საქართველოს ფლორა

საქართველოს მცენარეთა სამყარო (ფლორა) მდიდარი და მრავალფეროვანია. იგი დაახლოებით 13 300 სახეობას ითვლის, მათ შორის 4225 თესლოვან მცენარეთა რიცხვს მიეკუთვნება, 75 - გვიმრისებურს, 600 - ხავსებს, 650 - ლიქენებს, 5000 - სოკოვნებსა და 2000 - წყალმცენარეებს.

საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესოა საქართველოს ფლორის განვითარების ისტორია. მესამეულ პერიოდში საქართველოს ფლორა ტროპიკული მცენარეულობის სახის და ძირითადად მარადმწვანე იყო. თანდათან, კლიმატის აცივებასთან ერთად, ტროპიკული მცენარეულობა ჯერ სუბტროპიკულით, ხოლო შემდგომ ზომიერი კლიმატური სარტყლისათვის დამახასიათებელი ფლორით იცვლებოდა. საქართველოს ტერიტორიაზე მეოთხეულ გამყინვარებას ცივი ქვეყნების ფლორის ცალკეულ წარმომადგენელთა შემოჭრა მოჰყვა.

კავკასიაში უძველესი ფლორის არსებობისათვის ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები შენარჩუნებული იქნა მხოლოდ კოლხეთსა და თალიშში (აზერბაიჯანი). სწორედ აქ, მიუხედავად მეოთხეულის გამყინვარებისა, შენარჩუნებულია შედარებით თბილი და ნოტიო ჰავა, შესაბამისი - სითბოსა და ტენის მოყვარული მცენარეებით.

ადგილობრივი - ენდემურია მცენარეული სამყაროს 380 სახეობა, რომელთაგანაც ზოგი რელიქტურ მცენარეებსაც მიეკუთვნება. საქართველოს ენდემური მცენარეებიდან ცნობილია ბიჭვინთისა და ელდარის ფიჭვი, სამეგრელოს არყი, საქრთული ნუში და სხვ.

რელიქტური მცენარეები ფართოდაა გავრცელებული კოლხეთში (პონტოს მუხა, შქერი, წყავი და სხვ.). რელიქტები გვხვდება საქართველოს სხვა რაიონებშიც.

ლიტერატურა რედაქტირება

  • შემდგ.: რ. გაგნიძე, ა. დოლუხანოვი, შ. ქუთათელაძე და სხვ., საქართველოს ფლორა ტ. 3 : Juglandaceae-Amaranthaceae, თბ.: მეცნიერება, 1975.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება