საქართველოს მათემატიკის ინსტიტუტი

სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი თბილისში

თსუ-ს ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტი — საქართველოს სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება. ინსტიტუტი მდებარეობს თბილისში, მერაბ ალექსიძის II შესახვევის, №2-ში.

ისტორია რედაქტირება

მათემატიკური კვლევები საქართველოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებისთანავე (1918 წელს) დაიწყო. კვლევების ინიციატორები პირველი ქართველი მათემატიკოსები ა. რაზმაძე, ნ. მუსხელიშვილი, ა. ხარაძე და გ. ნიკოლაძე იყვნენ.

1933 წლის 8 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნ. მუსხელიშვილის დირექტორობით მათემატიკის, ფიზიკის და მექანიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი დაარსდა. 1935 წლის 1 ოქტომბერს ნ. მუსხელიშვილის და მისი უახლოესი კოლეგების ვ. კუპრაძისა და ი. ვეკუას ინიციატივით ზემოხსენებული ინსტიტუტის მათემატიკისა და მექანიკის განყოფილება სსრკ მეცნიერებათა აკადემიის საქართველოს ფილიალის დაქვემდებარებაში მყოფ მათემატიკის ინსტიტუტად გარდაიქმნა. 1941 წლის თებერვალში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დაარსების შემდეგ ინსტიტუტი მის შემადგენლობაში შევიდა. 1944 წელს ინსტიტუტს ანდრია რაზმაძის სახელი მიენიჭა.

საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ბაზაზე შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი.

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 10 სექტემბრის №278 დადგენილების შესაბამისად 2011 წლის 1 იანვრიდან საჯარო სამართლის იურიდიული პირი ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტი რეორგანიზებულ იქნა სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტად.

ნ. მუსხელიშვილთან, ვ. კუპრაძესთან და ი. ვეკუასთან ერთად ინსტიტუტის მათემატიკოსთა პირველ თაობას მიეკუთვნებიან ა. ბიწაძე, ლ. გოკიელი, ა. გორგიძე, დ. დოლიძე, ა. ვალფიში, ნ. ვეკუა, ა. კალანდია, დ. კვესელავა, გ. ლომაძე, კ. მარჯანიშვილი, ლ. მაღნარაძე, შ. მიქელაძე, ა. რუხაძე, ი. ქარცივაძე, ვ. ჭელიძე, გ. ჭოღოშვილი, ა. ხარაძე, ბ. ხვედელიძე. მათმა ფუნდამენტურმა შედეგებმა დრეკადომის მათემატიკურ თეორიაში, სინგულარულ ინტეგრალურ განტოლებებში, კომპლექსურ და ნამდვილი ცვლადის ანალიზში, დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში, ტოპოლოგიაში, რიცხვთა თეორიაში და გამოყენებით მათემატიკაში ინსტიტუტს მსოფლიოში მაღალი სამეცნიერო რეპუტაცია დაუმკვიდრა.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტთან თანამშრომლობდნენ გამოჩენილი უცხოელი მეცნიერები: პ.ს. ალექსანდროვი, ს. ბერგმანი, ს.ნ. ბერნშტეინი, მ.ვ. კელდიში, მ.ა. ლავრენტიევი, ვ.ს. სმირნოვი და ს.ლ. სობოლევი.

მათემატიკის ინსტიტუტს ხელმძღვანელობდნენ:

ინსტიტუტის დირექტორის მოადგილეები სამეცნიერო დარგში იყვნენ ი. ვეკუა (1940-1941), ა. გორგიძე (1941-1954), გ. მანჯავიძე (1954-1977), თ. ბურჭულაძე (1977-1989), ვ. კოკილაშვილი (1989-2006). 2006 წლის ივნისიდან ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე არის რ. გაჩეჩილაძე.

სხვადასხვა დროს ინსტიტუტის სამეცნიერო განყოფილებების გამგეები იყვნენ რ. ბანცური, ს. ბერგმანი, ნ. ბერიკაშვილი, ს. ბერნშტეინი, ვ. ჭელიძე, გ. ჭოღოშვილი, თ. გეგელია, ა. კალანდია, რ. კაპანაძე, ვ. კოკილაშვილი, ა. ხარაძე, ე. ხმალაძე, ბ. ხვედელიძე, ვ. კუპრაძე, ლ. მაღნარაძე, გ. მანია, მ მიქელაძე, შ. მიქელაძე, ნ. მუსხელიშვილი, თ. შერვაშიძე, ო. წერეთელი, ი. ვეკუა, ნ. ვეკუა, ა. ვალფიში, და მეცნიერ თანამშრომლები იყვნენ რ. აბდულაევი, ჯ. გვაზავა, გ თევზაძე, თ. კანდელაკი, ე. ლაგვილავა, ნ. ლაზრიევა, ო. მაისაია, ე. ობოლაშვილი, ვ. პაატაშვილი, დ. პატარაია, ა. ციცქიშვილი, რ. ჭიჭინაძე, გ. ხუსკივაძე, გ. ჯანაშია, ა. ჯიშკარიანი.

ამჟამად ინსტიტუტში არის 9 სამეცნიერო განყოფილება:

  • ალგებრის განყოფილება (გამგე ხ. ინასარიძე)
  • მათემატიკური ლოგიკის განყოფილება (გამგე მ. ჯიბლაძე)
  • გეომეტრია-ტოპოლოგიის განყოფილება (გამგე თ. ქადეიშვილი)
  • მათემატიკური ანალიზის განყოფილება (გამგე ა. მესხი)
  • დიფერენციალური განტოლებების განყოფილება (გამგე ი. კიღურაძე)
  • მათემატიკური ფიზიკის განყოფილება (გამგე რ. დუდუჩავა)
  • დრეკადობის მათემატიკური თეორიის განყოფილება (გამგე ნ. შავლაყაძე)
  • თეორიული ფიზიკის განყოფილება (გამგე მ. ელიაშვილი)
  • ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილება (გამგე მ. მანია)

1937 წლიდან ინსტიტუტში იბეჭდება სამეცნიერო ჟურნალი "ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომები" (Proceedings of A. Razmadze Mathematical Institute), რომელიც 2016 წლიდან გამოიცემა სახელწოდებით Transactions of A. Razmadze Mathematical Institute (2016-2018 წლებში გამოიცემოდა ELSEVIER-ის მიერ Transactions of A. Razmadze Mathematical Institute).

ინსტიტუტი აგრეთვე არის ორი საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის დამაარსებელი: "საქართველოს მათემატიკური ჟურნალი" (Georgian Mathematical Journal) და "მემუარები დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში" (Memoirs on Differential Equations and Mathematical Physics).

1997 წლიდან ინსტიტუტში ტარდება სიმპოზიუმი დიფერენციალურ განტოლებებსა და მათემატიკურ ფიზიკაში (DEMPh).

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება