ნიკოლოზ გუმილიოვი

რუსი მწერალი

ნიკოლოზ სტეფანეს ძე გუმილიოვი (რუს. Никола́й Степа́нович Гумилёв; დ. 3 აპრილი, 1886, კრონშტადტი, — გ. 24 აგვისტო, 1921, პეტროგრადი) — რუსი პოეტი. პოეტ ანა ახმატოვას პირველი ქმარი და ისტორიკოს ლევ გუმილიოვის მამა.

ნ. გუმილიოვი

1900-1903 წლებში ცხოვრობდა თბილისში, სწავლობდა თბილისის ვაჟთა გიმნაზიაში. 1906 წლიდან ნიკოლოზ გუმილიოვი ცხოვრობდა პარიზში: ისმენდა ლექციებს ფრანგული ლიტერატურის შესახებ სორბონაში, შეისწავლა მხატვრობა და ბევრი იმოგზაურა. 1909 წელს მონაწილეობა მიიღო რამდენიმე ექსპედიციაში აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში. 1911 წელს ჩამოაყალიბა ლიტერატურული წრე — „ცეხ პოეტოვ“. 1913 წელს აღიარა ახალი მოდერნისტული მიმართულება რუსულ პოეზიაში — აკმეიზმი, გახდა მისი ორგანიზატორი და თეორეტიკოსი. 1914 წლიდან პირველი მსოფლიო ომის ფრონტზე იყო. 1917 წელს რუსულ საექსპედიციო კორპუსს ახლდა საფრანგეთში. 1918 წელს დაბრუნდა პეტროგრადში. არ მიიღო ბოლშევიკური რევოლუცია, რის გამოც ბრალად დასდეს კონტრრევოლუციურ შეთქმულებაში მონაწილეობა და დახვრიტეს.

გუმილიოვის პირველი ლექსი თბილისში გამოქვენდა 1901 წელს გაზეთ „ტიფლისსკი ლისტოკში“. ავტორია ლექსთა კრებულებისა: „კონკისტადორთა გზა" (1905), „რომანტიკული ყვავილები" (1908), „მარგალიტი" (1910), „კოცონი" (1918), „კარავი და ცეცხლოვანი გოდოლი" (1921); მოთხრობათა კრებულისა „პალმის ჩრდილი" (1922); კრიტიკული სტატიების კრებულისა „წერილები რუსული პოეზიის შესახებ" (1923). თარგმნა ბაბილონური ეპოსი „გილგამეში", ვოლტერის, თ. გოტიეს, ოსკარ უაილდის, ჰაინრიხ ჰაინეს და სხვ. ნაწარმოებები. მის თხზულებათა შორის არის საქართველოთი შთაგონებული ლექსებიც.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • Стихотворения. Посмертный сборник, 2 изд., П., 1923; Стихи. Поэмы, Тб., 1988.

ლიტერატურა რედაქტირება

  • რუსული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3, თბ., 1963;
  • Блок А., „Без божества, без вдохновенья“, Собр. соч., т. 6, М.–Л., 1962;