ნინო სალია (დ. 15 ოქტომბერი, 1898, ვარდისუბანი — გ. 1992) — ქართველი ისტორიკოსი.

ნინო სალია
ნინო ქურციკაშვილი
ფაილი:ნინო ქურციკაშვილი-სალია.jpg
ქართველი ისტორიკოსები
დაბ. თარიღი 15 ოქტომბერი, 1898
დაბ. ადგილი ვარდისუბანი
გარდ. თარიღი 1992
მოქალაქეობა სსრკ, საქართველო
საქმიანობა ისტორიკოსი

ბიოგრაფია რედაქტირება

ნინო სალია (ქალიშვილობის გვარი ქურციკაშვილი) დაიბადა კახეთში, სოფელ ვარდისუბანში. სწავლობდა თბილისსა და პეტერბურგში. აღსანიშნავია, რომ I მსოფლიო ომის დროს მოწყალების დად მუშაობდა. 1926 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობდა. ნინო სალია იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და აგრეთვე ქართული კულტურის მნიშვნელოვან საკითხებს.

სწორედ საფრანგეთში, პარიზში გაიცნო და ცოლად გაჰყვა ცნობილ ისოტორიკოსსა და ქართველოლოგს კალისტრატე სალიას. პროფესიით ექიმი იყო, თუმცა ასევე დამთავრებული ჰქონდა ვარშავის უმაღლესი სასწავლებელი ისტორიის განხრით. 1948 წლიდან სალიების ინიციატივითა და სახსრებით და აგრეთვე საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრის დახმარებით, პარიზში გამოვიდა ქართულენოვანი ისტორიული, ლიტერატურული და სამეცნიერო ჟურნალი„ბედი ქართლისა“. 1958 წლიდან ჟურნალს ეწოდა ბედი „ქართლისა – რევიუ დე ქართელოლოჟი“ უფრო ზუსტად კი „ბედი ქართლისა – ქართველოლოგიური მიმოხილვა“. აღნიშნულ სამეცნიერო ჟურნალში სტატიები იბეჭდებოდა ფრანგულ, გერმანულ და აგრეთვე ინგლისურ ენებზე. ასევე აღსანიშნავია, რომ ყოველწლიურად გამოდიოდა ჟურნალის ერთი ან ორი გაერთიანებული ტომი (1984 წელს გამოვიდა ბოლო – 41-ე ტომი).

„ბედი ქართლისამ“ თავის გარშემო შემოიკრიბა უცხოეთში მოღვაწე ქართველოლოგები. ჟურნალში იმ დროს, იბეჭდებოდა აგრეთვე: ქართველი, აზერბაიჯანელი და ჩრდილოეთკავკასიელი საბჭოთა მეცნიერების სტატიები.

აღნშნული ჟურნალი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა უცხოეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ჟურნალის სამეცნიერო საბჭოში, რომლის თავმჯდომარეც კალისტრატე სალია იყო, შედიოდა არაერთი ცნობილი მეცნიერი. ჟურნალის რედაქტორი იყო კალისტრატე სალია, საგამომცემლო და სარედაქციო საქმეში მას გვერდით ერთგულად ედგა მეუღლე – ნინო ქურციკაშვილი-სალია. ჟურნალის მიზანს შეადგენდა საზღვარგარეთ გაფანტული ქართველების გაერთიანება და ერთიანი ეროვნული სულისკვეთების სამსახური. რედაქცია თანამშრომლობისათვის იწვევდა ყველას, ვისაც საქართველოს აწმყო და მომავალი აღელვებდა.

ნინო და კალისტრატე სალიები აქტიურად ეხმარებოდნენ დამწყებ უცხოელ ქართველოლოგებს. აგრეთვე ისინი ცდილობდნენ, სამეცნიერო კვლევები ქართველ მეცნიერებთან მჭიდრო კავშირში ეწარმოებინათ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მათ 1980 წელს, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტს შესწირეს უძვირფასესი ბიბლიოთეკა, რომლის ბაზაზეც შეიქმნა სალიების კაბინეტი–ფონდი. აღნიშნული კაბინეტის წიგნადი ფონდი განსაკუთრებით მდიდარია ქართველოლოგიური და ორიენტალისტური ლიტერატურით, ლექსიკონებით, ენციკლოპედიებითა და სხვა უნიკალური გამოცემებით, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბიბლიოგრაფიულ იშვიათობად არის მიჩნეული.

დღეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გახსნილი ნინო სალიას სახელობის ბიბლიოთეკით ბევრი მეცნიერი სარგებლობს. აქ დაცულია 4400 ერთეული წიგნი და პერიოდული გამოცემა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ, ბერძნულ, ესპანურ, ლათინურ და სხვა ენებზე. მისივე მემორიალურ კაბინეტში ინახება კალისტრატე და ნინო სალიების პირადი ნივთები, რომლებსაც სამუზეუმო ექსპონატის სტატუსი აქვთ მინიჭებული.

ძირითადი სამეცნიერო შრომები რედაქტირება

  1. ქართული მატერიალური კულტურის ძეგლები, 1971.
  2. წმინდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევის შესახებ, 1972.
  3. საქართველო: (ისტორიულ–კულტურული მიმოხილვა), თანაავტორები: კალისტრატე სალია და ვახტანგ ბერიძე, 1972.
  4. პორტუგალიური მასალები ქეთევან დედოფლის წამებაზე, 1973.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება