რაბატი (არაბ. الرباط, ფრანგ. Ville de Rabat; ესპ. Ciudad de Rabat) — მაროკოს სამეფოს დედაქალაქი და სიდიდით ქვეყნის მეშვიდე უმსხვილესი ქალაქი, რომლის მოსახლეობაც 2014 წლის აღწერით 577 827 ადამიანს შეადგენს. რაბატი ასევე წარმოადგენს რაბატ-სალე-კენისტრას ადმინისტრაციული რეგიონის დედაქალაქსაც. ქალაქი ატლანტის ოკეანის სანაპიროზე მდებარეობს მდინარე ბოუ რეგრეგის შესართავთან, ქალაქ სალეს საპირისპირო მხარეს.

ქალაქი
რაბატი
არაბ. الرباط
დროშა გერბი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 34°02′00″ ჩ. გ. 6°50′00″ დ. გ. / 34.03333° ჩ. გ. 6.83333° დ. გ. / 34.03333; -6.83333
ქალაქის მერი Asmaa Rhlalou
დაარსდა 1146
ფართობი 117 კმ²
ცენტრის სიმაღლე 135±1 მეტრი
ოფიციალური ენა არაბული ენა
მოსახლეობა 577 827 კაცი (2014)
სიმჭიდროვე 4900 კაცი/კმ²
სატელეფონო კოდი 537
საფოსტო ინდექსი 10000–10220
ოფიციალური საიტი rabat.ma
რაბატი — მაროკო
რაბატი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1401
ინგლ.რუს.ფრ.

რაბატი XII საუკუნეში იქნა დაარსებული ალმოჰადების მიერ როგორც სამხედრო ქალაქი, რომლებიც იმ დროისათვის ჩრდილოეთ აფრიკის დიდ ნაწილს აკონტროლებდნენ. ქალაქი მუდმივად ვითარდებოდა, ვიდრე ამას ალმოჰადების სახალიფოს დაცემა და რაბატის დიდი ხნით დაკნინება მოჰყვებოდა. XVII საუკუნეში რაბატი ბარბარელი მეკობრეების თავშესაფრად იქცა. 1912 წელს საფრანგეთმა მაროკოში პროტექტორატი გამოაცხადა და ქალაქი მის ადმინისტრაციულ ცენტრად აქცია, თავად მაროკომ კი დამოუკიდებლობას 1955 წელს მიაღწია და რაბატიც სწორედ მაშინ გამოცხადდა მის დედაქალაქად.

რაბატი, ტემარა და სალე ერთად 1.8 მილიონიან აგლომერაციას აყალიბებენ. მაროკოს ძირითადი ქალაქები ერთმანეთს რკინიგზის საშუალებით უკავშირდებიან, თავად დედაქალაქში კი არის რაბატ-სალეს სახელით ცნობილი აეროპორტი. ლამთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეამცირა დედაქალაქის როლი ქალაქში არსებულ პორტთან მიმართებაში, თუმცა რაბატი და სალე მაინც რჩებიან მნიშვნელოვან ქალაქებად ტექსტილის, მრეწველობის და მშენებლობის ინდუსტრიული კუთხით. ამას გარდა, ტურიზმი და დედაქალაქში თავმოყრილი საელჩოების არსებობა რაბატს ქვეყანაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ქალაქად აქცევს. მაროკოს დედაქალაქს CNN-მა 2013 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ ''TOP სამოგზაურო ადგილებს'' შორის მეორე ადგილი მიანიჭა. ქალაქი მაროკოს ოთხი იმპერიული ქალაქიდან ერთ-ერთია, მისი მედინა კი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ისტორია რედაქტირება

XII-XVII საუკუნის პერიოდი რედაქტირება

რაბატი მის ახლოს მდებარე ანტიკურ ქალაქ სალესგან განსხვავებით, შედარებით ახალ ისტორიას განეკუთვნება. 1146 წელს, ალმოჰადების მბრძანებელმა აბდ ალ-მუმინმა რაბატში არსებული მცირე ზომის სახლები სრულმასშტაბიან ციხესიმაგრეებად და იბერიის ნახევარკუნძულზე ბრძოლების წარმოებისთვის მთავარ ადგილად აქცია.

იაქუბ ალ-მანსურს, კიდევ ერთ ალმოჰად ხალიფას კი მისი იმპერიის დედაქალაქის რაბატში გადატანა მიეწერება. ასევე სწორედ მას უკავშირდება ქალაქის დამცავი კედლების აგება და მსოფლიოში უდიდესი მეჩეთის მშენებლობის დაწყება. მიუხედავად იმისა, რომ მალევე იაქუბი გარდაიცვალა და მისი ჩანაფიქრი ვერ განხორციელდა, მეჩეთის ნანგრევები დღესაც შემორჩენილია და მისი ხილვა დედაქალაქშია შესაძლებელი.

ხალიფა ალ-მანსურის გარდაცვალებას ალმოჰადთა დაღმასვლა მოჰყვა - მათ დაკარგეს ტერიტორიები იბერიის ნახევარკუნძულზე და ასევე დათმეს მათ კონტროლქვეშ არსებული უმეტესი აფრიკული ტერიტორიებიც, რომელსაც საბოლოოდ ალმოჰადთა მმართველობის დაცემა მოჰყვა. როგორც XVI საუკუნის მავარი მოგზაური, ელ ვასანი გადმოგვცემს, იმ დროისთვის რაბატი იმდენად იყო დასუსტებული რომ მის ადგილას მხოლოდ 100 საცხოვრებელი სახლიღა იყო შემორჩენილი.

მეკობრეთა რესპუბლიკები რედაქტირება

რაბატი და მისი მეზობელი ქალაქი სალე 1627 წელს გაერთიანდნენ და ბოუ რეგრეგის რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს. ქვეყანას ბარბარელი მეკობრეები მართავდნენ, რომელიც ქალაქებს საყრდენ ნავსადგურად იყენებდნენ, რათა გემებზე თავდასხმები მოეწყოთ. მეკობრეებს ათწლეულების მანძილზე კონკურენტი არ ჰყოლიათ, სანამ 1666 წელს ალაუიტების დინასტიამ მაროკო არ გააერთიანა და მათ არ დაუპირისპირდა - ამ უკანასკნელმა სცადა მეკობრეებზე კონტროლის დამყარება, თუმცა არაფერი გამოუვიდა. საბოლოოდ, 1818 წელს რესპუბლიკა დაემხო, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ სახელმწიფოს ჩამოშლის შემდეგაც მეკობრეები კვლავ აგრძელებდნენ თავის საქმიანობას და თავს ესხმოდნენ გემებს. იმის შემდეგ, რაც ერთ-ერთი ასეთი ოპერაციის დროს კი ავტრიელთა გემი დაიკარგა, საპასუხოდ ევროპელებმა იერიში რაბატზე მიიტანეს და ქალაქი დიდად დააზიანეს.

ფრანგთა შეჭრა მაროკოში რედაქტირება

1907 წელს მაროკოს ფრანგები დაესხნენ თავს, რომლებმაც შეტევა ორი - აღმოსავლეთი და დასავლეთი მიმართულებით წარმართეს. ფრანგებმა ოპერაცია წარმატებით დაასრულეს, რასაც საბოლოოდ 1912 წელს ფესის ზავი მოჰყვა. ზავის მიხედვით მაროკოში საფრანგეთის პროტექტორობა მყარდებოდა. მაროკოში ფრანგების მივლენილმა მმართველმა უბერ ლიაუტიმ კი სწორედ ამ დროს გადაწყვიტა ქვეყნის დედაქალაქის ფესიდან რაბატში გადატანა. სხვა ფაქტორებთან ერთად, ამის მიზეზი ფესში არსებული არასტაბილური ვითარება და ხალხის ახლად შექმნილ რეალობასთან წინააღმდეგობა იყო. სულთანი მულაი იუსეფი ფრანგების გადაწყვეტილებას დაემორჩილა და ბინა რაბატში დაიდო. 1955 წელს, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მაშინდელმა მეფე მოჰამედ V-მ გადაწყვიტა დედაქალაქი რაბატში დაეტოვებინა.

გეოგრაფია რედაქტირება

რაბატის არემარე რედაქტირება

რაბატი ადმინისტრაციული ქალაქია. აქ გვხვდება მრავალი მაღაზია თუ საცხოვრებელი უბანი. გეოგრაფიულად უბნები შემდეგნაირად იყოფა:

ქალაქის გული სამ ნაწილს მოიცავს: მედინა (ძველი ქალაქი); ციტადელები და ჰასანი, რომელიც ბოუ რეგრეგის მდინარეს ხვდება და ატლანტის ოკეანე.

თავდაპირველად, ციხესიმაგრეების გარშემო ვხვდებით ძველ უბნებს - Quartier l'Océan და Quartier les Orangers. ამის იქით, იწყება უმეტესად მუშათა კლასის დასახლებები, Diour Jamaa, Akkari, Yacoub El Mansour, Massira და Hay el Fath კი ამ ღერძის ძირითადი ნაწილებია.

აღმოსავლეთით, მდინარე ბოუ რეგრეგის გასწვრივ, არის Youssoufia-ს მხარე, რომელიც უმეტესად მუშათა და საშუალო კლასის მაცხოვრებგლიბისაგან შედგება: Mabella; Taqaddoum; Hay Nahda; Aviation.

ამ ორ ღერძს შორის, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ვხვდებით სამ ძირითად დასახლებას: Agdal; Hay Riad და Souissi


ბოუ რეგრეგის სანაპირო რედაქტირება

ატლანტის ოკეანესა და ბოუ რეგრეგის ხეობას შორის არსებული ნაპირები მოფენილია მრავალი ისტორიული ადგილით, მათ შორის ჰასანის კოშკის ესპლანადითა და ჩელას ნეკროპოლისით, რომელსაც შუა საუკუნეებიდან დღევანდელ დღემდე არაერთი ხმელთაშუაზღვისპირული ცივილიზაცია უნახავს.

ამჟამად ბოუ რეგრეგის ზღვის სანაპიროს მიზნად აქვს რომ იქცეს დასვენების მაძიებელი გემის მგზავრებისთვის დიდხნიანი გაჩერების ადგილად, ან თუნდაც დროებით შესაყოვნებელად ვიდრე ისინი განაგრძობენ თავიანთ გზას დასავლეთი აფრიკის, კარიბული ქვეყნებისა თუ ჩრდილო ამერიკული სანაპიროებისაკენ.

კულტურა რედაქტირება

რაბატის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს მოჰამედ V-ის სახელობის თეატრი. ქალაქში ასევე შევხვდებით რაბატის არქეოლოგიურ მუზეუმს და მოჰამედ VI-ის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს.

მრავალი ორგანიზაცია აქტიურობს კულტურულ თუ სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებით - Orient-Occident და ONA სწორედ ორი მათგანია. ქალაქში ვნახავთ დამოუკიდებელ ხელოვნების სცენას, რომელიც 2002 წელს გაიხსნა და გვაცნობს საერთაშორისო თუ ადგილობრივ არტისტებს.

მავაზინის ფესტივალი რედაქტირება

მავაზინის მუსიკალური ფესტივალი, რომელიც 2001 წლიდან იმართება, ხშირად მასპინძლობს ისეთ საერთაშორისოდ აღიარებულ არტისტებს, როგორიცაა Scorpions, Rihanna, Elton John, Stromae და ასე შემდეგ. აღსანიშნავია რომ მავაზინზე დასწერება უფასოა, თუმცა ქალაქში ფესტივალის დროს მაინც არსებობს სპეციფიური ადგილები, სადაც მოსახვედრად ფულის გადახდაა საჭირო.

რელიგიური ნაგებობები რედაქტირება

რელიგიურ ნაგებობებში ქვეყნის აღმსარებლობიდან გამომდინარე ჭარბობს მეჩეთები, თუმცა დედაქალაქში არის სინაგოგაც და ამასთან ერთად ევანგელისტური, კათოლიკური საკათედრო ტაძრები.

განათლება რედაქტირება

მოჰამედ V-ის სახელობის უნივერსიტეტი დედაქალაქში 1957 წელს დაარსდა.

დაძმობილებული ქალაქები რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ::Bethlehem Municipality::. www.bethlehem-city.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-07. ციტირების თარიღი: 2009-10-10.
  2. Madrid city council webpage Mapa Mundi de las ciudades hermanadas. Ayuntamiento de Madrid.
  3. AN^MAR - Red de Hermanamientos entre Ciudades Marroquies y Andaluzas - Convenios y hermanamientas. An-mar.org (2006-05-01). ციტირების თარიღი: 2011-09-15.