რუდოლფ ფონ იერინგი

რუდოლფ ფონ იერინგი (გერმ. Rudolf von Jhering; დ. 22 აგვისტო, 1818, აურიხი, გერმანია — გ. 17 სექტემბერი, 1892, გეტინგენი, გერმანია) — გერმანელი იურისტი

რუდოლფ ფონ იერინგი

ბიოგრაფია რედაქტირება

იერინგი აღიზარდა იურისტების ოჯახში. განათლება მიიღო ჰაიდელბერგის, გეტინგენის, მიუნჰენის და ბერლინის უნივერსიტეტებში. 1842 წელს მიენიჭა დოქტორის ტიტული ბერლინის უნივერსიტეტში. 1843 წლიდან იერინგი მუშაობდა პრივატ-დოცენტად ბერლინში, 1845 წლიდან — ბაზელში. შემდგომში იგი იყო პროფესორი როსტოკში (1846-1849), კილში (1849-1852) და გისენში (1852-1861). 1868 წელს იერინგი მიიწვეულ იქნა ვენის უნივერსიტეტში, სადაც 4 წლის მანძილზე მოღვაწეობდა . ვენაში მოღვაწეობის უკანასკნელ წელს იერინგმა ვენის იურიდიული საზოგადოების წინაშე წაიკითხა თავის სახელგანთქმული თხზულება „ბრძოლა სამართლისათვის“, რომელიც არაერთ (მათ შორის ქართულ) ენაზე ითარგმნა და მრავალჯერ გამოიცა. 1872 წელს იგი დაუბრუნდა გერმანიას და განაგრძო გეტინგენის უნივერსიტეტში, სადაც სიცოცხლის ბოლმდე მოღვაწეობდა. ამ პერიოდში მან უარი განაცხადა მიწვევევებზე მიუნჰენის და ლაიფციგის უნივერსიტეტებიდან.

მეცნიერული ღვაწლი რედაქტირება

იერინგმა უაღრესად დიდი გავლენა მოახდინა XIX საუკუნეში გერმანული იურიდიული მეცნიერების განვითარებაზე. მის კალამს ეკუთვნის „რომის სამართლის სული მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე“ (4 ტომად, 1852-1865), რომელშიც იგი შეეცადა არა მარტო აეხსნა რომაული სამათლის განვითარების მიზეზები და პირობები, არამედ დაედგინა ზოგადად სამართლის განვითარების კანონზომიერებები. ასევე აღსანიშნავია იერინგის შრომა „მიზანი სამართალში“ (2 ტომად, 1877-1883), რომელშიც იგი ამტკიცებს რომ „მიზანი არის მთელი სამართლის შემოქმედი“. ამ ნაშრომით იერინგი საბოლოოდ გაემიჯნა ე.წ. ცნებათა იურისპრუდენციას, რითაც ლოგიკური დასასრული ჰპოვა იდეურმა "ფერიცვალებამ" (Bekehrung), რომელიც გავრცელებული შეხედულების თანახმად „რომის სამართლის სულში“ იღებს სათავეს. განსაკუთრებით მწვავედ და მახვილგონივრულად დასცინის მეცნიერი ცნებათა იურისპრუდენციას თხზულებაში „იურიდიულ ცნებათა ზეცაში“ (1884).

სამოქალქო სამართლის დოგმატიკისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ნაშრომები მფლობელობის და წინასახელშეკრულებო ვალდებულებების (culpa in contrahendo) შესახებ („culpa in contrahendo-ს შესახებ“).

იერინგმა განსაკუთრებული ზეგავლენა იქონია სისხლის სამართლის სოციოლოგიურ სკოლაზე და ე.წ. ინტერესთა იურისპრუდენციაზე (ფილიპ ჰეკი). იერინგის მეთოდოლოგიური და თეორიული შეხედულებები დღემდე ინარჩუნებენ აქტუალურობას გერმანულენოვანი ქვეყნების სამართლის მეცნიერებაში.

მნიშვნელოვანი ნაშრომები რედაქტირება

  • ნარკვევები რომის სამართლიდან, 1844
  • რომის სამართლის სული მისი განვითარების სხვადასხვა საფეხურებზე, 1852-1865
  • ბრალის მომენტი რომის სამართალში, 1867
  • ბრძოლა სამართლიანობისათვის, 1872
  • მიზანი სამართალში, 1877-1883
  • მფლობელობის ნება. ამავდროლად გაბატონებული იურიდიული მეთოდის კრიტიკა, 1889
  • რომის სამართლის განვითარების ისტორია, 1894

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება