ალ-რუბაიემ გამოაცხადა, რომ ხელისუფლების მიერ შექმნილ დასაპატიმრებელ პირთა სიაში საჯიდას მე-16 ადგილი ეკავა, მის ქალიშვილს რაღადს კი - მე-17. ორივეს ბრალი ედებოდა ყატარიდან ერაყში მოქმედი სუნიტური გასამხედროებული დაჯგუფებების დაფინანსებაში, რასაც ოჯახი მტკიცედ უარყოფდა.[5]

შვილები რედაქტირება

უფროსი ძე უდაი ოლიმპიური კომიტეტის მეთაური და სადამის პირადი გვარდიის "ფედაინის" ხელმძღვანელი იყო, რომლის სახელი მკვლელობებთან და ძალადობასთან იყო ასოცირებული. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მოხდა ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის პატივსაცემად გამართულ წვეულებაზე, სადაც უდაიმ მამის პირადი მცველი მოკლა - მას სადამისთვის მეორე მეუღლის სამირა შაჰბანდარის გაცნობის ხელშეწყობა დააბრალა.

ყუსეის ერთხანს შიდაუსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა ეკავა. ორივე ძმა ძებნილთა სიაში იმყოფებოდა, ამიტომ ისინი გასაიდუმლოებულ ადგილას იმალებოდნენ. მათ დასაკავებლად ინფორმაციის გაცემის ფულადი ჯილდო ამერიკულ სამხედრო სარდლობას 30 მლნ დოლარად ჰქონდა შეფასებული. თანხის მიღების დაინტერესების გამო სადამის შვილები თავად იმ სახლის მფლობელმა გასცა, სადაც ძმებს თავი ჰქონდათ შეფარებული. მასშტაბური სამხედრო ოპერაციის შედეგად, ამერიკულმა ძალებმა უდაი და ყუსეი 2003 წლის 22 ივლისს მოკლეს.

რაღადის ქმარი, გენერალი ჰუსეინ ქამალ ჰასანი მრეწველობის მინისტრი იყო, რომელიც 1995 წელს იორდანიაში გაიქცა. სიმამრმა ამნისტიის შეპირებით ის ბაღდადში ჩაიტყუა, სადაც ღალატის ბრალდებით მოაკვლევინა. იგივე ბედი ეწია რანას მეუღლეს სადამ ქამალ ალ-მაჯიდს, რომელიც ამავდროულად გენერალ ჰასანის ძმა იყო. მოგვიანებით ერაყის ახალი ხელისუფლება იორდანიის სამეფოს რაღადის ექსტრადიციას უშედეგოდ სთხოვდა, სი-ენ-ენის თანახმად კი სადამის ასული მემუარების გამოცემად ემზადებოდა.[6]

მესამე ქალიშვილის ჰალას მეუღლეს ქამალ მუსტაფა აბდულას 2011 წელს ჩამოხრჩობით სიკვდილი მიესაჯა ერაყში ოცი წლით ადრე შიიტური აჯანყების ჩახშობისას ჩადენილი დანაშაულის გამო.

2018 წელს ერაყის სასამართლომ მიიღო განჩინება სადამ ჰუსეინის, მისი მეუღლეების, შვილების, შვილიშვილების, ნათესავების და სხვა დაახლოებული პირების უძრავ-მოძრავი ქონების კონფისკაციის შესახებ. საერთო ჯამში ამ სიაში 4257 ადამიანი აღმოჩნდა.[7] ეს გარემოება და, აგრეთვე, ოჯახის ზოგი წევრის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეუძლებელს ხდის ემიგრაციაში იძულებით მყოფი საჯიდა ხაირალა ტალფაჰის ან მისი ქალიშვილების სამშობლოში დაბრუნებას.

სქოლიო რედაქტირება

  1. Sajida Talfah allthatsinteresting.com
  2. Robert Fisk, The Great War for Civilization, Happer Perennial, 2006, გვ. 918. 
  3. Report: Saddam's second wife lives in Beirut www.albawaba.com
  4. Saddam Hussein's family sits in exile scattered across the Arab world დაარქივებული 2019-09-09 საიტზე Wayback Machine. dailystar.com.lb
  5. Profiles:Sajida Talfah thefamouspeople.com
  6. Saddam Hussein's daughter, interview edition.cnn.com
  7. Iraq orders confiscation of assets of Saddam Hussein’s relatives, aides archive.siasat.com