საბანკეტო სახლიუაითჰოლის სასახლის ერთადერთი დღემდე მოღწეული ნაწილი, რომელიც მდებარეობს ლონდონში, ტრაფალგარის მოედნის უაითჰოლის კუთხეში. ეს არის ინგლისში სადარბაზო სახლის დღემდე შემორჩენილი ყველაზე გრანდიოზული და შემდგომში ნორმად ქცეული ნიმუში. როგორც უაითჰოლის სასახლის ნაწილი იგი 1619 წელს ინიგო ჯოუნზმა დააპროექტა და 1622 წელს აშენდა ჯონ ვების თანაშემწეობით. 1649 წელს მეფე ჩარლზ I ამ შენობის წინ აღმართულ ხარაჩოზე დასაჯეს სიკვდილით.

საბანკეტო სახლი, უაითჰოლი, ლონდონი.

შენობაში ერთი ორსართულიანი ორმაგი კუბის ზომის დარბაზია, რომელიც სერ პიტერ პოლ რუბენსის ტილოებითაა მორთული, რომლებიც 1635 წელს ჩარლზ I-ის შეკვეთით შექმნა მხატვარმა ჭერის პანელების შესავსებად. საბანკეტო სახლმა დახვეწილი იტალიური რენესანსის სტილი შემოიტანა იაკობის ხანის ინგლისში, სადაც ფლამანდრიული მანიერიზმი ჭარბობდა. სახურავი თითქმის ბრტყელია, ხოლო მის ბოლოებს ბალუსტრადა ამშვენებს. ქუჩის მხარის ფასადზე ერთმანეთზე დადგმული კორინთული და იონიური ორდერის სვეტების ყველა ელემენტია გამოყენებული, რაც ერთობლივად ჰარმოინულ კომპლექსს ქმნის.

საბანკეტო სახლი სავარაუდოდ უაიტჰოლის ახალი სასახლის ნაწილი უნდა გამხდარიყო, თუმცა მომდევნო წლების სამოქალაქო ომმა ეს გეგმა ჩაშალა. 1685 წელს საბანკეტო სახლი პირველი შენობა გახდა ინგლისში, სადაც ფანჯრებში კრონის მინა გამოიყენეს. მოგვიანებით, როდესაც ძველი უაითჰოლის სასახლე ხანძარმა გაანადგურა, საბანკეტოს სახლის იზოლირებულმა მდებარეობამ ის ცეცხლისგან იხსნა.