ჟაკერია (ფრანგ. Jacquerie, Jacques bon homme-იდან „გულუბრყვილო ჟაკი“, ასე ეძახდნენ გლეხებს დაცინვით თავად-აზნაურები) — გლეხთა დიდი ანტიფეოდალური აჯანყება ჩრდილოეთ საფრანგეთში 1358 წლის მაისსა და ივნისში. ჟაკერიის მიზეზი იყო ეკონომიკური კოლაფსი, გამოწვეული ასწლიანი ომის შედეგად, საგადასახადო ტვირთი და ასევე შავი ჭირის ეპიდემია, რომელმაც იმსხვერპლა მოსახლეობის მესამედზე მეტი.

ჟაკერია

წინარე ისტორია რედაქტირება

ჟაკერიას წინ უსწრებდა საფრანგეთის მეფე ჟან II კეთილის პუატიეს ბრძოლაში, ინგლისელთა მიერ მისი დატყვევება და პარიზის აჯანყება (1357-1358 წწ.), რომლის შედეგადაც დედაქალაქში 1358 წლის თებერვლიდან ძალაუფლება ხელთ იგდეს შეძლებულმა მოქალაქეებმა ვაჭართა პრევოს ეტიენ მარსელის მეთაურობით. საფრანგეთის დროებითი განმგებელი პარიზიდან გაქცეული დოფინი შარლი მშიერ ბლოკადაში აქცევდა რევოლუციურ პარიზს. ჟაკერიის უშუალო მიზეზად მეფის ტყვეობიდან გამოსყიდვის მიზნით შემოღებული ახალი ფულადი გადასახადი და ციხესიმაგრების არდგენასთან დაკავშირებული ბეგარა იქცა.

აჯანყების მსვლელობა რედაქტირება

აჯანყება დაიწყო 1358 წლის 28 მაისს ბოვეზის ოლქში მდებარე სოფ. სენ-ლე-დ’ესერანში და მოიცვა ილ-დე-ფრანსი, პოკარტიე, პონტიე, ქვემო ნორმანდია, შამპანი და სხვა. ქალაქების დემოკრატიული ფენები თანაუგრძნობდნენ ჟაკერიას, მაგრამ შეძლებული მოქალაქეები, რომელთაც ქალაქებში ძალაუფლება ეპყრათ, გლეხთა აჯანყებას მტრულად შეხვდნენ და მას მხარი არ დაუჭირეს. უდიდეს სიძლიერეს ჟაკერიამ მიაღწია ბოვეს ოლქსა და ქალაქების კლერმონის, კომპიენისა და სანლისის მიდამოებში, სადაც მოქმედებდა ამბოხებულთა უდიდესი რაზმი ბოვეს ოლქის სოფელ მელოს მცხოვრების გილიომ კალის მეთაურობით. მოძრაობა სტიქიურ ხასიათს ატარებდა, ხალხი ცუდად იყო შეიარაღებული. გილიომ კალმა დახმარებისათვის მიმართა პარიზის აჯანყების ხელმძღვანელს ეტიენ მარსელს, რომელმაც გლეხებს ყოველგვარი დახმარება აღუთქვა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პარიზელთა რაზმებმა გლეხებთან ერთად რამდენიმე ციხე დაანგრიეს, პარიზელები უკან დაბრუნდნენ და ბედის ანაბარა მიატოვეს გლეხები.

1358 წლის 10 ივნისს სოფელ მელოსთან მოხდა გადამწყვეტი ბრძოლა გილიომ კალის რაზმსა და საფრანგეთის თავადაზნაურობის მიერ მიმხრობილი შარლ ბოროტის ფრანგი და ნავარელი ვასალების და დაქირავებული ინგლისელი ჯარისკაცებისაგან შემდგარ რაზმებს შორის. ბრძოლის წინ გილიომ კალი ფეოდალებმა ვერაგულად დაატყვევეს და უმეთაუროდ დარჩენილი რაზმი გაანადგურეს. ფეოდალებმა საშინელი სისასტიკით ჩაახშეს აჯანყება.

ლიტერატურა რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება