რადიშ თორდია

ქართველი ფერმწერი

რადიშ თორდია (დ. 21 აგვისტო, 1936, აბაშა) — ქართველი ფერმწერი, საქართველოს დამსახურებული მხატვარი (1979), საქართველოს სახალხო მხატვარი (1990), პროფესორი, საქართველოს სსრ მხატვართა კავშირის წევრი, საქართველოს პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1980), ღირსების ორდენის კავალერი (1996), ნიუ-იორკის ჯოის დათკას ფონდის მხატვართა საერთაშორისო კონკურსის და საქართველოს მინისტრთა საბჭოს პრემიების (1980) ლაურეატი. დაჯილდოებულია საქართველოს მხატვართა კავშირის პრიზით წლის საუკეთესო ნამუშევრისათვის (2000). მისი ნამუშევრები დაცულია სანქტ-პეტერბურგის რუსულ მუზეუმში, კელნის ლუდვიგის მუზეუმში, სარდინიის სამხატვრო აკადემიაში, ნიუ-იორკის მუზეუმში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. მისი ბიოგრაფია შესულია ცნობარებში: „ვინ ვინაა საქართველოში 2001–2002“, „ვინ ვინ არის საქართველოში“ (2006). მიეკუთვნება XX საუკუნის სამოციანელთა პლეადას.[1]

რადიშ თორდია
სრული სახელი რადიშ ტერენტის ძე თორდია
დაიბადა 21 აგვისტო, 1936 (1936-08-21) (87 წლის)
დაბადების ადგილი აბაშა, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი
ეროვნება ქართველი
მომზადება იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი, თბილისის სამხატვრო აკადემია
ცნობილი ნამუშევრები „მოხუცის პორტრეტი“ (1980, საქართვ. სამხატვრო ფონდი), „ზაფხული, ლიკანი და გოგონა“ (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), „მუსიკოსი“ (1981, ტრეტიაკოვის გალერეა, მოსკოვი), „მხატვრის სახელოსნო“ (1981, საფრანგეთი, კერძო კოლექცია), „ცირკი“ (1983, გერმანია, კერძო კოლექცია), „ცირკი, ბავშვობის მოგონებები“ (1984, საფრანგეთი, კერძო გალერეა), „კაფე“ (1985, ბერლინი, კერძო კოლექცია), „შემოდგომა ტყეში“ (1986, შვეიცარია, კერძო კოლექცია), „გოგონა სანთლით“ (1987, კანადა, კერძო კოლექცია), „ქალი ჩიტით“ (1988, გაეროს მუზეუმი, ნიუ-იორკი), „ცირკი“ (1989, კერძო კოლექცია, ვაშინგტონი), „მელანქოლია“ (1992, ხელოვნების გალერეა, ქ. ჰიურთი, გერმანია), „გოგონა ნაძვის ხესთან“ (1994, თურქეთი, კერძო კოლექცია)
ჯილდოები საქართველოს სახალხო მხატვარი

ბიოგრაფია რედაქტირება

რადიშ თორდია აბაშაში, 1936 წლის 21 აგვისტოს, ტერენტი თორდიას და ვერა ჩოჩიას ოჯახში დაიბადა. იგი სამოციან წლებში გამოვიდა შემოქმედებით ასპარეზზე. 1957 წელს დაამთავრა თბილისის იაკობ ნიკოლაძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დ. ურუშაძისა და ვ. შერპალოვის ხელმძღვანელობით. 1963 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი, სადაც მისი პედაგოგები იყვნენ ცნობილი მხატვრები ვასილ შუხაევი, სერგო ქობულაძე და უჩა ჯაფარიძე.

1962 წლიდან მონაწილეობდა რესპუბლიკურ, საკავშირო და საერთაშორისო გამოფენებში. მოსკოვში (1978, 1981), დამასკოში (1978), პრაღასა და პარიზში (1982), მადრიდში (1986), კიოლნში (1992), დრეზდენში (1996) თბილისში (2000), ჰამბურგში (2003), ნიუ-იორკსა (2004) და ვაშინგტონში (2005).

1977 წელს ოთხ ქართველ მხატვართან ერთად (ნანა მესხიძე, გივი ნარმანია, ზურაბ რაზმაძე და ბეჟან შველიძე) მონაწილეობა მიიღო მოსკოვში, სირიასა და ერაყში გამართულ გამოფენებში. მისი სურათები ასევე გამოფენილი იყო უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, იუგოსლავიაში, სირიაში, ინდოეთში, ბელგიაში, საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

მონაწილეობდა მოსკოვის სენეჟის შემოქმედებითი სახლის, დუისბურგის, ჰაველბერგის (გერმანია) ახალგაზრდა მხატვართა, ქ. დეჩნეს (იუგოსლავია) საერთაშორისო პლენერებში.[2] იყო საქართველოს მხატვართა კავშირის მდივანი, ფერწერის სექციის თავმჯდომარე, გამგეობის ნევრი, სსრ კავშირის მხატვართა კავშირის მდივანი, გამგეობის წევრი, საქართველოს რუსთაველის სახელობის და სახელმწიფო პრემიების მიმნიჭებელი კომიტეტის წევრი, მრავალი საგამოფენო ჟიურის წევრი და თავმჯდომარე.[3]

1979 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება. 1980 წელს დაჯილდოვდა საქართველოს სახელმწიფო პრემიით. 1990 წელს მიენიჭა საქართველოს სახალხო მხატვრის წოდება. 1997 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. მისი ნამუშევრები დაცულია საქართველოს, რუსეთისა და გერმანიის გალერეებში.[4]

შემოქმედება რედაქტირება

 
რადიშ თორდია

ფერადი სიბრტყეების მონაცვლეობითა და სხეულების ხაზობრივი რითმით, რადიშ თორდია ცდილობს დინამიურ-პლასტიკური კომპოზიციების შექმნას, სასურათო სიბრტყის პლანებად დაყოფით სიბრტყის დინამიურობა მართლაც მიიღწევა, მაგრამ ფიგურათა სტატიური პოზებითა და მანერულობით კიდევ უფრო ძლიერდება სურათის დეკორატიული საწყისი. კომპოზიციური სიცხადე, ლაკონურობა, მკვრივი, შეკრული სხეულები, გარემოსა და ფიგურის ორგანული კავშირი საერთოდ ახასიათებს რადიშ თორდიას ნამუშევრებს („ბურთის თამაში“ 1966, „მთებში“ 1972).

1970-იან წლებში რადიშ თორდიას შემოქმედებაში ერთგვარი ცვლილებები შეინიშნება, რაც მისი გამომსახველობითი ენის დახვეწაზე მეტყველებს. მის ძირითად ამოცანას სურათის ფერწერული გადაწყვეტა წარმოადგენს. წერის მანერა უფრო თამამი და თავისუფალი ხდება, მონასმი უფრო ფართო და ექსპრესიული, კარგად შეიმჩნევა მხატვრის თავისუფალი აზროვნება ცხოვრებისადმი, მისი ახლებური დამოკიდებულება. იგი სხვაგვარად აღიქვამს მთელ რიგ მოვლენებს, სადაც პოეტურ-ლირიულ მოტივის გაძლიერებით ფორმა უფრო მსუბუქი, ფერი უფრო მეტყველი ხდება. მისთვის ერთ-ერთ უპირველეს ამოცანას ემოციის, განწყობის გადმოცემა წარმოადგენს და მთავარი გამომსახველობითი მნიშვნელობა ფერს ენიჭება („სახლი“ 1974–1976, „მსახიობი ქალი ყვავილებით“ 1978, „მამლები“ 1979). იგი ხან კონტრასტული ლაქების დაპირისპირებით, ხან კი ნახევარტონებით იღებს ფორმას, თამამად დებს ერთმანეთის გვერდით წითელ, მწვანე, ლურჯ, ყვითელ ფერებს, რითიც მეტ ექსპრესიულობას და ემოციას ანიჭებს ნამუშევრებს. ცალკე აღნიშვნის ღირსია ამ პერიოდში შესრულებული ნატურმორტები, მხატვარი მთელ თავის ტემპერამენტს რომ ავლენს. თავისუფალ პასტოზური მონასმებით, ნახევარტონებისა და ტონების დაპირისპირებით იგი გამომსახველობის იმპრესიონისტულ გზას უახლოვდება. მხატვრული ხედვის მთლიანობა მას აიძულებს გამოსახულების სიბრტყობრიობა დაიცვას, მაგრამ ამით მეტი დამაჯერებლობა შესძინოს მათ. იგი ცდილობს მთლიანად გამოავლინოს გამოსახულებათა სიცოცხლის ძალა, და მეტი პერსონალურობა მიანიჭოს საგნებს („ნატურმორტი შანდლით“ 1972, „ნატურმორტი ვიოლინოთი“ 1973, „ცარიელი ბოთლები“ 1972, „ნატურმორტი თეთრი ხელსახოცით“ 1972). 1980-იანი წლების ნამუშევრებში, რადიშ თორდიამ თავისი შესაძლებლობების ახალი ფენომენი გამოავლინა, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა ინტერესი მისი შემოქმედებისადმი.

მხატვარი ხშირად შეგნებულად არღვევს კომპოზიციის წყობას, რის საშუალებითაც მეტი ექსპრესიულობა მიიღწევა ნახატში; თითქოსდა მოგონილი უწესრიგობით იგი ცდილობს ხასიათისა და ემოციის გაძლიერებას. ირეალურისა და რეალურის მჭიდრო ურთიერთობით მხატვარი ერთ პრიზმაში ათავსებს წარსულისა და თანადროულობის მოვლენებს. სიბრტყობრიობის ელემენტის შემოტანით იგი კიდევ უფრო ამძაფრებს დროის შეგრძნებას („ცირკი — მოგონებები ბავშვობაზე“ 1984, „მხატვარი“ 1982). რადიშ თორდიას გამოფენა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართულ სახვით ხელოვნებაში, მის შემოქმედებაში კარგად აისახა ის ყოველდღიური განვითარების პროცესები, რაც თანამედროვე ხელოვნებას ახასიათებს.[5]

გამოფენები რედაქტირება

ერთობლივი გამოფენები რედაქტირება

  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა მოსკოვში
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა სირიაში
  • 1977 — ხუთი ქართველი მხატვრის ფერწერული გამოფენა ერაყში
  • 1978 — ქართველ მხატვართა გამოფენა დამასკოში
  • 1981 — გამოფენა „10 გამოჩენილი ქართველი მხატვარი“ მოსკოვში
  • 1982 — საერთაშორისო გამოფენა პრაღა-პარიზში.
  • 1986 — ქართველ მხატვართა გამოფენა მადრიდში.
  • 1987 — საბჭოთა მხატვართა გამოფენა დუისბურგში.
  • 1987 — ქართველ მხატვართა გამოფენა ბუდაპეშტში.
  • 1988 — საბჭოთა და გერმანელ მხატვართა გამოფენა ვილნიუსში.
  • 1990 — ოთხი საბჭოთა მხატვრის გამოფენა დუისბურგში.
  • 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა პარიზში.
  • 1991 — ქართველ მხატვართა გამოფენა იაპონიაში.
  • 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა იტალიაში.
  • 1997 — ქართველ მხატვართა გამოფენა პრაღაში.

პერსონალური გამოფენები რედაქტირება

  • 1980 — თბილისი
  • 1980 — ტუნისი
  • 1989 — მოსკოვი
  • 1992 — კელნი
  • 1996 — დრეზდენი
  • 2000 — თბილისი

ჯილდოები რედაქტირება

პერიოდიკა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სოციალური ქსელები
Facebook
ფოტო
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა
ვიდეო
პირველი არხი · TV IMEDI

სქოლიო რედაქტირება