სარეველა მცენარეები

სარეველა მცენარეებიმცენარეები, რომელთა არსებობა სავარგულებზე არასასურველია. სარეველა მცენარეების რამდენიმე ათასი სახეობა არსებობს და მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. საქართველოში დაახლოებით 1000 სახეობაა.

ზოგადი მიმოხილვა რედაქტირება

სარეველა მცენარეები კარგად ეგუებიან ადგილობრი პირობებს, სწრაფად ვითარდებიან და ვრცელდებიან, დიდ ზიანს აყენებენ სოფლის მეურნეობას — თრგუნავენ, ერევიან კულტურულ მცენარეებს, ნიადაგიდან დიდი რაოდენობით იღებენ ტენსა და საკვებ ნივთიერებას, ხელს უწყობენ მავნებლობისა და დაავადებების გავრცელებას, ზოგიერთი მათგანი ფესვიდან გამოყოფს მავნე ნივთიერებებს.

 
ბეტონის კიბის ნაპრალებში მოზარდი სარეველა

ხვიარა სარეველა (ხვართქლა, ყანის ჭლექი და სხვა) ნათესის ჩაწოლას იწვევს, რაც ართულებს მანქანით მოსავლის აღებას; ზოგი (მაგ. ბუსუსნაყოფა, ჰელიოტროპი) თესლი ადამიანისა და სასოფლო-სამეურნეო ცხოველისათვის მომშხამველია, სათიბ-საძოვრებზე შხამიანი სარეველა მცენარეებით იწამლება პირუტყვი და სხვა. არსებობს სარეველა მცენარეების 3 ბიოლოგიური ტიპი: თესლიანი მოკლეხნოვანი, ვეგეტაციური მოკლეხნოვანი და მრავალწლოვანი.

თესლიან მოკლეხნოვანთა გამრავლება, გავრცელება და განახლება ხდება თესლითა და ნაყოფით, ერთხელ მსხმოიარობენ და კვდებიან, მათ შორის არიან ერთ- და ორწლოვანები. მათგან რამდენადმე განსხვავდებიან პარაზიტი სარეველები, რომლებიც პარაზიტობენ მასპინძელი მცენარის ღეროზე (აბრეშუმა), ფესვებზე (კელაპტარა) და ნახევრად პარაზიტები (კორდისკბილა, ხრიალა და სხვა).

ვეგეტაციური მოკლეხნოვანი სარეველა თესლის გარდა ვეგეტაციურად მრავლდება, მაგ., გორგლით, ბოლქვით და სხვა.

მრავალწლოვანი სარეველების მიწისქვეშა ორგანოები დიდხანს ცოცხლობენ, ყოველწლიურად იძლევიან ამონაყარს, რომელიც 1-2 წელს ცოცხლობს და ნაყოფის მოცემის შემდეგ იღუპება. ასეთებია ფუნჯაფესვიანები, მთავარღეძიანები, ფესურიანები და ფესვნაყრიანები.

ადგილსამყოფელისა და სპეციალიზაციის მიხედვით სარეველა მცენარეები არიან რუდერალური (მრავლდებიან ნაგვის საყრელ ადგილას, საცხოვრებლის ან სანაკელის ახლოს, გზის გასწვრივ და სხვა). სეგეტალური (სარეველები სახნავში, მდელოზე, ვენახში, ხეხილის ბაღში, პარკებში და სხვაგან). ბუნებრივი სავარგულების სარეველა მცენარეები და სპეციალური ფართობების სარეველა მცენარეები ცალკე გამოიყოფა საკარანტინო სარეველები, რომელთა გავრცელებაზე მკაცრი კონტროლია დაწესებული (აკონტროლებს საკონტროლო სამსახური). სარეველა მცენარეების წინააღმდეგ იყენებენ აგრეთვე აგროტექნიკურ, ქიმიურ, ბიოლოგიურ და კომპლექსურ ღონისძიებებს.

საქართველოს ზოგიერთი მავნე, შხამიანი და სარეველა მცენარე რედაქტირება

მავნე მცენარეები, რომლებიც იზრდებიან ბუნებრივ სათიბ-საძოვრებზე შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად: ნამდვილ სარეველებად და პირობით სარეველებად. ნამდვილ სარეველებს მიეკუთვნება: ა) შხამიანი მცენარეები (შხამა, შვიტა, ტილჭირი, ზოგიერთი ბაია, უცუნა, კრაზანა და სხვ.), აგრეთვე ბალახები, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ ცხოველთა რძეზე, ხორცზე და საერთოდ ცხოველთა პროდუქციაზე (ღანძილი, ნივრები, გარეული ხახვები, რძიანა, ქრისტესისხლა და სხვ.), ბ) მცენარეები, რომლებიც მდელოს ისე მოედებიან ხოლმე, რომ მას გამოუყენებლად ხდის (სხვადასხვა ნარი, თეთრი გვირილა), გ) ბალახები, რომლებსაც ცხოველი ან საერთოდ არ ჭამს ან ჭამს მხოლოდ მის მცირე რაოდენობას (მარმუჭი, ღიღილო, სიბალდია და სხვ.), დ) დაბალი მცენარეები, რომლებსაც ცხოველი ვერც მოძოვს და ვერც იცელება და თავიანთ ვეგეტაციას ამთავრებენ მდელოს სათიბად გამოყენებამდე, ვ) მცენარეები, რომლებიც მავნე გავლენას ახდენენ სხვა ძვირფას მცენარეთა ზრდა-განვითარებაზე (პარაზიტები და ნახევრადპარაზიტები).[1]

 
მხოხავი ჭანგა — ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სარეველა[2]

პირობით სარეველა მცენარეებს მიეკუთვნება მდელოს მცენარეების ის ნაწილი, რომლებიც შხამს არ შეიცავენ და არ ვნებენ პირუტყვს, მაგრამ მცირემოსავლიანია და დაბალი კვებითი თვისებები აქვს. არის მცენარეთა ისეთი ჯგუფი, რომლებიც შეიცავენ ეთეროვან ზეთებს, რითაც აუმჯობესებენ სხვა მცენარის გემოს, მადას უღვივებენ ცხოველებს და ხელს უწყობენ საკვების მონელებას (კვლიავი, ფარსმანდუკი და სხვა). მათი არსებობა ბალახნარში მცირე რაოდენობითაც კი მიჩნეულია სასურველ მოვლენად. მცენარეთა ქიმიური შედგენილობა მნიშვნელოვნად იცვლება სეზონისა და გარემო პირობების ცვალებადობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით იცვლება მცენარის კვებითი თვისებებიც. ზოგ მცენარეს ერთ რომელიმე რაიონში აშკარა შხამიანი მცენარის თვისებები აქვს, ხოლო სხვა რაიონში ამ უარყოფით თვისებებს მოკლებულია. მაგალითად, ტილჭირი ყველგან ითვლება შხამიან მცენარედ, ხოლო სკანდინავიაში მას შხამიან მცენარედ არ თვლიან. ან მაგალითად, სამხრეთ საქართველოს ზეგანზე ფართოდ გავრცელებულია ყანების სარეველა ღიმი, რომლის ნორჩ ყლორტებს მოსახლეობა საკვებად იყენებს, — ან მწნილად დებს, ან მის ტუბერებს (გორგლებს) აშრობს, ფქვავს და პურის ფქვილს ურევს — ლიტერატურაში მოხსენებულია, როგორც შხამიანი მცენარე.[1]

 
ძიგვა — მთის მდელოზე

ზოგჯერ შხამიანი ნივთიერებანი დაგროვილია მცენარის ფესვებში, ფესვურებში ან ბოლქვებში და გორგლებში (ტუბერებში), რაც შეიძლება გახდეს შინაური ცხოველის, განსაკუთრებით, ღორის მოწამვლის მიზეზი. ცხოველთა მოწამვლის წყარო ძირითადად საძოვრისა და სათიბის ზოგიერთი მცენარეა, მაგრამ ხშირად ცხოველებისათვის საშიშია აგრეთვე ტყისა და ჭაობების ზოგიერთი ბალახოვანი და აგრეთვე კულტურული მცენარეც. შხამიანი მცენარეები გვხვდება საქართველოს თითქმის მთელ ტერიტორიაზე, მათი რაოდენობა ზოგან უფრო მეტია, განსაკუთრებით ნახევრადუდაბნოებში და ველებში, ანდა ტყეში (განსაკუთრებით ისეთ მრავალფეროვან ტყეში, როგორიცაა კოლხეთის ტყე).

გვიმრანაირებიდან უმეტესობა მხოლოდ საეჭვოდ შხამიანი მცენარეა. მათ შორის პირველ რიგში ყურადღების ღირსია შვიტა, ხოლო გვიმრების მეტი ნაწილი საშიშროებას არ წარმოადგენს, თუ არ მივიღებთ მხედველობაში ტყეებში ფართოდ გავრცელებულ მდედრობით და მამრობით გვიმრას და აგრეთვე უმთავრესად დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ეწერის გვიმრას. ცხოველი მას ჭამს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.

შიშველთესლოვნებიდან შხამიანებს მიეკუთვნება ისეთი ცნობილი და ფართოდ გავრცელებული ხემცენარეები, როგორიცაა: უთხოვარი, ღვია, ჯორის ძუა, ფიჭვი, ნაძვი და სხვ. ჩამოთვლილი მცენარეები ცხოველთა საკვებად არ ჩაითვლება, მაგრამ საკვების უქონლობის დროს თუ შეჭამა ცხოველი იწამლება. ამ მხრივ უფრო საშიშია უთხოვარი.[3]

ცხოველებისათვის შხამიანია აგრეთვე ჭაობის შემდეგი მცენარეები: წყლის მრავალძარღვა, წყლის მანანა, იმერული ისლი და სხვ. მარცვლოვანთა ოჯახის წარმომადგენელი ვაციწვერას სახეობები, თაგვიყანა და სხვები, იწვევს ცხოველთა გარეგანი და შინაგანი ორგანოების მექანიკურ დაზიანებას. ვაცისწვერას წვეტიანი მარცვალი ცხვრის მატყლში შეიჭრება, ფხის მოძრაობით მას შეუძლია გახვრიტოს ცხვრის ტყავი და მიაყენოს ცხოველს სასიკვდილო ჭრილობა, ზოგი მათგანი აზიანებს ცხოველთა პირის ღრუს ლორწოვან გარსს (მაგ. ძიგვა).[4]

სარეველა მცენარეებს მიეკუთვნებიან აგრეთვე — შალაფა, მხოხავი ჭანგა, ძურწა, მწვანე ძურწა, ყვითელი ძურწა, ბურჩხა, შვრიუკა, გლერტა, სორგო, ჭვავისებრი შვრიელა, თათრული წიწიბურა, ლაკარტია, ღიჭა, მწყერფეხა და სხვ.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება