პალეოგეოგრაფია (ბერძნ. palaios – ძველი და გეოგრაფია – ანუ ისტორიული მიწათმცოდნეობა) — ბუნებისმეტყველების დარგი, რომელიც შეისწავლის წარსულის გეოლოგიური ეპოქის გეოგრაფიულ პირობებს. პალეოგეოგრაფია იკვლევს წარსულის ფიზიკურ-გეოგრაფიულ ფაქტორს, რის საფუძველზე საბოლოოდ დგინდება მთლიანად ან ნაწილობრივ თანამედროვე დედამიწის ბუნება.

პალეოგეოგრაფია ისტორიული გეოლოგიისა და ზოგადი ფიზიკურ-გეოგრაფიული მეცნიერების დარგია. პალეოგეოგრაფია ეს არის მეცნიერება, რამდენიმე სამეცნიერო სისტემის - გეოგრაფიის, გეოლოგიის, ბიოლოგიისა და ისტორიის მიჯნაზე.

პალეოგეოგრაფიის კვლევის შედეგების განზოგადების ერთ-ერთი ძირითადი ფორმაა პალეოგეოგრაფიული რუკების შედგენა, სადაც ასახულია გეოლოგიური წარსულის ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობები — ხმელეთისა და ზღვის განაწილება, რელიეფის ხასიათი, ჰიდროლოგიური ქსელი და ა.შ.

პალეოგეოგრაფია ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში განვითარდა, რომელიც აქტიურად ჩაება რიგი სასარგებლო წიაღისეულის ძიების პროცესში, მათ შორის ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვების საქმეში.[1]

ისტორია რედაქტირება

 
მელხიორ ნოიმაირი
 
ნიდერლანდის პალეოგეოგრაფიული რუკა (მაგალითი).
 
აპალაჩების პალეოგეოგრაფიული რეკონსტრუქცია[2]

პალეოგეოგრაფია შედარებით ახალგაზრდა მეცნიერებაა, თუმცა მისი ელემენტები გვხვდება გამოჩენილი ნატურალისტების შრომებში, როგორებიც იყვნენ — ბირუნი, ავიცენა, ლეონარდო და ვინჩი, ჟან ბატისტ ლამარკი, ჩარლზ ლაიელი, მიხეილ ლომონოსოვი, ნიკოლაუს სტენო, კარლ რულიე და სხვ.[3] პალეოგეოგრაფია როგორც დამოუკიდებელი ბუნებრივ-ისტორიული სამეცნიერო მიმდინარეობა ჩამოყალიბდა XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, მელხიორ ნოიმაირის, ალექსანდრე კარპინსკის, იოჰანეს ვალთერის, ალექსანდრე ინოსტრანცევის, ჩარლზ შუხერტის, ალფრედ ვეგენერის, იუზეფ ლუკაშევიჩის და სხვათა შრომების ხარჯზე.

პალეოგეოგრაფიის აზრის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი იყო ასევე ინოკენტი გერასიმოვის, კონსტანტინე მარკოვის, ლევ რუხინისა და რიჩარდ ფლინტის კაპიტალური შრომები. პალეოგეოგრაფიის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჩარლზ ლაიელის აქტუალიზმის მეთოდმა, ამანც გრესლის ფაციესურმა ანალიზმა, ლამარკისა და დარვინის ევოლუციურმა მოძღვრებამ, დოკუჩაევის მიერ ნიადაგების გეოგრაფიული ზონალურობის კანონის დადგენამ, ალფრედ ვეგენერის კონტინენტების დრეიფის თეორიამ და ასევე მომდევნო ხანებში ლითოსფერული ფილაქნების საკითხში განვითარებულმა წარმოდგენებმა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ალექსანდრე კარპინსკის გამოკვლევები. მან პირველმა გამოიკვლია რუსეთის ბაქნის ტექტონიკური აგებულება. შეადგინა პალეოგეოგრაფიული რუკები, რომლებიც ეხებოდა ზღვებისა და ხმელეთის გავრცელების საკითხებს რუსეთის ბაქნის ფარგლებში. მან პირველმა დააფიქსირა დედამიწის ქერქის მოძრაობის კანონზომიერება (რუსეთის ბაქნის ფარგლებში), რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გეოლოგიის როგორც მეცნიერების აზრის ჩამოყალიბებაში.

XX საუკუნის შუა წლებიდან კიდევ უფრო ძლიერ განვითარდა პალეოგეოგრაფიის აზრი. ამ დარგში მოღვაწეობდნენ ბუნების არაერთი ცნობილი მკვლევარები.

საგანი და მეთოდი რედაქტირება

პალეოგეოგრაფია მეცნიერების დამოუკიდებელი დარგია, რომელსაც გააჩნია საკუთარი კვლევის საგანი, მიზანი და მეთოდი.

პალეოგეოგრაფია მიბჯენილია მეცნიერების სამ დარგთან: გეოგრაფიასთან, გეოლოგიასთან და ბიოლოგიასთან.

განსაკუთრებულად მჭიდროდ იგი დაკავშირებულია ფიზიკურ გეოგრაფიასთან, ისტორიულ გეოლოგიასთან, გეოტექტონიკასთან, ლითოლოგიასთან, პალეონტოლოგიასა და პალეოეკოლოგიასთან.

 
რუსი გეოლოგი -ნიკოლოზ გოლოვკინსკი

როგორც ჩანს რუსეთში პირველად ტერმინი პალეოგეოგრაფია გამოიყენა რუსმა გეოლოგმა ნიკოლოზ გოლოვკინსკიმ 1870 წელს, როგორც გეოლოგიური გეოგრაფიის სინონიმი, ხოლო 1872 წელს დასავლეთში აღნიშნული ტერმინი პირველად გამოიყენა ტომას ჰანტმა, რომელიც თვლიდა, რომ პალეოგეოგრაფია არის უძველესი გეოლოგიური პერიოდების გეოგრაფიული ისტორია.[3]

მკვლევართა უმრავლესობა თვლის, რომ პალეოგეოგრაფია არის უძველესი გეოლოგიური პერიოდების ფიზიკური გეოგრაფია. იგი შეგვიძლია წარმოვიდგინოთ როგორც მეცნიერება, რომელიც შეისწავლის გეოლოგიური წარსულის გეოგრაფიულ გარსს, მის აგებულებას, მდგომარეობასა და ისტორიულ განვითარებას. აკადემიკოსი ანდრია გრიგორიევი, რომელიც არის ფიზიკურ-გეოგრაფიული გარსის ცნების შემქმნელი, პალეოგეოგრაფიას განიხილავდა როგორც დარგს, ურთიერთდაკავშირებულს ატმოსფეროსთან, ჰიდროსფეროსთან, ლითოსფეროსთან და ბიოსფეროსთან. აქედან გამომდინარე ყალიბდება პალეოგეოგრაფიის მთავარი მიზანი — სივრცით-დროებითი აგებულების შესწავლა, შედგენილობა, სტრუქტურა და უძველესი დედამიწის გეოგრაფიული გარსის სტრუქტურისა და კანონზომიერებების განვითარება, ძირითადი გეოსფერული გარსების წარმოქმნა და ევოლუცია.

გეოლოგი ვლადიმერ ბელოუსოვი მიიჩნევდა, რომ პალეოგეოგრაფია არის ისტორიული გეოლოგიის დარგი, აკადემიკოს კონსტანტინე მარკოვს კი მიაჩნდა, რომ პალეოგეოგრაფია არის ზოგადი ფიზიკური გეოგრაფიის ნაწილი. ამგვარი დისკუსიები დიდხანს გრძელდებოდა, ხოლო პალეოგეოგრაფია თანდათან ივითარებდა კვლევის საკუთარ მეთოდსა და საგანს.

რუსი გეოლოგი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლევ რუხინი , თავის სახელმძღვანელოში „ზოგადი პალეოგეოგრაფიის საფუძვლები“, აღნიშნავდა, რომ პალეოგეოგრაფიულად შესასწავლი ობიექტები იგივეა როგორც გეოგრაფების, აგრეთვე გეოლოგებისთვისო, მაგრამ ამავე დროს მისი თქმით გეოლოგი შეისწავლის ამ ობიექტებს მათი თანამედროვე მდგომარეობის გაუთვალისწინებლად, ხოლო გეოგრაფს კი აუცილებლად უნდა ახსოვდეს მიხეილ ლომონოსოვის სიტყვები: „ძველი გეოგრაფია თანამედროვესთანაა დაკავშირებული“, ანუ გეოგრაფი ძველ გეოგრაფიას (პალეოგეოგრაფია) შეისწავლის თანამედროვე გეოგრაფიული მდგომარეობის ახსნის მიზნით. ამრიგად, ასეთ კვლევებში გეოლოგებისა და გეოგრაფების თანამეგობრობა არათუ სასარგებლოა, არამედ აუცილებელიცაა.

ზოგადად პალეოგეოგრაფი ეფუძნება მატერიალური მტკიცებულებების შესწავლას, რომლებიც ატარებენ ინფორმაციას წარსული გეოლოგიური ეპოქების შესახებ. ასეთივე ინფორმაციას შეიცავს რელიეფი, დანალექი ქანები, სადაც იძებნება ფლორისა და ფაუნის, ადამიანის საქმიანობის, ნამარხი ნიადაგის ნარჩენები, კვალი ტექტონიკური მოძრაობებისა, და აგრეთვე, შეისწავლება თანამედროვე კლიმატი, ნიადაგ-მცენარეული საფარი და საერთოდ ლანდშაფტები.

თანამედროვე დროში პალეოგეოგრაფიის „დამოუკიდებლობას“ განაპირობებს შესწავლის მეთოდი, მისი საგანი, ასევე თეორიები და ჰიპოთეზები და სხვა.

პალეოგეოგრაფიის მეთოდი შეიძლება ორ ნაწილად დაიყოს – კერძო და საერთო შესწავლის მეთოდათ. პირველი მათგანი ადგენს ფაქტობრივ მასალას, ხოლო მეორე განიხილება როგორც, საერთო ანალიზირებული შედეგი. ამასთანავე ანალიზირებისთვის იყენებენ გეოგრაფიულ, გეოლოგიურ და სხვა მეთოდებს.

პალეოგეოგრაფიული რუკები რედაქტირება

პალეოგეოგრაფიას საფუძვლად უდევს პალეოგეოგრაფიული რუკების შედგენა.

პალეოგეოგრაფიული რუკები გამოსახავენ გეოლოგიური წარსულის ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს. აღნიშნულ რუკებზე გამოისახება ხმელეთისა და ზღვების მდგომარეობა, მდინარეებისა და ტბების ქსელი, გამყინვარების გავრცელება და სხვა.

პალეოგეოგრაფიული კვლევების საბოლოო შედეგია რუკების შედგენა. თავისი მნიშვნელობის მიხედვით გამოიყოფა:

  • პალეოგეოგრაფიული რუკები;
  • სქემატური რუკები;
  • ესკიზური ჩანახატები;
  • სქემები.

პირველი პალეოგეოგრაფიული რუკების შედგენა დაიწყეს XIX საუკუნე 60-იან წლებში, რომლებიც გამოსახავდნენ თანამედროვე კონტინენტების ადგილზე ძველი ზღვიური აუზების განლაგებას. ამგვარი რუკები შეადგინეს მარკუმ, დანამ, ტრაუტშოლდმა და ინოსტრანცევმა.

1860 წელს მარკუმ შეადგინა მსოფლიოსა და რუსეთის ევროპული ნაწილის რუკა. 1863 წელს ჯეიმზ დანამ შეადგინა ჩრდილოეთ ამერიკის ცარცული პერიოდის პალეოგეოგრაფიული რუკა.

საყოველთაოდ ცნობილი პალეოგეოგრაფიული რუკები შეადგინა რუსმა გეოლოგმა ალექსანდრე კარპინსკიმ (1887-1894 წწ).

ცალკეული პერიოდებისა და და ეპოქების მსოფლიო პალეოგეოგრაფიული რუკები გამოქვეყნდა XIX-XX საუკუნეებსა და XX საუკუნის დასაწყისში. რუკების შედგენაზე მუშაობდნენ ასევე ალბერ ოგიუსტ ლაპარანი, გუსტავ ემილ ოგი, იუზეფ ლუკაშევიჩი და სხვ.

 
ფრანგი გეოლოგი, გუსტავ ემილ ოგი - სორბონაში

აღსანიშნავია, რომ ფრანგმა გეოლოგმა გუსტავ ემილ ოგმა პალეოგეოგრაფიულ რუკებს მიუმატა პალეოტექტონიკური შინაარსიც.

მნიშვნელოვანი იყო აგრეთვე ჩარლზ შუხერტის ჩრდილოეთ ამერიკის პალეოგეოგრაფიული რუკების სერია.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დღესაც გრძელდება პალეოგეოგრაფიულ რუკებზე მუშაობა.

აგრეთვე არსებობს სპეციალური პალეოგეოგრაფიული რუკები, რომლებიც ასახავს გარკვეულ პროცესს, მაგალითად ბუნების კომპონენტს ან ელემენტების კავშირებს, ასეთებია:

  • პალეოტექტონიკური რუკა;
  • პალეობოტანიკური და ფლორისტული რუკა;
  • პალეოფაუნის რუკა;
  • პალეოოლიმნოლოგიური რუკა.

აგრეთვე მეცნიერების მიერ იქმნება სასარგებლო წიაღისეულის წარმოქმნისათის საჭირო პალეოგეოგრაფიული პირობების რუკებიც.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 646.
  • Наливкин Д. В., Учение о фациях, т. 1—2, М;
  • Жижченко Б. П., Методы палеогеографических исследований, Л., 1959;
  • Рухин Л. Б., Основы общей палеогеографии, 2 изд., Л., 1962;
  • Лучицкий И. В., Основы палеовулканологии, т. 1—2, М., 1971.
  • გონგაძე მ. „პალეოგეოგრაფია“, თბ., 2020.
  • მარუაშვილი ლ., „პალეოგეოგრაფიული ლექსიკონი“, მ.,1985.
  • მრევლიშვილი ლ., „ისტორიული გეოლოგია“, წიგნი I, თსუ, 2003.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Гроссгейм В. А., Бескровная О. В., Геращенко И. Л. и др. Методы палеогеографических реконструкций (при поисках залежей нефти и газа), — Л.: Недра,1984.-271 с.
  2. Blakey, Ron. Paleogeography and Geologic Evolution of North America. Global Plate Tectonics and Paleogeography. Northern Arizona University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-06-21. ციტირების თარიღი: 2008-07-04.
  3. 3.0 3.1 Свиточ А. А., Сорохтин О. Г., Ушаков С. А. Палеогеография. высшее профессиональное образование, М., 2004 ст. 7-8