სალპები (Desmomyaria ან Salpae) — ზღვის თავისუფლად მცურავი ცხოველების ქვეკლასი ქორდიანებს (Chordata) ტიპისა. აქვთ რამდენიმე მმ-იდან 33 სმ-მდე სიგრძის ცილინდრული სხეული, რომელიც დაფარულია გამჭვირვალე ტუნიკით. სხეულის წინა ბოლოზე პირის სიფონია. უკანაზე — კლოაკისა. გული მუცლის მხარეს აქვთ. სისხლის მიმოქცევის სისტემა ღიაა. ნერვული სისტემა წარმოდგენილია ხახის ზედა კვანძით და მისგან გამომავალი ნერვებით. მის ზემოთ შუქშემგრძნობი თვალაკია. ქვეკლასში გაერთიანებულია 25-მდე სახეობა. ბინადრობენ ყველა ოკეანეში, ჩრდილოეთ ყინულოვანის გარდა. ჰერმაფროდიტულ სქესობრივ ინდივიდში ვითარდება ერთად-ერთი ჩანასახი. წყალში გამოსული ახალგაზრდა სალპების გამონაზარდზე — სტოლონზე — დაკვირტვის გზით ვითარდება სქესობრივი ინდივიდების ძეწკვი, რომელიც შორდება სტოლონს და იწყებს დამოუკიდებლად არსებობას კოლონიებად. სალპებს შეუძლიათ ნათება (სიმბიონტი ბაქტერიების ხარჯზე). იკვებებიან ფიტოპლანქტონით. სალპები ზოგი თევზისა და ზღვის კუს საკვებია.

სალპები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Desmomyaria ან Salpae

ლიტერატურა რედაქტირება