საკუთრების ქალაქური წესი

„საკუთრების ქალაქური წესი“1722 წელს ვახტანგ VI-ის სიგელით შემოღებული მემკვიდრეობის წესი, რომელიც შემდეგ ერეკლე II-მ განამტკიცა. ვახტანგ VI-ის სიგელი თბილისის მკვიდრ მცხოვრებლებს ებოძა. ამ კანონით ხელი უნდა შესწყობოდა აღებ-მიცემობისა და მსხვილი ხელოსნური წარმოების განვითარებას, სავაჭრო-საწარმოო კაპიტალის ზრდასა და სიმკვიდრეს. იგი ითვალისწინებდა კანონიერ მემკვიდრეთა წრის გაფართოებას და ამგვარად, ბეითმანობის შეზღუდვას. გაუყარი სახლის წევრების, მამრობითი სქესის ნათესავების გარდა სამკვიდროს მოთხოვნის უფლება ენიჭებოდა აგრეთვე განაყარ, უფრო შორეულ ნათესავებს და მოყვრებსაც კი. მოქალაქენი, დიდვაჭრები და მსხვილი მრეწველნი, მომეტებულად მეფის ყმებად ითვლებოდნენ და, თუ უმემკვიდრეოდ გადაეგებოდნენ ახალი კანონის მიღებამდე მათი ქონება ფეოდალური წესისამებრ მეფე-ბატონს რჩებოდა.

ამიერიდან კი იგი თითქმის ყოველთვის ბრუნვაშივე იქნებოდა — გარდაცვლილის ადგილს სამკვიდროს დამსაკუთრებელი, მისი უფლება-მოვალეობის მონაცვლე დაიჭერდა. ამასთანავე მეფეს არ აკლდებოდა ყმური სამსახური, რომელიც მანამდე ქონების გარდაცვლილ პატრონს ეკისრა. „საკუთრების ქალაქური წესის“ ჩამოყალიბებულად ასახავს „საქართველოს ძველთაგან და ჩვეულებითად ქართველ მეფეთა დროთა შემოღებულნი სჯულნი“ (განსაკუთრებით მუხლი 32-34).

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 8, გვ. 684-685, თბ., 1984