საიქს-პიკოს შეთანხმება

საიქს-პიკოს შეთანხმება — საიდუმლო შეთანხმება დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის, რომლის მიხედვითაც ამ ქვეყნებმა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ გაინაწილეს გავლენის სფეროები ახლო აღმოსავლეთში. დაიდო 1916 წლის 16 მაისს.

ბრიტანეთისა და საფრანგეთის კონტროლისა და გავლენის ზონები „საიქს-პიკოს შეთანხმების“ მიხედვით

ინგლისელმა დიპლომატმა სერ მარკ საიქსმა და საფრანგეთის გენერალურმა კონულმა ბეირუთში ფრანსუა ჟორჟ-პიკომ, რომელთაც თავიანთ მთავრობების რწმუნება ჰქონდათ, 1915 წლის 23 ნოემბერს ლონდონში, საფრანგეთის საელჩოს შენობაში, დაიწყეს მოლაპარაკება და 1916 წლის დასაწყისისათვის, მოამზადეს საიდუმლო შეთანხმება ოსმალეთის იმპერიის არაბული სამფლობლოების გაყოფის თაობაზე. ამ გარიგებას გაეცნო და შესწორების შემდეგ შეუერთდა რუსეთის იმპერიის მთავრობაც. ამის გამო, მას მოგვიანებით „საიქს-პიკო-საზანოვის შეთანხმება“ უწოდეს რუსეთის იმდროინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის გვარის დამატებით.

საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი აცხადებდნენ მზადყოფნას, ეცნოთ და დაეცვათ დამოუკიდებელი არაბული სახელმწიფო ანდა არაბული ქვეყნების კონფედერაცია ერთ-ერთი არაბი ლიდერის სიუზერენიტეტის ქვეშ. მაგრამ იქვე, თანდართულ რუკაზე მითითებული იყო ოსმალეთის იმპერიის ის ნაწილები, სადაც საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი პირდაპირი ან არაპირდაპირი ადმინისტრაციისა ან კონტროლის დაარსების უფლებას ანიჭებდნენ ერთმანეთს. ორმა დიპლომატმა ფერადი ფანქრებით შემოხაზა სხვადასხცა ხალხებით დასახლებული მიწის მონაკვეთები, სადაც უცხო ძალას შესაძლოა სამუდამოდაც, უნდა განესაზღვრა მომავალში შესაქმნელი პოლიტიკური ერთეულების ბედი.

„საიქს-პიკოს შეთანხმების“ მიხედვით, ლიბანი, სირიის სანაპირო რაიონები და დღევანდელი თურქეთის სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ანატოლიის ნაწილი საფრანგეთის უშუალო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა (ლურჯი ზონა), ხოლო შიდა სირია და მოსულის ვილაიეთი (ამჟამინდელი ჩრდილოეთი ერაყი) ფრანგული გავლენის ზონა უნდა გამხდარიყო. მოსულის ვილაიეთის შეტანა ფრანგული გავლენის ზონაში, ბრიტანეთის ინიციატივა იყო, რომელსაც უნდოდა შეექმნა „ფრანგული ბუფერი“ საკუთარ და რუსეთის სამომავლო სამფლობელოებს შორის. მოსულის ვილაიეთში ნავთობის არსებობა ცნობილი იყო, მაგრამ მისი მოცულობა- დაუდგენელი. მას შემდეგ, რაც 1918 წელს რუსეთი (დროებით) გამოეთიშა გეოპოლიტიკურ თამაშს რეგიონში, ლონდონმა უდიდესი დაინტერესება გამოამჟღავნა მოსულის ვილაიეთის მიმართ.

ბრიტანეთის უშუალო კონტროლს უნდა დაქვემდებარებოდა ცენტრალური და სამხრეთ ერაყი და ქუვეითი (წითელი ზონა) ხოლო დღევანდელი იორდანია და დასავლეთ ერაყი ბრიტანული გავლენის სფერო ხდებოდა. პალესტინაზე ორივე მხარეს ჰქონდა პრეტენზია, ამიტომაც, კომპრომისის სახით დადგინდა, რომ მისი დიდი ნაწილი იერუსალიმითურთ (ყავისფერი ზონა) უნდა დაქვემდებარებოდა საერთაშორისო ადმინისტრაციას, რომლის სტატუსიც უნდა შეთანხმებულიყო რუსეთის იმპერიასთან, სხვა მოკავშირეებთან და მექის შარიფის წარმომადგენლებთან კონსულტაციის შემდეგ.

ევროპელი მოკავშირეები რუსეთს უთმობდნენ აღმოსავლეთ ანატოლიას- ტრაბზონს, ერზრუმის, ვანის, ბითლისის ვილაიეთებს. ეს ტერიტორია რუსეთს უნდა მიეღო იმის გარდა, რასაც მას კონსტანტინოპოლის და სრუტეების (ბოსფორი და დარდანელი) შესახებ დადებული შეთანხმებით დაპირდნენ. რეალურად რუსეთმა ვერაფერი მიიღო, იმის გამო, რომ ომს ნაადრევად და სეპარატიულად გამოეთიშა.

აღსანიშნავია, რომ „საიქს-პიკოს შეთანხმებაში“ არაფერი თქმულა სომხებისა და ქურთების სახელმწიფოების შესაძლო შექმნის შესახებ: ამ ხალხების ბედი ევროპის ქვეყნების დედაქალაქებში საერთოდ არ ადარდებდათ. 1919 წელს, ერთა ლიგამ, რომელშიც წამყვან როლს დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი თამაშობდნენ, ძირითადად ამ შეთანხმების ქარგაზე გამოჭრა ახლო აღმოსავლეთის რუკა.

„საიქს-პიკო“, გარკვეული თვალსაზრისით, იქცა ფარული გარიგების გზით სხვისი ტერიტორიის განაწილების აღმნიშვნელ ზოგად ტერმინად. ასე მაგალითად, როდესაც 2003 წლის დასაწყისში ერაყელი დიპლომატები გაეროს უშიშროების საბჭოში გმობდნენ ამერიკისა და ბრიტანეთის პოზიციას ერაყის მიმართ, ისინი მათ ბრალს სდებდნენ „ერაყის დასანაწევრებლად ახალი საიქს-პიკოს მომზადებაში“.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რ. გაჩეჩილაძე — ახლო აღმოსავლეთი. სივრცე, ხალხი, პოლიტიკა. თბ. 2008 წელი