პლატონიზმი პლატონის ფილოსოფია და სახელია, რომელიც მისგან წარმომდგარ სხვადასხვა ფილოსოფიურ სისტემებს აერთიანებს. ვიწრო ჭრილში, ტერმინი შეიძლება გავიგოთ, როგორც პლატონური რეალიზმის დოქტრინა.

პლატონის აკადემიის ადგილი ათენში

პლატონიზმის მთავარი იდეა არის სხვაობა გრძნობად - არაგონებრივ რეალობას და გონებრივ - არაგრძნობად რეალობას შორის; ეს განსხვავება ფორმების თეორიის ქვაკუთხედია. ფორმები, საუბრებში ფაედო, სიმპოზიუმი და რესპუბლიკა აღწერილია, როგორც სრულყოფილი ნიმუშები, რომლის არასრულყოფილი ასლებიც ყოველდღიური ცხოვრების საგნები არის. რესპუბლიკაში უმაღლეს ფორმად სიკეთეა მიჩნეული, რომელიც ყველა სხვა ფორმების პირველწყაროა. სოფისტში, გვიანდელ ნამუშევარში, ყოფიერება, მსგავსება და განსხვავება მიჩნეულია, როგორც თავდაპირველი "დიდი სიკეთეები". ჩვ. წ. აღ.-მდე მე–3 საუკუნეში, არქეზილამ პლატონიზმში შემოიტანა სკეპტიციზმი, რომელიც სკოლის მთავარ პრინციპად დარჩა ჩვ. წ. აღ.-მდე 90 წლამდე, როდესაც ანტიოქმა დაამატა სტოიკური ელემენტები, განაგდო სკეპტიციზმი და დაიწყო პერიოდი, რომელიც შუა პლატონიზმის სახელითაა ცნობილი.

ჩვ. წ. აღ-ით მე–3 საუკუნეში, პლოტინუსმა დაამატა მისტიკური ელემენტები, ჩამოაყალიბა ნეოპლატონიზმი, რომელშიც არსებობის მწვერვალად ერთიანობა და სიკეთე მიიჩნევა - ყველა საგნის წყარო. სათნოებასა და ფიქრში სულს აქვს ძალა ამაღლდეს და შეუერთდეს ერთიანობას. პლატონიზმს არსებითი გავლენა ჰქონდა დასავლურ აზროვნებაზე და ბევრი პლატონური შეხედულება გაიზიარა ქრისტიანულმა ეკლესიამ, რომელიც პლატონის ფორმებს იგებდა, როგორც ღვთის აზრებს, მანამდე სანამ ნეოპლატონიზმი არ გახდა ქრისტიანული მისტიციზმის ჩამოყალიბების მთავარი მასტიმულირებელი.

ფილოსოფია რედაქტირება

მთავარი ცნება ფორმების თეორიაა.[1] ერთადერთი ჭეშმარიტი ფორმა, რომელიც ყველაფერზე მაღლა დგას, მარადიული, შეუცვლელი, სრულყოფილი, მისი არასრულყოფილი ასლია გრძნობადი სამყაროს ყოველი საგანი. გრძნობიერი საგნები მუდმივ ცვლას განიცდიან, ისინი მოკლებული არიან ჭეშმარიტ არსებობას.[1] ეს ამონაწერი პლატონის შუა ხანის მეტეფიზიკისა და ეპისტემოლოგიის ნიმუშია:

[სოკრატე:]"გამომდინარე იქიდან, რომ ლამაზი მახინჯის საპირისპიროა, ისინი არიან ორნი."

[გლაუკონი:]"რა თქმა უნდა"
"და გამომდინარე იქიდან, რომ ისინი ორნი არიან, თითოეული წარმოადგენს ერთს?
"მე კვლავ გეთნხმები"
"და იგივე შეიძლება ითქვას სიმართლეზე და სიცრუეზე, სიკეთეზე და ბოროტებაზე და ყველა ფორმაზე. თითოეული საკუთრივ არის ერთადერთი, მაგრამ რადგან ისინი გვევლიან ყველგან, მოქმედებებში, სხეულებში და ერთმათთან ახლოს, გვეჩვენება რომ ისინი ბევრნი არიან."
"მართალია."
"და მე ვასკვნი: ერთ მხარეს არიან სეირის, ხელოვნების მოყვარულნი და პრაქტიკული ადამიანები; მეორე მხარეს კი არიან ისინი, ვისზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ და ვისაც ფილოსოფოსები ჰქვიათ."
"რას გულისხმობ?"
"სეირისა და ხმიანობის მოყვარულთ ატკბობთ ლამაზი ბგერები, ფორმები და ყველაფერი ამათგან ნაწარმოები, მაგრამ მათ გონებას არ შეუძლია დაინახოს და მიიღოს თავად სილამაზის არსი."
"ნამდვილად."
"რეალურად, ძალიან ცოტაა ადამიანი, რომელსაც შეუძლია ჩაწვდეს სილამაზის არსს და დაინახოს იგი. არ არის ასე?"
"ზუსტად."
"რას იტყვი ისეთ ადამიანზე, ვისაც სწამს ლამაზი საგნები, მაგრამ არ სწამს თავად სილამაზე და არ სურს გაყვეს მას, ვინც მიიყვანს ამ ცოდნამდე? არ ფიქრობ რომ ის ცხოვრობს უფრო სიზმარში, ვიდრე ფხიზელ მდგომარეობაში? არ არის ეს სიზმარი: მძინარე თუ ფხიზელი ფიქრობდე საგნის მსგავსებასა და განსხვავებაზე?"
"მე ვფიქრობ, ასეთ ადამიანს სძინავს."
"მაგრამ ადამიანი, ავიღოთ საპირისპირო მაგალითი, რომელსაც სწამს სილამაზის არსი, შეუძლია დაინახოს იგი და საგნები, რომლებიც მონაწილეობენ მასში და არ სწამს საგნების––ცხოვრობს იგი სიზმარში ან ფხიზელ მდგომარეობაში?"
"იგი ნამდვილად რომ ფხიზელია"

(რესპუბლიკა, წიგნი V)

რესბუბლიკის VI წიგნი უმაღლეს ფორმად სიკეთეს სახავს, ყველა სხვა იდეა და ფორმა მისი შემადგენელი ნაწილია. გრძნობიერის მიერ მიღებული შთაბეჭდილებებით ჩვენ ვერასდროს მივიღებთ ცოდნას ჭეშმარიტი ყოფიერების შესახებ ე.ი ფორმების შესახებ;[1] იგი შეიძლება მივიღოთ მხოლოდ სულის შინაგანი აქტივობით, სადაც გრძნობა მხოლოდ ხელის შემშლელი ფაქტორია.[1] მოგვიანებით, ნეოპლატონიზმმა პლოტინუსის მეოხებით, რესპუბლიკის სიკეთის ფორმა ტრანსცენდეტით, პარმენიდების ერთ-ერთი პირველი ჰიპოთეზით, აბსოლუტით შეცვალა.

პლატონიზმს დიდი გავლენა ჰქონდა დასავლურ აზროვნებაზე. ტიმეის[2] მრავალ ინტერპრეტაციაში პლატონიზმი, როგორც არისტოტელიზმი მარადიულ სამყაროს იუდაისტური გადმოცემის საპირისპიროდ მიიჩნევს, რომლის მიხედვითაც სამყარო ისტორიულ დროში შეიქმნა. არისტოტელიზმისგან განსხვავებით, პლატონიზმი იდეას საგანზე მაღლა აყენებს და ადამიანს სულის ქონას მიაწერს. ბევრმა პლატონისტურმა იდეამ ლათინურ ქრისტიანობაში სამუდამო ადგილი დაიმკვიდრა.[3]

ისტორია რედაქტირება

აკადემია რედაქტირება

პლატონიზმი, ძირითადად, პლატონის დიალოგებშია წარმოდგენილი, სადაც სოკრატეს გმირის დახმარებით რამდენიმე დოქტრინას ეძლევა განმარტება, რომლებიც ისტორიული სოკრატეს, პლატონის მასწავლებლის იდეებთან რამდენად ახლოს დგას დაუდგენელია. პლატონი ლექციებს თავის აკადემიაში მართავდა, ათენის კედლების გარეთ. სკოლამ დიდი ხნის განმავლობაში იარსება. აქ იყო სამი პერიოდი: ძველი, შუა და ახალი. ძველი აკადემიის მეთაურები სპეუსიპუსი (პლატონის ძმისწული), (339 ჩვ. წ. აღ-მდე) და ქსენოკრატესი (313 ჩვ. წ. აღ-მდე) იყვნენ. ორივე მათგანი ცდილობდა შეერწყა პითაგორეანული იდეები პლატონის ფორმების თეორიას.

ჩვ. წ. აღ-მდე 226 წლისათვის აკადემიის ლიდერი არქეზილა გახდა. ეს ფაზა, ცნობილია როგორც შუა ხნის აკადემია, ამ დროს აკადემიამ სკეპტიციზმის ელემენტები შეიძინა. იგი გამოირჩევა თავდასხმებით სტოიკებზე და მათ მოსაზრებებზე ჭეშმარიტებაზე. ახალ აკადემიას საფუძველი ჩვ. წ. აღ-მდე 155 წელს კარნეადესმა ჩაუყარა, მეოთხე მეთაური არქეზილას შემდეგ. აკადემიას ამ დროს ჯერ კიდევ სკეპტიკური მიმართულება ჰქონდა, უარყოფდა რა აბსოლუტის ჭეშმარიტების ცოდნის შესაძლებლობას. ორივეს, არქეზილას და კარნეადესს სწამდათ, რომ პლატონის ნამდვილ მოძღვრებას მისდევდნენ.

შუა ხნის პლატონიზმი რედაქტირება

ჩვ. წ. აღ-მდე 90 წლისათვის ასკალონმა უარყო სკეპტიციზმი და გზა მისცა ახალი პერიოდს, შუა ხნის პლატონიზმს, რომელშიც პლატონიზმმა გაიზიარა ზოგიერთი პერიპათეთიკური და მრავალი სტოიკური დომგა. ამ დროს, პლატონიზმის ფორმები არ იყო ტრანსცენდენტული, იგი რაციონალურ გონებას არჩევდა. ფიზიკური სამყარო იყო ცოცხალი, გასულიერებული არსება, მსოფლიო სული. ამ პერიოდის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწე პლუტარქე იყო. პლატონიზმის ეკლექტიკურ ბუნებას მისი პითაგორიანიზმთან (ნემუნიუს აპამელი) და იუდაისტურ ფილოსოფიასთან (ფილო ალექსანდრიელი) გაერთიანება აჩვენებს.

ნეოპლატონიზმი რედაქტირება

მესამე საუკუნეში, პლოტინუსმა გადმოიღო პლატონის სისტემა, დააარსა ნეოპლატონიზმი, რომელშიც შუა ხნის პლატონიზმი აღმოსავლურ მისტიციზმთან გაერთიანდა. არსებობის მწვერვალად ერთადერთი იგივე სიკეთე მიიჩნევა, როგორც ყველა საგნის წყარო.[4] იგი წარმოსდგება საკუთარი თავიდან, როგორც საკუთარი არსებობის ანარეკლი, გონება, - სადაც ინახება მარადიული იდეები.[4] მსოფლიო სული, გონების ასლია, იგი წარმოსდგება მისგან და ინახება მასში, ისევე როგორც თავად გონება ინახება ერთადერთის ფორმაში.[4] ბუნება ერთიანია და დაჯილდოებულია სიცოცხლითა და სულით. სული მიჯაჭვულია მატერიაზე, მიისწრაფის გამოვიდეს მისგან და შეუერთდეს პირველწყაროს.[4] სათნოებასა და ფილოსოფიურ აზროვნებაში მას აქვს ძალა ასწიოს საკუთარი თავი, ექსტაზის მდგომარეობაში ამაღლდეს გონებაზე.[4] ამის მიღწევა, შეურთდეს სიკეთეს იგივე ღმერთს, ყოველი ადამიანის ჭეშმარიტი ფუნქციაა.[4]

პლოტინუსის მოწაფებმა პორფირიმ, შემდეგ იამბლიკუსმა სისტემა ქრისტიანობის საპირისპიროდ განავითარა. ამ პერიოდში პლატონისტური აკადემია მეორედ დაარსდა; მისი ყველაზე ცნობილი მეთაური პროკლუსი (გარდაიცვალა 485 წელს) იყო, პლატონის ნაშრომების კომენტატორი. აკადემიის არსებობამ გასატანა სანამ რომის იმპერატორმა იუსტინიანემ არ დახურა 529 წელს.

ქრისტიანობა და პლატონიზმი რედაქტირება

 
ბევრი დასავლეთელი სასულიერო მოღვაწე, მათ შორის ავგუსტინე ჰიპელი, პლატონიზმის გავლენას განიცდიდა

პლატონიზმს დიდი გავლენა ჰქონდა კლემენტ ალექსანდრიელზე, ორიგენზე და[3] კაბადოკიელ მამებზე.[5] მან ასევე დიდი გავლენა მოახდინა წმ. ავგუსტინეზეც, რომელმაც პლატონიზმი პორფირისა და პლოტინუსის ნაშრომებით (მარიუს ვიქტორინუსის თარგმანი) გაიცნო.

პლატონიზმი ავტორიტეტს წარმოადგენდა შუა საუკუნეებში და ბევრი პლატონური იდეა დღეს კათოლიკური/პროტესტანტული ეკლესიის განუყოფელი ნაწილია.[3] პლატონიზმმა თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია აღმოსავლური და დასავლური მისტიციზმი.[3][6] დიდი იყო მისი გავლენა სხვადასხვა ფილოსოფოსებზე.[3] მიუხედავად იმისა, რომ მე–13 საუკუნეში არისტოტელიზმმა უფრო მეტი გავლენა მოიპოვა, წმ. თომა აკვინელის ფილოსოფია მრავალ ასპექტში პლატონისტური იყო.[3]

აღორძინების ხანაში სწავლულები თავად პლატონის პიროვნებით დაინტერესდნენ.[3] მე–16, მე–17 და მე–19 საუკუნეში პლატონის იდეებმა საკმაო გავლენა იქონია ბევრ ინგლისელ რელიგიურ მოაზროვნეზე.

სქოლიო რედაქტირება

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 Oskar Seyffert, (1894), Dictionary of Classical Antiquities, page 481
  2. cf. Proclus' commentary on the Timaeus; Cornford 1937
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 3.6 "Platonism." Cross, F. L., ed. The Oxford dictionary of the Christian church. New York: Oxford University Press. 2005
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 4.5 Oskar Seyffert, (1894), Dictionary of Classical Antiquities, page 484
  5. Armstrong, A. H., ed., The Cambridge History of Later Greek and Early Medieval Philosophy, Cambridge, 1970.
  6. Louth, Andrew. The Origins of the Christian Mystical Tradition: From Plato to Denys. Oxford: Oxford University Press, 1983.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება