საზოგადოებრივი საქონელი

საზოგადოებრივი საქონელი ეკონომიკაში არის ისეთი საქონელი, რომელიც არც გამორიცხვადია და არც მეტოქეობისუნარიანი. ანუ, ადამიანებს ხელს ვერ შევუშლით საზოგადოებრივი საქონლის გამოყენებაში, და ერთი პიროვნების მიერ საზოგადოებრივი საქონლის მოხმარება ვერ შეამცირებს მეორე პიროვნებისთვის ამავე საქონლის მოხმარების შესაძლებლობას. რეალურ სამყაროში, საქონელი, რომელიც საერთოდ არაგამორიცხვადი და არამეტოქეობისუნარიანია, შეიძლება არ არსებობდეს; თუმცა ეკონომისტები თვლიან, რომ ზოგი საქონელი იმდენად ახლოსაა საქონლის ამ ტიპთან, რომ სრულიად საკმარისია ეკონომიკური ანალიზისთვის.

მაგალითად, თუ ერთი პიროვნება შეჭამს ნამცხვარს, სხვისთვის ეს ნამცხვარი აღარ დარჩება, და ასევე შესაძლებელია ვინმეს ავუკრძალოთ ამ ნამცხვრის მოხმარება. ეს არის მეტოქეობაუნარიანი და გამორიცხვადი კერძო საქონელი. საპირისპიროდ, ჰაერით სუნთქვა ვერც მნიშვნელოვნად შეამცირებს მის ოდენობას სხისთვის, და ვერც სხვას ავუკრძალავთ ჰაერის გამოყენებას. ამდაგვარად, ჰაერი საზოგადოებრივი საქონელია. ეს მაგალითი ეკონომიკურად მარტივია, რადგან ჰაერი უფასო საქონელია. ნაკლებად მარტივი მაგალიათია MP3 მუსიკალური ფაილები, რომლებიც ინტერნეტშია. მათი გამოყენება ერთი პიროვნების მიერ არ უკრძალავს სხვას მის გამოყენებას, და ამ ფაილების გადაცვლზე მცირე კონტროლი არსებობს.

არამეტოქეობისუნარიანობამ და არაგამორიცხვადობამ შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები მსგავსი საქონლების წარმოებაში. ზოგი ეკონომისტი ამტკიცებს, რომ მათ შეიძლება გამოიწვიონ საბაზრო ჩავარდნა, სადაც ბაზარი საკუთარი ძალებით ვერ ახერხებს რესურსების ეფექტიანად გადანაწილებას. ეს პრობლემა ცნობილია, როგორც საზოგადოებრივი საქონლის პრობლემა, და მის შესახებ იმართება მრავალი დებატები, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ის. საზოგადოებრივი საქონლის პრობლემა დაკავშირებულია გარეგან ეფექტთან.

მაგალითები რედაქტირება

საზოგადოებრივი საქონლის კარგი მაგალითებია: სახელმწიფო თავდაცვა, საზოგადოებრივი ფოიერვერკი, სუფთა ატმოსფერო, ფუნდამენტური მეცნიერული კვლევები და სხვადასხვა გამოგონებები.

ქვეყნის დაცვა უცხოელი აგრესორებისგან საზოგადოებრივი საქონლის ერთ-ერთი კლასიკური მაგალითია. ამასთანავე, ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირი საქონელიცაა. მიუხედავად ამისა, ეკონომისტები თვლიან, რომ სახელმწიფო თავდაცვა ის საზოგადოებრივი საქონელია, რომელიც მთავრობამ აუცილებლად უნდა უზრუნველყოს.

ფოიერვერკი ასევე ძვირი საზოგადოებრივი საქონელია, თუმცა შეუძლებელია მისი ნახვისთვის საფასურის დაწესება, რადგან ის არაგამორიცხვადია. ადამიანს ვერ აუკრძალავ ფოიერვერკის ნახვას.

ცოდნის შექმნა საზოგადოებრივი საქონელია. თუ მათემატიკოსი ახალ თეორემას ამტკიცებს, ეს თეორემა, შემდგომში, საერთო ცოდნის ნაწილი ხდება და მისი გამოყენება ყველას შეუძლია ყოველგვარი საფასურის გარეშე.

ქვემოთ მოცემულია საქონლის ოთხი ტიპის დაჯგუფება თავის მაგალითებით.

მეტოქეობისუნარიანი არამეტოქეობისუნარიანი
გამორიცხვადი კერძო საქონელი
საკვები, ტანსაცმელი, სათამაშოები, ავეჯი, მანქანები
ბუნებრივი მონოპოლიები
საკაბელო ტელევიზია
არაგამორიცხვადი საერთო რესურსები
წყალი, თევზი, გარემო
საზოგადოებრივი საქონელი
სახელმწიფო თავდაცვა, ცოდნა, ჰაერი

უბილეთო მგზავრის პრობლემა რედაქტირება

საზოგადოებრივი საქონელი წარმოგვიდგენს საბაზრო ჩავარდნის საკმაოდ მნიშვნელოვან მაგალითს, სადაც ბაზრისთვის დამახასიათებელი პიროვნების მოგების ძიებას არ მოაქვს ეფექტიანი შედეგი. საზოგადოებრივი საქონლის წარმოება ქმნის დადებით გარეგან ეფექტს, რომელიც არ ანაზღაურდება. თუ კერძო ორგანიზაციები ვერ მოიმკიან, საზოგადოებრივი საქონლის წარმოებაში, მთელ სარგებელს, მათ აღარ ექნებათ მიზეზი ამ საქონლის ნებაყოფლობით წარმოებისთვის. მომხმარებელს შეუძლია გამოიყენოს საზოგადოებრივი საქონელი ყოველგვარი საფასურის გადახდის გარეშე. საქონელში საფასურის გადაუხდელობის პრობლემას უბილეთო მგზავრის პრობლემა ეწოდება.

მაგალითად, ავიღოთ სახელმწიფო თავდაცვა, წმინდა საზოგადოებრივი საქონელი. რაციონალური ადამიანი (აგრეთვე ცნობილი როგორც ჰომო ეკონომიკუსი), რომელიც უკიდურესად ინდივიდუალისტურია, აღიქვამს მარტო იმ მოგებასა და დანახარჯს, რომელიც პირდაპირ მასზე ახდენს გავლენას. საზოგადოებრივი საქონელი ამ ადამიანს აძლევს საბაბს რომ იყოს უბილეთო მგზავრი.

ვთქვათ ამ რაციონალურმა პიროვნებამ გადაწყვიტა თავისი ძალ-ღონე მიაშველოს სახელმწიფო თავდაცვას და ჯარში იმსახუროს. ხეირი ამ საქმიდან მისთვის იქნება მცირედი, რადგან ეს სარგებლობა გაუნაწილდება ქვეყნის მილიონობით მოსახლეს. ასევე დიდი საშიშროებაა, რომ მსახურობისას ის შეიძლება დაშავდეს, ან მეტიც, მოკვდეს.

მეორე მხრივ, ჩვენმა უბილეთო მგზავრმა იცის, რომ მას სახელმწიფო თავდაცვის სარგებლობიდან ვერ გამორიცხავენ, მიუხედავად იმისა, მსახურობს ის ჯარში, თუ არა. ასევე შეუძლებელია, რომ ეს სარგებელი გაიყოს და დარიგდეს ხალხში ამანათების სახით. ასე რომ, უბილეთო მგზავრი თვითნებურად არ გაირჯება, თუ მისი ეს ქმედება ცალკეულად არ დაფასდება, ან დაჯილდოვდება.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება