პენეპლენი (ინგლ. peneplain; < ლათ. paene — თითქმის და ინგლ. plain — ვაკე) — დენუდაციური ვაკე, რომელიც წარმოიქმნება დანგრეული მთების ადგილას ჰუმიდური ჰავის პირობებში. ტერმინი შემოგვთავაზა უილიამ მორის დეივისმა, რომელიც ალბრეხტ პენკთან, ვალტერ პენკთან და ლესტერ კინგთან ერთად ითვლება პენეპლენის კონცეფციის ფუძემდებლად.[1]

პენეპლენი ბელჩერის კუნძულებზე
პენეპლენი, რომელმაც მეოთხეულში გამყინვარება განიცადა და საბოლოოდ დაბალმთიან პლატოდ გადაიქცა

აკუმულაციური მოსწორების ზედაპირისაგან განსხვავებით პენეპლენი არის დენუდაციური ვაკე, რომელსაც ნაოჭა ან კრისტალური სუბსტრატი გააჩნია და რომელიც წარმოქმნილია დიდი ტექტონიკური ციკლების ბოლოს (დედამიწის ქერქის განვითარების ოროგენიული ეტაპიდან ბაქნურზე გადასვლის დროს). ხშირად პენეპლენი დაფარულია ქიმიური გამოფიტვის ქერქით, რომლის სიმძლავრემ შეიძლება რამდენიმე ათეულ მეტრს მიაღწიოს.[2]

პენეპლენის განვითარების კარგი მაგალითია მაგ., ალთაის, ტიან-შანის, ყაზახეთის წვრილგორაკებისა და სალაირის ჭიუხის განაპირა მხარეები, რომლებიც პენეპლენიზებული იყო გვიანდელ ცარცულ პერიოდში. მთელი ეს ტერიტორია წარმოადგენს პლანაციას, რომელიც სუსტად დანაწევრებულია და გამოირჩევა პლატოსებრი მოყვანილობით.

ასეთი რელიეფი შენარჩუნდა პალეოგენის ბოლომდე, როდესაც დაიწყო უძველესი დენუდაციური ნაოჭა სტრუქტურების აღორძინება. ცარცულ-პალეოგენური ასაკის პენეპლენი ნაწილობრივ დანგრეული იყო, დენუდირებული, გადაადგლებული სხვადასხვა ჰიფსომეტრიულ დონეზე. პენეპლენი და პენეპლენიზაცია გეომორფოლოგიური პროცესების ერთობლიობაა.[3]

საქართველოში არსებობს ე. წ. „ახალგაზრდა“ და „ძველი“ პენეპლენი. ახალგაზრდა პენეპლენიზებული ზედაპირი გააჩნია მაგ.: გომბორის ქედს, რომლის პენეპლენი ცივის წყების ქვეშიდანაა ამონათხარი. მიოცენში დაიძირა რა ზღვაში, პლიოცენში ნალექების ქვეშ იმარხებოდა და ცივის წყების დისლოცირებასთან პარალელურად აზევებას განიცდიდა. ძველი პენეპლენი გამოვლინდა ძირულისა და ლოქის მასივებზე.[4]

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. ივანე სემიონის ძე შჩუკინის ერთ-ერთ კაპიტალურ ნაშრომში მოცემული გეომორფოლოგიური ცნობები «Общая геоморфология». — М.: Издательство МГУ, 1, 2 и 3 издания (1960, 1964 и 1974 годы), ასევე : Р. Дж. Райс. Основы геоморфологии. — М.: Прогресс, 1980. — С. 328.
  2. Криштофович А.Н. (ред.) Геологический словарь. Москва., 1955 год. 446 стр.
  3. Erosion, isostatic response, and the missing peneplains
  4. მარუაშვილი ლ., საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია, თბ., 1964