ნიკოლო ტრიბოლო (Niccolò di Raffaello di Niccolò dei Pericoli, მოკლედ "Il Tribolo"; დ. 1500 — გ. 7 სექტემბერი, 1550) — იტალიელი მანიერისტი ხელოვანი კოზიმო I მედიჩის სამსახურში მის მშობლიურ ფლორენციაში.

ვილა მედიჩეა დი კასტელოს ბაღების გეგმა

ტრიბოლომ თავდაპირველად შეგირდობა ხის მთლელთან დაიწყო, თუმცა მალევე, ჯერ კიდევ მოზარდობის ასაკში, ანდრეა სანსოვინომ საკუთარ თანაშემწედ აიყვანა. ჯიორჯიო ვაზარი საკუთარ "ვიტე"-ში აღნიშნავს ტრიბოლოს მიერ შექმნილ უამრავ ადრეულ ფიგურასა და შადრევანს, რომლებიც დღემდე არ შემორჩენილა. ისევე, როგორც მისი მემკვიდრე კარის ხელოვანი ბერნარდო ბუონტალენტი, ტრიბოლოს შემოქმედება გაცილებით უფრო დიად ხელოვანთა ჩრდილში მოექცა. მაგალითისთვის, XVII და XVIII საუკუნეებში ხელოვნების თაყვანისმცემლები ტრიბოლოს ზოგიერთ ნახაზსა და გეგმას სკულპტურული ანსამბლებისა და კედლის შადრევნებისთვის მიქელანჯელოს მიაკუთვნებდნენ, რაც ტრიბოლოს უსაზღვო ნიჭიერებასა და მის სტილზე მიქელანჯელოს გავლენაზე მიანიშნებდა.