სანქტ-პეტერბურგის გეოგრაფია

სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია. მდებარეობს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნევისპირა დაბლობის ფარგლებში, მდინარე ნევისა და ნევის უბის შეერთების ადგილას, ნევის დელტაში წარმოქმნილ მრავალ კუნძულზე. ქალაქის ფართობი 1439 კმ²-ია.[1]

ქალაქის ხედი კოსმოსიდან, ~ 50 კმ

გეოგრაფიული მდებარეობა რედაქტირება

სანქტ-პეტერბურგი მსოფლიოს ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე მილიონიანი ქალაქია, რომლის კოორდინატებია:59°57′ ჩ. გ. 30°19′ ა. გ. / 59.950° ჩ. გ. 30.317° ა. გ. / 59.950; 30.317 ქალაქი ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 90 კმ-ზეა გადაჭიმული, მდებარეობს რუსეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ნევის დაბლობსა და მისსავე დელტაში წარმოქმნილ მრავალ კუნძულზე. ქალაქის ცენტრალური რაიონები ზღვის დონიდან 1-5 მეტრზე მდებარეობს, ხოლო გარეუბნები 5-30 მეტრზე (გარეუბნების სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი ზღვის დონიდან 5-22 მეტრზე მდებარეობს). ქალაქის ყველაზე მაღალ წერტილად დუდერგოვსკის მაღლობი ითვლება, რომლის მაქსიმალური სიმაღლე 176 მეტრია[2]. ქალაქში მდებარეობს სიმაღლის ნულოვანი ათვლის სისტემა (კრონშტატდის ფუტშტოკი), რომელიც ბალტიის ზღვიდან აითვლება [3]

ქალაქის მიმდებარე ტერიტორია პალეოზოური ერის დროს, 300-400 მილიონის წლის წინათ, ზღვით იყო დაფარული. იმ დროს ბალტიის ფარი (რომელიც შედგება გრანიტის, გნაისისა და დიაბაზისგან ) დაახ. 200 მეტრის სიმაღლეზე დაფარული იყო დანალექი ფენებით — ქვიშაქვით, ქვიშით, თიხით, კირქვით და სხვა. პეტერბურგის ამჟამინდელი რელიეფი გამყინვარების გვიანდელ პერიოდში წარმოიქმნა. ამავე პერიოდში, მყინვარის დნობის შემდეგ წარმოიქმნა ლიტორინის ზღვაც, რომლის წყლის დონეც თანამედროვეზე 7-9 მეტრით მაღალი იყო. 4 ათასი წლის წინათ ზღვის ფართობი თანდათან შემცირდა, საბოლოოდ კი თანამედროვე ბალტიის ზღვის სახით შემოგვრჩა. ბოლო 2500 წლის განმავლობაში ქალაქის რელიეფი თითქმის არ შეცვლილა.[4]

ჰიდროგრაფია რედაქტირება

სანქტ-პეტერბურგის მდინარეებისა და წყლის არხების საერთო სიგრძე 282 კმ-ს აღწევს, წყალი ქალაქის ფართობის 7%-ს შეადგენს. ქალაქის განვითარებასთან ერთად იცვლებოდა მისი ჰიდროგრაფიული ქსელი. პეტერბურგი აშენებულია ჭაობიან ადგილას, ამიტომ მისი ფართობის გაზრდასთან ერთად, საჭირო გახდა ამ ჭაობიანი ადგილების დაშრობა, ახალი არხების გაყვანა, რათა ჭაობის წყლისთვის დინება მიეცათ. XIX საუკუნისთვის ნევის დელტა 48 მდინარისა და არხისგან შედგებოდა, დელტას შექმნილი ჰქონდა 101 კუნძული. ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში განხორციელებული ჰიდროგრაფიული ცვლილებების გამო კი ნევის დელტაში კუნძულების რაოდენობა 42-მდე შემცირდა.

ქალაქის მთავარი მდინარეა ნევა, რომელიც ჩაედინება ფინეთის ყურეში და უკავშირდება ბალტიის ზღვას. ნევის დელტაში წარმოქმნილი მდინარეებია: დიდი ნევა, პატარა ნევა, დიდი, საშუალო და პატარა ნევკა, ფონტანკა, მოიკა, ეკატერინგოფკა, კრესტოვკა, კარპოვკა, ჟდანოვკა, სმოლენკა, პრიაჟკა, კრონვერსკის სრუტე. ნევის დელტაში წარმოქმნილი კუნძულებია: ვასილის კუნძული, პეტროგრადის კუნძული, კრესტოვსკის კუნძული, დეკაბრისტთა კუნძული. ფინეთის ყურეში მდებარე დიდი კუნძულია: კოტლინი[5]. ქალაქის ტერიტორიაზე მდინარეებსა და არხებზე გადებულია დაახ. 800 ხიდი, მათგან 218 ხიდი საფეხმავლოა, ხოლო 22 ასაწევი. ქალაქში არსებული ხიდებიდან ყველაზე გრძელია დიდი ობუხოვსკის ხიდი, რომელიც გადებულია მდინარე ნევაზე და მისი საერთო სიგრძე 2824 მეტრია. ყველაზე ფართო ხიდია ლურჯი ხიდი, რომლის სიგანე 99,5 მეტრია.

ქალაქის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ნევის დელტის კუნძულები, ფინეთის ყურის სანაპირო ზოლსა და ბალტიისპირეთის სარკინიგზო მონაკვეთს შორის არსებული ტერიტორია, მდ. ფონტანკას მარცხენა სანაპირო ზოლი) ზღვის დონიდან 1,2-3 მეტრზეა. ქალაქის ეს ნაწილი წყალდიდობის საფრთხის ქვეშაა, თუმცა ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ფინეთის ყურეში აგებულია სპეციალური დამცავი კომპლექსი. ქალაქის ამ ნაწილში სერიოზული წყალდიდობები მოხდა 1824 წლის 7 (19 ნოემბერს, მაშინ წყლის დონის ორდინარმა 4,21 მეტრი შეადგინა. მეორე სერიოზული წყალდიდობა 1924 წლის 23 სექტემბერს მოხდა, ამ წყალდიდობის დროს ქალაქის ტერიტორიის 70 კმ² დაიტბორა. ქალაქში, მისი 300 წლიანი ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა წყაროების მიხედვით დაახლოებით 300 წყალდიდობაა მომხდარი. ფინეთის ყურეში არსებული დამცავი კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ქალაქს წყალდიდობისგან იცავს 2011 წელს დასრულდა. ამ დამცავი კომპლექსის საშუალებით 2011 წლის 28 დეკემბერს თავიდან აიცილეს წყალდიდობა, სწორედ ამ დროს მოხდა დამცავი კომპლექსის სრულად დატვირთვა, რათა აეცილებინათ სანქტ-პეტერბურგის დატბორვა[6].

ვასილის კუნძული, პეტრე-პავლეს ციხესიმაგრე, სასახლის ხიდი, ხედი ნევიდან

კლიმატი რედაქტირება

სანქტ-პეტერბურგში ზომიერი კლიმატია, რომელიც გადადის ზომიერი-კონტინენტურიდან ზომიერი-ზღვის კლიმატში. ასეთი კლიმატი განპირობებულია გეოგრაფიული მდებარეობითა და ატმოსფერული ცირკულაციებით, ასეთივე კლიმატი დამახასიათებელია მთლიანი ლენინგრადის ოლქისთვის.

მზის ენერგიის საერთო ჯამური მაჩვენებელი ქალაქის ტერიტორიაზე 1,5-ჯერ მეტია ვიდრე უკრაინის სამხრეთით და ორჯერ ნაკლები შუა აზიასთან შედარებით. წლის განმავლობაში სანქტ-პეტერბურგში საშუალოდ 62 მზიანი დღეა. დღეები უმეტესად, მოღრუბლული და ნაწილობრივ მზიანია. დღის ხანგრძლივობა იცვლება 5 საათი და 51 წუთიდან (22 დეკემბერი) 18 საათსა და 50 წუთამდე (22 ივნისი). ქალაქში არის „თეთრი ღამეები“, რომელიც 25-26 მაისს იწყება და 16-17 ივლისამდე გრძელდება. ამ პერიოდში მზის დახრილობა, დაახ. 9°-ია. ეს „თეთრი ღამეები“ გრძელდება 50 დღეზე მეტი[7].

ქალაქში ხშირია ჰაერის მასების ცვალებადობა, ზაფხულში ქრის დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარები, ხოლო ზამთრობით — დასავლეთის და სამხრეთ-დასავლეთის ქარები[8]. სანქტ-პეტერბურგში რადიოსადგურები 1722 წლიდან არის განლაგებული. ყველაზე მაღალი ტემპერატურა ქალაქში დაფიქსირებულია +37[9], ხოლო ყველაზე დაბალი ტემპერატურა დაფიქსირებულია −35,9.

დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით ქალაქს ესაზღვრება ატლანტის ოკეანე ბალტიის ზღვით, სადაც მდებარეობს აზორის ანტიციკლონი და ისლანდიის დაბალი წნევის არეალი, ეს ფაქტორი ქალაქში ზღვის კლიმატის გავრცელებას უწყობს ხელს. ქალაქისთვის დამახასიათებელია თბილი, წვიმიანი ზაფხული და ზომიერად რბილი ზამთარი. ჩრდილოეთიდან და ჩრდილო-აღმოსავლეთიდან ქალაქში ცივი, არქტიკული ჰაერის მასები შემოდის, რომელიც ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში ფორმირდება. ქალაქის კლიმატზე გავლენას ახდენს ასევე ცენტრალური აზიის დაბალი წნევის არეალი. ამ რეგიონიდან ქალაქში შემოდის მშრალი კონტინენტური კლიმატი.

წლიური ამინდი — სანქტ-პეტერბურგი
თვე იან თებ მარ აპრ მაი ივნ ივლ აგვ სექ ოქტ ნოე დეკ წელი
რეკორდ. მაღალი °F 47 50 59 78 88 94 96 99 87 70 54 52 99
საშუალო მაღალი °F 26 27 36 49 61 68 73 69 59 47 36 29 48
საშუალო დღიური °F
საშუალო დაბალი °F 18 17 24 35 45 53 59 56 48 39 29 21 37
რეკორდ. დაბალი °F -33 -31 -22 -7 20 32 41 34 26 9 -8 -30 −33
ნალექი დუიმი 17.3 13 14.6 12.2 18.1 28 31.1 32.7 25.2 26.4 22 20.1 260,6
რეკორდ. მაღალი °C 8.6 10.2 14.9 25.3 30.9 34.6 35.3 37.1 30.4 21.0 12.3 10.9 37,1
საშუალო მაღალი °C -3.1 -3 2.0 9.3 16.0 20.0 23.0 20.8 15.0 8.6 2.0 -1.5 9,1
საშუალო დღიური °C
საშუალო დაბალი °C -8 -8.5 -4.2 1.5 7.0 11.7 15.0 13.5 8.8 4.0 -1.8 -6.1 2,7
რეკორდ. დაბალი °C -35.9 -35.2 -29.9 -21.8 -6.6 0.1 4.9 1.3 -3.1 -12.9 -22.2 -34.2 −35,9
ნალექი სმ 44 33 37 31 46 71 79 83 64 67 56 51 662
წყარო: [10]

მცენარეული საფარი რედაქტირება

2002 წლის მონაცემებით მცენარეული საფარი ქალაქის ტერიტორიის 40%-ს მოიცავდა. 2000 წლისათვის ქალაქის 1 მცხოვრებზე 65 მ² მცენარეული საფარი მოდიოდა. ქალაქში მცენარეული საფარის საერთო ფართობი 31 000 ჰექტარია, რომელიც თავის მხრივ მოიცავს: 68 პარკს, 166 ბაღს, 730 სკვერს, 230 ბულვარსა და 750 გამწვანებულ ქუჩას[11]. ქალაქის გამწვანებული პარკები მდებარეობს სხვადასხვა ლანდშაფტურ ზონაში, ფინეთის ყურის დაბალ და მაღალ ტერასებზე (სტრელნის, პეტერგოფისა და ლომონოსოვის პარკები), მორენას დაბლობზე (ქალაქ პუშკინის პარკები), მთის თხემებზე (შუვალოვის პარკი, ვერხვის ჭალა). ასევე ქალაქის გარკვეულ ნაწილში მდებარეობს ბუნებრივი ტყეები, რომლებსაც შენარჩუნებული აქვთ ჯიშობრივი შემადგენლობა (სოსნოვკა). ქალაქში არსებული მრავალი პარკი მეორე მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდში გაშენდა, ძირითადად იმ ადგილებში, სადაც მცენარეული საფარი ან საერთოდ არ იყო, ან მხოლოდ მცირედი იყო (მოსკოვის გამარჯვების პარკი, ზღვისპირა გამარჯვების პარკი)[12]. ქალაქის გარეუბნებში შემონახულია ტყის მასივები, რომლებიც ტაიგის სამხრეთ ნაწილია (იუნტოლოვის საზაფხულო აგარაკი, რჟევის ტყეპარკი, სატყეო კუნძულები მდინარე ოხტის გასწვრივ, ტალინის გზატკეცილი, მდინარე ნევასა და მოსკოვის სარკინიგზო ხაზს შორის არსებული ტერიტორიები[13].

სანქტ-პეტერბურგში მდებარეობს 7 ბუნებრივი დაცული ტერიტორია: მათგან 3 სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი, ხელოვნურადაა შექმნილი (იუნტოლოვსკის აღკვეთილი, გლადიშევსკის აღკვეთილი, ნევის ყურის ჩრდილოეთ სანაპირო), ხოლო 4 ბუნების ძეგლია (დუდერგოფსკის მაღლობი, კომაროვსკის სანაპირო, სტრელნინსკის სანაპირო, სერგიევკას პარკი). სანქტ-პეტერბურგის განვითარების გეგმა მოიცავს კიდევ 5 აღკვეთილსა და 2 ბუნების ძეგლს.

ეკოლოგიური პრობლემები რედაქტირება

სანქტ-პეტერბურგში მოქმედებს 21 ავტომატური ჰაერის მონიტორინგის ცენტრი. ქალაქის სათბურის აირების საერთო მასამ 2009 წლის მონაცემებით 625,3 ათასი ტონა შეადგინა, მისი 91,9 % სატრანსპორტო საშუალებებზე მოდის. საზიანო სათბურის აირების საერთო მასა თითოეულ ადამიანზე წლის განმავლობაში 135,9 კგ-ია. 1 კმ²-ზე სათბური აირების საერთო მასა 434,5 ტონაა. 2009 წელს სათბური აირების საერთო მასა წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა.

ყველაზე ხმაურიანი ქალაქები[14]

სანქტ-პეტერბურგს მსოფლიოს ყველაზე ხმაურიან ქალაქებს შორის მე-5 ადგილი უკავია, ხმაურის მაჩვენებელი საშუალო დონეზე მაღალია და 60 დეციბელს შეადგენს. ქალაქის უმეტეს ნაწილში ეს მაჩვენებელი აღემატება 10-15 დეციბელს, ეს ადგილებია: მოსკოვის, სტაჩეკის, ლიგოვისა და ნევის გამზირები, რგოლისებრი ავტო მაგისტრალი, სარკინიგზო ხაზი, ასევე ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ რაიონები სადაც პულკოვოს აეროპორტი მდებარეობს.

მდინარე ნევის, ნევის ყურისა და ფინეთის ყურის ეკოლოგიური მდგომარეობა არადამაკმაყოფილებელია. ქალაქში არსებული ასეულობით საწარმოს გამო მდინარე ნევა დაბინძურებულია, რადგან მასში დიდი რაოდენობით სამრეწველო ნარჩენები ჩაედინება, მდინარის დაბინძურებას, ასევე იწვევს ტრანსპორტირების დროს მდინარეში ჩაღვრილი ნავთობი. მდინარეში ყოველდღიურად დაახლოებით 80 ათასი ტონა სამრეწველო ნარჩენები ჩაედინება.ყოველწლიურად პეტერბურგის ბუნების დამცველთა ორგანიზაცია ნევის აკვატორიაში საშუალოდ 40 სახეობის ჩაღვრილ ნავთობპროდუქტებს პოულობს[15]. 2008 წელს სანქტ-პეტერბურგის ადამიანის უფლებათა დაცვისა და უსაფრთხოების ორგანიზაციამ ნევის ნაპირებზე მდებარე არც ერთი ნაპირი არ ჩათვალა ბანაობისთვის ხელსაყრელად[16]. ქალაქში არსებული სამრეწველო ობიექტები ათასობით ტონა მყარ ნარჩენებს გამოყოფენ, რომელიც ქალაქის ეკოლოგიას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ამისათვის ქალაქიდან 30 კმ-ის მოშორებით, ლენინგრადის ოლქში, ტოსნენსკის რაიონში შექმნილია პოლიგონი „წითელი ბორი“, სადაც I-III კლასის ტოქსიკური ნარჩენების (ქიმიური, სამედიცინო და სამრეწველო) გადამუშავება ხდება.

ფინეთის ყურეში სანქტ-პეტერბურგის წყალდიდობისგან დამცავმა ნაგებობამ ფინეთის ყურის აღმოსავლეთ ნაწილში, ნევის ყურეში წყლის დონის 10-20% კლება გამოიწვია, ამის გამო ნევის ყურეში ბიოგენების კონცენტრაცია გაიზარდა. ამ დამცავი ჯებირის ჩრდილოეთ და სამხრეთ-დასავლეთით დაგროვილმა მყარმა ნარჩენებმა ნევის ყურეში არსებული გრუნტების დაბინძურება გამოწვია, დალექილი მყარი ნარჩენები ამ გრუნტებს შეერია. ასევე, წყლის დონის კლებამ და მცენარეულმა ნარჩენებმა, ნევის ყურეში ზოგიერთი ტერიტორიის დაჭაობება გამოიწვია, რამაც საბოლოოდ შეიძლება დამბას შორის არსებული წყლის მასების ეფტროპიკაცია გამოიწვიოს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. პეტერბურგი ციფრებში. ოფიციალური საიტი. სანქტ-პეტერბურგის ადმინისტრაცია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-27. ციტირების თარიღი: 17 ივნისი, 2009.
  2. ა. ვ. დარინსკი., ლენინგრადის გეოგრაფია, Л.: გამომც.ლენიზდატი, 1982. — გვ. 6–18.
  3. კრონშტატდის ფუტშტოკი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-24. ციტირების თარიღი: 2012-11-20.
  4. ა. ვ. დარინსკი, ლენინგრადის გეოგრაფია, Л.: გამომც.ლენიზდატი, 1982. — გვ. 12-18.
  5. Ленинград: Историко-географический атлас, М.: Главное управление геодезии и картографии при Совете министров СССР, 1981. — გვ. 59.
  6. Потоп отменяется. Комплекс защитных сооружений спас Петербург от наводнения, которое могло войти в пятерку самых сильных и разрушительных. Невское время. 29.12.2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-01-24. ციტირების თარიღი: 2012-01-11.
  7. Климат, погода в Санкт-Петербурге. petrohol.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-08-21. ციტირების თარიღი: 2010-09-17.
  8. Даринский А. В., География Ленинграда, Л.: Лениздат, 1982. — გვ. 21—29.
  9. Погода в Санкт-Петербурге. Температура воздуха и осадки. Август 2010 г.
  10. სანქტ-პეტერბურგის კლიმატი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-30. ციტირების თარიღი: 2013-09-17, 2011-12-21.
  11. Санкт-Петербург: Энциклопедия, М.: Российская политическая энциклопедия, 2006. — გვ. 296—297.
  12. Санкт-Петербург: Энциклопедия, М.: Российская политическая энциклопедия, 2006. — გვ. 643.
  13. Даринский А. В., География Ленинграда, Л.: Лениздат, 1982. — გვ. 46—47.
  14. Денис Аксёнов. (12 декабря 2007) Мы живём в 60 децибелах. mr7.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-08-25. ციტირების თარიღი: 2010-09-19.
  15. Состояние Невы. Гринпис. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-08-23.
  16. Чистая Нева. Гринпис. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-14. ციტირების თარიღი: 2012-08-23.