რექსი (ბოცვრის ჯიში)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ რექსი (მრავალმნიშვნელოვანი).

რექსი (< ლათ. rex — „მეფე“) — სატყავე მიმართულების მოკლებეწვიანი ბოცვრის ჯიში. გამოყვანილია 1919 წელს საფრანგეთში. ტანი წაგრძელებულია, ზურგი რამდენადმე კუზიანია. ზრდასრული ბოცვერი იწონის დაახლ. 4,4 კგ-ს. დედალი ერთ ჯერზე შობს 5–6 ბაჭიას. თმის საფარი მოკლე და ხშირია (წააგავს კატის ბეწვს); ფერად შავი, ყავისფერი, ცისფერი ან თეთრია. ტყავი ნატურალური სახით (გაკრეჭვის გარეშე) გამოიყენება ბეწვეულის ნაწარმის დასამზადებლად.[1] ძნელად აკლიმატიზდება.[2]

წარმოშობა რედაქტირება

რექსის წარმოშობა დაკავშირებულია განსაკუთრებულ გენთან (rr); გენეტიკური მუტაციის შედეგად ბეწვისა და თივთიკის სიგრძე გათანაბრდა (ნორმალურბალნიანი ბოცვრების ბალანი შედგება მოკლე თივთიკისა და გრძელი ბეწვისგან), ამას გარდა, ბოცვრის ბეწვი გახდა უფრო წვრილი, რის შედეგადაც წარმოიქმნა ხავერდის მსგავსი თმის საფარი, რომელსაც განსაკუთრებული, პლუშის სტრუქტურა აქვს.[3]

პირველი ბოცვერი მოკლე პლუშის ბალნით დაიბადა 1919 წელს საფრანგეთში. ჯიში პირველად გამოფენაზე წარადგინეს 1924 წელს პარიზში, სახელწოდებით „კასტორ-რექსი“ (castor — „თახვი“ და rex — „მეფე“), რადგან თავიდან ყავისფერი (თახვის მსგავსი) შეფერილობა ჰქონდა; ოფიციალურად ჯიში დარეგისტრირდა 1925 წელს.[3]

სხეულის აგებულება რედაქტირება

 

სტანდარტული ბოცვრის ცოცხალი მასა 4–4,5 კგ-ია. ტანი მომრგვალებული და წაგრძელებულია (სიგრძე 40–54 სმ, მკერდის გარშემოწირულობა 30–35 სმ); თავი მცირე ზომის, გაწელილი; ყურები საშუალო სიდიდის, ვერტიკალურად მდგარი; დედალს პატარა ღაბაბი აქვს. ჩონჩხი წვრილი და მყიფე, ზურგი ვიწრო, გრძელი, ზოგჯერ ოდნავ კუზიანი. მოკლებალნიან ბოცვრებს თმის საფარი მოკლე აქვს, ამასთან ბეწვი და თივთიკი პრაქტიკულად ერთნაირი სიგრძისაა (ბეწვი არაუმეტეს 2 სმ, თივთიკი 1,8 სმ), ისინი თითქმის 2-ჯერ მოკლეა, ვიდრე ნორმალურბალნიანი ბოცვრებისა.[3]

რექსს ბეწვთან ერთად განუვითარებელი აქვს რიგი სხვა თმები: მოკლებალნიან ბოცვრებს ულვაშები ბევრად მოკლე და წვრილი აქვს, ვიდრე ნორმალურბალნიანებს, და უმეტეს შემთხვევაში გამრუდებულია — ეს ერთადერთი არსებითი ნიშანია, რითაც შესაძლებელია ადრეულ ასაკში ამ ჯიშის გარჩევა სხვა ჯიშებისგან (ბაჭიის ბალნის მიხედვით იმის განსჯა, გაიზრდება თუ არა მისგან რექსი, ძალიან ძნელია); ამას გარდა, წამწამებიც რამდენადმე გამრუდებულია. ბეწვი რბილი და ხშირია, ტყავი ძვირად ფასობს, რადგან გაკრეჭილივით გამოიყურება; გამოიყენება ნატურალური სახით (გამოყვანილია 20-ზე მეტი შეფერილობის რექსი: შავი, თეთრი, ცისფერი, მუქი ყავისფერი და სხვ.) და უფრო მეტად ძვირი — ზღვის კატის, წაულას (გაკრეჭილი) და შინშილის ტყავის იმიტაციისათვის.[3]

გამრავლება რედაქტირება

 

ნაყოფიერება 5–6 ბაჭიაა ერთ დაყრაზე (წელიწადში დაახლ. 4–5-ჯერ ყრის). მოზარდეულის ზრდის ტემპი საშუალოა: ერთი თვის ასაკში მასა 680 გრამია, 4 თვეში — 2,35 კგ.[3]

ნაკლოვანებები რედაქტირება

ჩამოთვლილი ღირსებების გარდა, ჯიშს აქვს რიგი ნაკლოვანებებიც: მოკლებალნიანობის გენს აქვს მრავალი ეფექტი — იწვევს კონსტიტუციის დასუსტებას, ზრდის 8 კვირის ასაკამდე მოზარდეულის სიკვდილიანობას. ადვილად ემართება სასუნთქი გზების დაავადებები და მიდრეკილია რაქიტის განვითარებისკენ.[3]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Рекс // Сельско-хозяйственный энциклопедический словарь / Главный редактор: В. К. Месяц. — М.: «Советская энциклопедия», 1989. — стр. 456.
  2. Рекс // Большая советская энциклопедия. — 3-е изд., т. 21 — М., 1975.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Сизова, О. А.; Шумилина, Н. Н.. Рексы ru. Большая российская энциклопедия. Электронная версия (2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-09-04. ციტირების თარიღი: 4 სექტემბერი, 2022