საქაშეთის კოშკი – კოშკი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის ცენტრში. თარიღდება XVIII საუკუნით. შესასვლელის თავზე, მარმარილოს ფილაზე ამოკვეთილი მხედრული წარწერის თანახმად კოშკი 1792 წელს აუგია გორის ციხის გარნიზონის უფროსს (მინბაშს) დიმიტრი დიასამიძეს.

კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,6 მ), ოთხსართულიანია, ნაგებია რიყის ქვით, კედლები შიგნით შელესილია, გარეთ მობათქაშებული. დაზიანებულია, განსაკუთრებით, მეოთხე სართული. შესასვლელი ჩრდილო-დასავლეთითაა, მეორე სართულზე. პირველი სართული დამხმარე სათავსია. მის კედლებში ორი სარკმელი და სამი სათოფურია. მეორე და მესამე სართულები საბრძოლო და საცხოვრებელია. ყველა სართულზე, სარკმლებისა და სათოფურების ფარდა, ნიშებიც არის. მესამე სართულის კამარაზე დეკორატიული რომბებია გამოყვანილი. სათავსი უფრო ნათელია. კოშკის სამივე სართული გადახურულია კონუსური კარებით. მეოთხე სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანი იყო. მის კედლებში სათოფურები, სალოდეები და საზარბაზნეებია გაჭრილი. სართულები ერთმანეთს უკავშირდება კედელში დატანებული კიბით.

ლიტერატურა რედაქტირება

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 5. თბ., 1990.